კახეთში სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და გადის მკურნალობის კურსს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო ათი დღის ინტერვალში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა. მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ბოლო პერიოდში საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები გახშირდა. იმის მიუხედავად, რომ სოკოთი მოწამვლას სეზონურობა ახასიათებს, ამ პერიოდისთვის სოკოთი მოწამვლის რაოდენობამ სეზონური მოწამვლის ზოგად რაოდენობას გადააჭარბა. სოკოთი მოწამვლის შემთხვევათა გახშირების შემთხვევების შესახებ რამდენიმე დღის წინ საქართველოს კლინიკური ტოქსიკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარემ, თემურ კობიძემ, პრესკონფერენცია ჩაატარა. ტოქსიკოლოგმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სოკოების მოკრეფისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.