განწყობის გაუმჯობესების მარტივი გზა
ტეხასის უნივერსიტეტის (არლინგტონი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ ნაკლები ჯდომა აუმჯობესებს კეთილდღეობასა და განწყობას. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Psychology of Sport and Exercise (PSE).
კინეზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, იუე ლიაოს ხელმძღვანელობით ჯგუფი დააკვირდა 350-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებიც იყენებდნენ აქტივობის ტრეკერებს. აღმოჩნდა, რომ იმ დღეებში, როდესაც მონაწილეები მინიმუმ 30 წუთიან უმოძრაო დროს მსუბუქი მოძრაობით - სეირნობით, დალაგებით ან შოპინგით - ანაცვლებდნენ, ისინი მეორე დღეს თავს უფრო ფხიზლად და ენერგიულად გრძნობდნენ.
„არ არის საჭირო იფიქროთ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მარათონი უნდა ირბინოთ ან დაღლილობამდე ივარჯიშოთ“, - განმარტა პროფესორმა ლიაომ. „უბრალოდ ნაკლები ჯდომა და მეტი მოძრაობა უკვე გეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ მეორე დღეს“.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მსუბუქი მოძრაობა - და არა ინტენსიური ვარჯიში - ყველაზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული განწყობის გაუმჯობესებასთან. ზომიერი ან ენერგიული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სირბილი ან ვარჯიში, ასევე ეხმარაბა, მაგრამ ნაკლებად. თუმცა, ხანგრძლივი ჯდომა ან წოლა აქვეითებს სიფხიზლეს.
თუმცა, ძილის ხანგრძლივობას განწყობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
„ჩვენ შევაფასეთ ყველა ყოველდღიური ქცევა - ძილი, აქტივობა, ჯდომის დრო და მსუბუქი მოძრაობა. დღე 24 საათი გრძელდება და თუ ადამიანი უმოძრაო დროის ხარჯზე გაზრდის ფიზიკურ აქტივობას, ეს უკვე გავლენას ახდენს მის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ლიაომ.
მეცნიერებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ეფექტი არ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უფრო აქტიური იყო ადამიანი სხვებთან შედარებით - მის ნორმასთან დაკავშირებული ცვლილებები უფრო მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ ველოდით, რომ ვარჯიში იქნებოდა მთავარი ფაქტორი“, - აღიარა პროფესორმა ლიაომ. „მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსუბუქი, ხელმისაწვდომი მოძრაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არ არის საჭირო ოფლის გამოყოფა - საკმარისია მხოლოდ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი მოძრაობა“.