როგორ ავიცილოთ თავიდან თავბრუსხვევა წამოდგომისას
საუბარია ორთოსტატულ ჰიპოტენზიაზე - საკმაოდ გავრცელებულ, მაგრამ ცუდად შესწავლილ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც ადამიანს სხეულის პოზიციის უეცარი ცვლილებისას აღენიშნება თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა. ამ შემთხვევაში აღინიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და გულისცემის მომატება. 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის 40%-მდე განიცდის ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომებს.
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება და ხანმოკლეა, თუმცა შეიძლება მძიმე შემთხვევებში გონების დაკარგვაც გამოიწვიოს. ეს სიმპტომებია:
-
თავბრუსხვევა და მსუბუქი გაბრუება (ყველაზე ხშირი სიმპტომი);
-
მხედველობის დაბინდვა ან "დაბნელება";
-
სისუსტე ან დაღლილობის შეგრძნება;
-
გულისრევა;
-
კონცენტრაციის უნარის დროებითი დაქვეითება;
-
გულის წასვლა (სინკოპე) - ყველაზე მძიმე სიმპტომი;
-
იშვიათად: კისრის ან მხრის ტკივილი (ე.წ. "ქურთუკის საკიდის" ტკივილი).
სიმპტომები, როგორც წესი, ძლიერდება დილით ადრე, ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ან დიდი ულუფა საკვების მიღების შემდეგ.
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია არ არის ცალკე დაავადება, არამედ ეს არის არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევა. მისი გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს:
-
დეჰიდრატაცია (გაუწყლოება): ორგანიზმში სითხის ნაკლებობა ამცირებს სისხლის მოცულობას, რაც წნევის დაცემას აადვილებს.
-
მედიკამენტები: ზოგიერთი წამალი აქვეითებს არტერიულ წნევას ან აფერხებს მის რეგულაციას. ესენია:
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (წნევის დამწევები, დიურეტიკები - შარდმდენები);
ანტიდეპრესანტები;
პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები.
-
გულის დაავადებები: ზოგიერთი მდგომარეობა (მაგ., გულის უკმარისობა, რითმის დარღვევა) ხელს უშლის გულს, რომ სწრაფად გადმოტუმბოს საკმარისი სისხლი.
-
ენდოკრინული დარღვევები: დიაბეტი (რომელიც აზიანებს ნერვებს, რომლებიც წნევას არეგულირებენ), ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
-
ნერვული სისტემის დარღვევები (ნეიროპათია): დაავადებები, როგორიცაა პარკინსონის დაავადება ან მრავლობითი სისტემური ატროფია, აზიანებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რომელიც წნევის ავტომატურ რეგულაციაზეა პასუხისმგებელი.
-
ხანგრძლივი წოლა: საწოლში ხანგრძლივი დაყოვნება იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეკონდიცირებას.
სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მოერიდოთ ფაქტორებს, რომლებიც ამძიმებს ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას:
-
სხეულის პოზიციის უეცარ ცვლილებას: არ წამოდგეთ სწრაფად საწოლიდან ან სკამიდან.
-
ხანგრძლივ დგომას: ეს ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურებში.
-
ალკოჰოლის მიღებას: ალკოჰოლი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და დეჰიდრატაციას.
-
ჭარბ სითბოს: ცხელი აბაზანა, შხაპი ან ძალიან ცხელი ამინდი აფართოებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას.
-
დიდი რაოდენობით ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს: ჭარბი კვების შემდეგ სისხლი მიედინება საჭმლის მომნელებელ სისტემაში (პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია), რაც ორგანიზმში საერთო წნევას აქვეითებს.
როგორც წესი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით დაავადებულებს ურჩევენ ნელა და თანდათანობით შეცვალონ სხეულის პოზიცია, ასევე - მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე.
კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარებმა წარმატებით გამოსცადეს ორი ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ტექნიკა, რათა თავიდან იქნას აცილებული არტერიული წნევის ვარდნა და ორთოსტატული ჰიპოტენზიის სიმპტომები ფეხზე წამოდგომის შემდეგ. ორივე მეთოდი მიზნად ისახავს სხეულის ქვედა ნაწილის კუნთების გააქტიურებას.
პირველი მეთოდი ასეთია: მჯდომარე პოზიციიდან ადგომამდე საჭიროა რამდენჯერმე აწიოთ ფეხები, მოხაროთ მუხლებში და ჩამოწიოთ ასე მოხრილი ფეხები 30 წამის განმავლობაში, ამგვარად დაჭიმოთ ბარძაყის კუნთები.
მეორე მეთოდი არის ის, რომ ადგომისთანავე უნდა გადააჯვარედინოთ ფეხები და მაქსიმალურად დაჭიმოთ ბარძაყისა და დუნდულოების კუნთები 30 წამის განმავლობაში.