პროსტატის ადენოკარცინომა – მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპი
პროსტატის კიბო მსოფლიოში მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი სიმსივნეა, ხოლო პროსტატის ადენოკარცინომა მისი უმრავლესობაა. საწყის ეტაპზე დაავადება ხშირად „ჩუმად" მიმდინარეობს, ამიტომ პროფილაქტიკური შემოწმებები გადამწყვეტ როლს თამაშობს: ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა იძლევა მრავალ, ეფექტური მკურნალობის არჩევანს და მაღალია სრულად გამოჯანმრთელების შანსიც.
პროსტატა პატარა ჯირკვალია, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს და ეხმარება სათესლე სითხის წარმოქმნას. პროსტატის ადენოკარცინომა იწყება სწორედ ამ ჯირკვლის სეკრეციულ (გლადულარულ) უჯრედებში. დროთა განმავლობაში გარკვეული გენეტიკური ცვლილებები არღვევს უჯრედების გამრავლებისა და სიკვდილის ბუნებრივ ბალანსს, რის შედეგადაც წარმოიქმნება კერა, რომელიც შეიძლება ნელა, მაგრამ მუდმივად იზრდებოდეს. ჰორმონებს, განსაკუთრებით ტესტოსტერონს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ უჯრედების ქცევაზე, სწორედ ამიტომ ჰორმონული ცვლა და ასაკი ახდენს გავლენას დაავადების განვითარებაზე. კიბო ზოგჯერ რჩება მხოლოდ პროსტატაში (ლოკალიზებული ეტაპი), ხოლო პროგრესირებისას შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქსოვილებსა და ლიმფურ კვანძებზე ან ძვლებზე (მეტასტაზები).
პროსტატის კიბოს საწყის სტადიაზე შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რეგულარული შემოწმება 50 წლის ზემოთ (ან უფრო ადრე, თუ რისკი მაღალია). განვითარებასთან ერთად შემდგომ ეტაპებზე სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა შარდვის სირთულე, შესუსტებული ნაკადი, ღამით ხშირი მოშარდვა, შარდში ან სათესლე სითხეში სისხლის შემჩნევა, ტკივილი მენჯის მიდამოში ან ქვედა ზურგში, მუდმივი დაღლილობა და სისუსტე. რისკფაქტორებს შორის ასაკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - 50 წლის შემდეგ რისკი მკვეთრად იმატებს. ოჯახური ისტორია, როდესაც ახლო ნათესავში პროსტატის ან ძუძუს/საკვერცხის კიბოა, ასევე ზრდის ალბათობას. გენეტიკური ცვლილებები, მათ შორის ზოგი მემკვიდრეობითი მუტაცია და ცხოვრების წესი - დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა და დაუბალანსებელი კვება - უარყოფითად მოქმედებს საერთო რისკზე.
რა საკვირველია, სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს ავტომატურად კიბოს დიაგნოზს, მაგრამ მათი იგნორირება არასოდეს არის სწორი. საუკეთესო გზაა ექიმთან დროული კონსულტაცია.
დიაგნოსტიკა იწყება PSA (Prostate-Specific Antigen) სისხლის ტესტით - ეს მარტივი ანალიზია, რომელიც აფიქსირებს პროსტატის სპეციფიკური ცილის დონეს. მაღალი ან ზრდადი PSA აუცილებლად არ ნიშნავს კიბოს, მაგრამ მოითხოვს დამატებით შეფასებას. პროსტატის ულტრაბგერითი და კვლევის ვიზუალიზაციის მეთოდებით შემოწმება ეხმარება ეჭვის დაზუსტებას და ბიოფსიის მიზანმიმართულ დაგეგმვას. საბოლოო დიაგნოზი კი ყოველთვის დგინდება ბიოფსიით.
მკურნალობის გზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სტადიაზე, მიმდინარეობაზე, PSA-ს დონეზე, ასაკსა და საერთო ჯანმრთელობაზე. მკურნალობის მეთოდები კი მრავალგვარია:
- ქირურგია ანუ რადიკალური პროსტატექტომია გულისხმობს პროსტატის სრულ მოცილებას ლოკალიზებული დაავადების დროს, დღეს გამოიყენება გახსნილი, ლაპაროსკოპიული ან რობოტულად ასისტირებული მიდგომები.
- რადიოთერაპია მოიცავს გარე სხივურ თერაპიას ან ბრაქითერაპიას (რადიოაქტიური „მარცვლების" იმპლანტაცია პროსტატაში) და ხშირად კონკურენტუნარიანი ალტერნატივაა ოპერაციისთვის.
- ჰორმონოთერაპია ანუ ანდროგენ-დეპრივაცია ამცირებს ტესტოსტერონის გავლენას სიმსივნურ უჯრედებზე.
- მიზნობრივი და თანამედროვე სისტემური თერაპიები მოიცავს ახალი თაობის ანდროგენის რეცეპტორის ინჰიბიტორებს, ქიმიოთერაპიას და ზოგ შემთხვევაში PARP-ინჰიბიტორებს გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით.
ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პროსტატის ადენოკარცინომა ხშირად განკურნებადია, ხოლო მოწინავე შემთხვევებშიც კი თანამედროვე კომბინირებული მიდგომები მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს დაავადების კონტროლს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რისკფაქტორი მემკვიდრეობით ან ასაკთანაა დაკავშირებული და ვერ ვაკონტროლებთ, ცხოვრების წესის ცვლილებებმა შეიძლება შეამციროს საერთო რისკი და გააუმჯობესოს პროგნოზი. მუდმივი ფიზიკური აქტივობა და წონის მართვა, დაბალანსებული კვება ბოსტნეულით, ხილით, სასარგებლო მარცვლეულით, შეზღუდული დამუშავებული ხორცითა და ცხიმი, თამბაქოზე უარის თქმა და ალკოჰოლის ზომიერება, ასევე რეგულარული ჩექაფი ოჯახის ექიმთან ან უროლოგთან, განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ (ან უფრო ადრე, თუ ოჯახურ ისტორიაშია პროსტატის კიბო) - ეს ყველაფერი აუმჯობესებს საერთო პროგნოზს.
პროსტატის ადენოკარცინომა გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ „ჩუმი" - ხშირად არ იძლევა აშკარა სიგნალებს საწყის საფეხურებზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური სკრინინგი: PSA-ს კონტროლი, საჭიროებისამებრ ულტრაბგერითი კვლევა და, ეჭვის შემთხვევაში, ბიოფსია.
ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პროსტატის ადენოკარცინომა იშვიათად საჭიროებს აგრესიულ მკურნალობას და მკვეთრად იზრდება წარმატების ალბათობაც. თუ შეამჩნიეთ ცვლილებები ან გაქვთ კითხვები, ნუ გადადებთ – დაიწყეთ საუბარი ექიმთან დღესვე.
R