კიმ კარდაშიანის თქმით, თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა
დიაგნოზის შესახებ კიმმა თავისი რეალითი შოუს, The Kardashians, მეშვიდე სეზონის თიზერში ისაუბრა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იტარებს კიმ კარდაშიანი ტომოგრაფიულ გამოკვლევას. "როგორც ჩანს, პატარა ანევრიზმაა", — ამბობს კიმი რეალითი შოუს სეზონის წინასწარი მიმოხილვის ვიდეოში. სელებრითი იმასაც ვარაუდობს, რომ მისი დიაგნოზი სტრესის შედეგი უნდა იყოს.
კარდაშიანის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია და არ ვრცელდება ინფორმაცია, აქვს თუ არა მას რამე სიმპტომი. არც კარდაშიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის აგენტს და არც ადვოკატს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

რა არის თავის ტვინის ანევრიზმა?
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა არის თავის ტვინში ან მის გარშემო არტერიის სუსტი მიდამოს ამობურცულობა. სისხლის ნაკადის მუდმივი წნევა უბიძგებს დასუსტებულ ადგილს გარე მიმართულებით და ქმნის გამობერილობას. როდესაც სისხლი ამ გამობერილობაში შემოედინება, ანევრიზმა კიდევ უფრო იჭიმება. თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ უმეტესობა წარმოიქმნება მსხვილ არტერიებში თავის ქალას ფუძის გასწვრივ. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმით დაავადებულთა დაახლოებით 10-30%-ს აქვს მრავლობითი ანევრიზმა. ანევრიზმების უმეტესობა მცირეა და არ იწვევს სიმპტომებს.
რა ხდება თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გასკდომისას?
ანევრიზმის გასკდომისას სისხლი იღვრება მიმდებარე ტვინის ქსოვილში. სისხლი შეიძლება ძლიერად დააწვეს ტვინის ქსოვილს და გამოიწვიოს ტვინის შეშუპება. ჩვეულებრივ, სხვა სიმპტომების გარდა, ეს იწვევს ძლიერ თავის ტკივილს. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გასკდომის სიმპტომები მოიცავს:
- ძლიერ თავის ტკივილს;
- გულისრევასა და ღებინებას;
- კისრის კუნთების შებოჭილობას;
- ბუნდოვან ან გაორებულ მხედველობას;
- სინათლის მიმართ მგრძნობელობას;
- კრუნჩხვებს;
- ჩამოშვებულ ქუთუთოსა და გაფართოებულ გუგას;
- ტკივილს თვალის ზემოთ და უკან;
- დაბნეულობას;
- სისუსტეს და/ან დაბუჟებას;
- გონების დაკარგვას.
რა იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის გახეთქვას?
ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის განვითარებას, მისი გახეთქვა და სისხლდენაც შეიძლება გამოიწვიონ. გახეთქვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაღალი წნევაა. მაღალი არტერიული წნევისას სისხლი უფრო ძლიერად „ეხეთქება“ სისხლძარღვების კედლებს. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ არტერიული წნევა და გამოიწვიოს ტვინის ანევრიზმის გახეთქვა, მოიცავს:
- მუდმივი სტრესი ან სხვა ძლიერი ემოციების უეცარი აფეთქება;
- მძიმე შრომა (დაძულობა);
- დადასტურებული არტერიული ჰიპერტენზია, რომლის მკურნალობაც არ ხდება ადეკვატურად, მედიკამენტებით.
შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის ანევრიზმის წინასწარი დიაგნოსტირება?
ანევრიზმის მქონე ადამიანების უმეტესობამ არ იცის ამ დიაგნოზის შესახებ. ექიმმა ის შეიძლება აღმოაჩინოს ტვინის ვიზუალიზაციის კვლევისას, როგორიცაა MRI ან სხვა სამედიცინო მიზეზის გამო ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირების დროს.
კვლევები მოიცავს:
- კომპიუტერული ტომოგრაფია: ეს ხშირად არის პირველი ვიზუალიზაციის კვლევა, რომლითაც დგინდება, გაიჟონა თუ არა სისხლი ტვინში.
- CT ანგიოგრამა (CTA), რომელიც იძლევა თავის ტვინის არტერიებში სისხლის ნაკადის უფრო დეტალურ სურათებს. CTA-ს შეუძლია აჩვენოს დაუზიანებელი ან გამსკდარი ანევრიზმის ზომა, მდებარეობა და ფორმა.
- MRI (მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება): ქმნის ტვინის არტერიების დეტალურ სურათებს და შეუძლია აჩვენოს ანევრიზმის ზომა, მდებარეობა და ფორმა.
- ცერებრული ანგიოგრაფია: ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ნეიროქირურგი ან ინტერვენციული ნეირორადიოლოგი აყენებს კათეტერს საზარდულის ან მაჯის სისხლძარღვში, რათა გადაიღოს კისრისა და ტვინის არტერიების უფრო ზუსტი სურათები. ამ ვიზუალიზაციის ტესტს შეუძლია გამოავლინოს დახშული არტერიები თავის ტვინში ან კისერში. მას ასევე შეუძლია გამოავლინოს ანევრიზმები არტერიაში. კვლევის ამ მეთოდს იყენებენ ტვინში სისხლდენის მიზეზის და ანევრიზმის ზუსტი ადგილმდებარეობის, ზომისა და ფორმის დასადგენად.
- ცერებროსპინალური სითხის (CSF) ტესტი: ეს ტესტი ზომავს ნივთიერებებს იმ სითხეში, რომელიც გარშემორტყმულია და იცავს თავისა და ზურგის ტვინს (ცერებროსპინალურ სითხეს).
ადამიანების დაახლოებით 25%, რომლებსაც უსკდებათ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, იღუპება 24 საათის განმავლობაში. ხოლო ადამიანების დაახლოებით 50% იღუპება გასკდომიდან სამი თვის განმავლობაში, გართულებების გამო.