დღეში სულ მცირე 5000 ნაბიჯის გადადგმა ალცჰაიმერის პროგრესირებას ანელებს
ასობით ხანდაზმული მოხალისის ცხოვრების წესის, სამედიცინო მონაცემებისა და ტვინის სკანირების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, ბოსტონში დაფუძნებული ცნობილი სამედიცინო ქსელის, Mass General Brigham-ის, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ფიზიკური აქტივობის ზომიერი დონეც კი შეიძლება საკმარისი იყოს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად. შედეგები მიუთითებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ალცჰაიმერის გაუარესებაში, თუმცა ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ დაავადებაზე გავლენის მოხდენა შედარებით მარტივად არის შესაძლებელი.
ალცჰაიმერის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინის ქერქული ფუნქციების — ინტელექტისა და მეხსიერების — პროგრესირებადი დაქვეითება და ქცევის ცვლილება. მოხუცებულთა დემენციის (მეხსიერების დაქვეითების) მიზეზი ხშირად სწორედ ალცჰაიმერის დაავადებაა: 65 წელს გადაცილებულებს შორის 10-15%-ში გვხვდება, ხოლო 80 წლის შემდეგ — 20%-ში. თანამედროვე თეორიათა თანახმად, ალცჰაიმერის დაავადებას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგჯერ ის მემკვიდრეობითია, ზოგჯერ — სპორადული.
ალცჰაიმერის პროგრესზე ფიზიკური აქტივობის გავლენის გასაგებად, კვლევის ფარგლებში, 296 მონაწილე შეისწავლეს. მონაწილეები 50-დან 90 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც კვლევის დაწყების მომენტში კოგნიტიური დარღვევა არ აღენიშნებოდათ. კვლევა დაახლოებით 14 წელი გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს აკვირდებოდნენ და სხვა ფაქტორებთან ერთად ალცჰაიმერის შესაძლო ნიშნებსაც აკონტროლებენ.
შედეგების მიხედვით, ფიზიკურ აქტივობასა და ამილოიდის დაგროვებას შორის კავშირი არ გამოვლენილა, თუმცა აშკარა კავშირი დაფიქსირდა ტაუს დაგროვებასა და კოგნიტიურ დაქვეითებას შორის. მონაწილეები, რომლებიც დღეში საშუალოდ 5000-დან 7500-მდე ნაბიჯს დგამდნენ, მნიშვნელოვნად ანელებდნენ როგორც ტაუს დაგროვების, ისე კოგნიტიური დაქვეითების ტემპს. აღსანიშნავია, რომ ამ ზღვარს მიღმა ეფექტი აღარ იზრდებოდა — დღეში 7500-ზე მეტი ნაბიჯის გადადგმაც იგივე შედეგს იძლეოდა.
მეორე მხრივ, შედარებით ზომიერმა აქტივობამ — დღეში 3000-დან 5000-მდე ნაბიჯმა — ასევე შეანელა ალცჰაიმერის ნიშნები, ოღონდ შედარებით ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ზომიერად მოვარჯიშე კვლევის მონაწილეები სხვა ჯანსაღ ქცევებსაც მისდევდნენ, რაც მათ შედეგებს ხსნის, ტენდენცია მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობა ალცჰაიმერის პრევენციის ხელმისაწვდომი თერაპიული საშუალება შეიძლება გახდეს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პედომეტრის მსგავსი აქტივობის მონიტორები შეიძლება მარტივ საშუალებას წარმოადგენდეს ამ სარგებლის კონტროლისა და წახალისებისთვის.
რა ხდება ალცჰაიმერის დაავადების დროს?
ალცჰაიმერის დაავადების დროს ატროფირდება თავის ტვინი (მცირდება მისი მოცულობა და წონა), ფართოვდება ქერქის ღარები და პარკუჭები. ყველაზე მეტად ატროფიას განიცდის თხემის, საფეთქლისა და შუბლის წილები. მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს თავის ტვინის ნეირონების, ჰიპოკამპის, ბაზალური ბირთვების ნეირონთა მასიურ დეგენერაციას. ალცჰაიმერის დაავადების დროს ნევროლოგიური სიმპტომები მრავალფეროვანია, ვინაიდან თავის ტვინის სხვადასხვა უბანში ნეირონული დეგენერაცია დისპროპორციულად ხდება.
ავადდებიან საშუალო ასაკის პირები და მოხუცები. დაავადების დასაწყისი შეუმჩნეველია. განსაზღვრულ დრომდე ვერც ავადმყოფი და ვერც ახლობლები ამას ვერ ამჩნევენ. შემდეგ თანდათანობით ვლინდება მნესტიური (მეხსიერების) ფუნქციის მოშლა, ყურადღების, შრომის უნარის დაქვეითება, ინტერესთა წრის შევიწროება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ეჭვიანობა, განგაშის განცდა. თანდათანობით მეხსიერება ისე სუსტდება, რომ ავადმყოფს ავიწყდება ახლობლების, ნათესავების, საგნების სახელები. მერე და მერე იწყება მეტყველების მოშლა. ავადმყოფს უჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, კითხვა (კარგავს ტექსტის გაგების უნარს), წერა. კარგავს გარემოში ორიენტაციის უნარს (ვეღარ აგნებს სახლს, იკარგება), უჭირს მარტივი ყოფითი ამოცანების გადაჭრა, ჩაცმა, საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. მოგვიანებით სტადიაში აფექტური მოშლილობანი ხშირდება: ვლინდება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, ავადმყოფს იპყრობს განგაშის შეგრძნება, შიში, აღმოცენდება ფსიქომოტორული აგზნება, რომელსაც აპათია ენაცვლება. შესაძლოა, განვითარდეს ჰალუცინაციები, ბოდვა (ეჭვიანობის და სხვა). ავადმყოფთა 40%-ს უვითარდება დეპრესია. ასევე, დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებიც.