ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში

საქართველოს შორეულ და ძნელად მისადგომ სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჯანმრთელობის, მათ შორის, რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

სამედიცინო დაწესებულებამდე ხანგრძლივი მგზავრობის აუცილებლობა, ინფორმირებულობის დაბალი დონე, სეზონური შეფერხებები უამინდობის თუ სეზონური ვირუსების გამო, ხშირად ხელს უშლის ქალებსა და ახალგაზრდა გოგოებს მიიღონ მათთვის აუცილებელი და დროული სამედიცინო დახმარება.

ამ ბარიერების დასაძლევად, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს ტელემედიცინის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით.

3w9a2328-2-1761222837.jpg

UNFPA-ის ხელშეწყობით, საქართველოში ორსულ ქალებს შესაძლებლობა მიეცათ მე-5 და მე-7 ანტენატალური ვიზიტები ალტერნატიულად დისტანციურად გაიარონ, კლინიკაში ვიზიტის განხორციელების ნაცვლად. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა დისტანციურად განხორციელებული ვიზიტების სრული შესაბამისობა პირისპირ ანტენატალურ ვიზიტებთან. შედეგად, ქალებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უსაფრთხო და სანდო მომსახურება, კლინიკაში ვიზიტის გარეშე.

აჭარის რეგიონში ტელემედიცინის საპილოტე პროგრამის კოორდინატორია მეან-გინეკოლოგი, მ.იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ანტენატალური მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ზოიძე.

3w9a2280-2-1761222882.jpg

“30-ე წელია ჩვენი კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ვმუშაობ, ვმართავ როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობას და მშობიარობის შემდგომ პერიოდს. მიმაჩნია, რომ მომავალი ციფრული ტექნოლოგიებისაა და ციფრულ მედიცინას, რომელიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დიდი მომავალი აქვს საქართველოშიც. ამის მაგალითია ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკები, რომელთა მნიშვნელობა და საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდპანდემიის და მის შემდგომ პერიოდში”, ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ალტერნატიული დისტანციური ვიზიტების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჰაბის ფუნქციონირება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მეან-გინეკოლოგებს დისტანციურად გაეცნონ კოლეგების მოსაზრებებს ორსულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

“ეს საშუალებას აძლევს ორსულებს, მიუხედავად სხვადასხვა შეზღუდვისა, იქნება ეს დროის დეფიციტი, შორი მანძილი თუ რთული მეტეოროლოგიური პირობები, არ გამოტოვონ

ანტენატალური ვიზიტი და ეხმარება რეგიონის ექიმებს მართონ რთული შემთხვევები დარგის ექსპერტების ჩართულობით”, აღნიშნავს მარიამი.

ექსპერტთა ჰაბი საშუალებას აძლევს ექიმებს ორსულობის გართულებული შემთხვევები მეტი თავდაჯერებით მართონ და უზრუნველყონ ორსული ქალებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი. ექსპერტთა ჰაბის მოდელის მეშვეობით, პროგრამა უზრუნველყოფს დისტანციური კონსულტაციებს და გუნდური მუშაობის ეფექტურად წარმართვას, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების პირობებში.

“როგორც მეან-გინეკოლოგი, პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მომავალ მშობლებს და ვურჩევ ორსულობის დადგომამდე მიმართონ ექიმს, რათა აუცილებლად ჩაიტარონ ე.წ. ჩასახვამდელი კონსულტაცია, რაც საშუალებას იძლევა დროულად იქნეს გამოვლენილი და აღმოფხვრილი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა და თავიდან იქნეს აცილებული ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის შესაძლო გართულებები”, ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ციფრული ჯანდაცვის დანერგვას გარკვეული სირთულეები ახლავს, როგორიცაა მკაფიო პოლიტიკისა და მომხმარებელთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების ნაკლებობა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის საკმარისი დროისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ახალი მოდელების ასათვისებლად, UNFPA-იმ საქართველოში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, ტელემედიცინა გახდა მეტად ხელმისაწვდომი, გასაგები და ფართოდ მიღებული, ტექნოლოგიების, ტრენინგებისა და საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის წყალობით.

ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ონლაინ მოდული, რომელიც ემსახურება ანტენატალური მოვლის სერვისის მიმწოდებელთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებასა, განსაკუთრებით მომავალი დედების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მოდული ეხმარება ანტენატალური მოვლის სერვისის სპეციალისტებს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების დისტანციურად მიწოდებაში, როგორიცაა ანტენატალური მეთვალყურეობა.

ონლაინ ტრენინგისა და ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, ანტენატალური მოვლის მომსახურების მიმწოდებლები სწავლობენ, თუ როგორ შესთავაზონ მომხმარებლებს სერვისი - ტელემედიცინის, მობილური პლატფორმების თუ პირისპირ ვიზიტის საშუალებით - თითოეული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. მოდული ასევე ემსახურება უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვას, ცოდნისა და უნარების გამტკიცებას სამედიცინო ტრენინგებსა თუ სწავლებაში საშუალებით, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის დონეზე მოღვაწე მეან-გინეკოლოგებისთვის.

2024 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეან-გინეკოლოგების 17 პროცენტმა გაიარა განახლებული ონლაინ ტრენინგი და დაეუფლა ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის საშუალებით მიწოდებისთვის საჭირო უნარს.

თავის ახალგაზრდა კოლეგებს მარიამი უსურვებს წარმატებებს მათ მიერ არჩეულ “ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე”.

“მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე, არ შეუშინდნენ სირთულეებს, რომლებიც თან სდევს ჩვენს პროფესიას, და რაც მთავარია, ისიამოვნონ საკუთარი შრომის შედეგით, რადგან არაფერია იმაზე საამაყო, საკუთარი წვლილი შეგქონდეს შენი ერის ჯანმრთელობისა და გამრავლების საქმეში”, ამბობს ის.