რა რისკების შემცველია მჭიდრო ტანსაცმლის ტარება
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მჭიდრო ტანსაცმელში თავს შეიძლება კომფორტულადაც გრძნობდეთ, არ არის გამორიცხული, ამ ტიპის სამოსმა გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
როცა ტანსაცმელი ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს, დიდი ალბათობით, უკვე "ზედმეტად მჭიდროს" ზღვარს გადააბიჯეთ. ეს შეიძლება შემდეგი ნიშნებით გამოვლინდეს:
- კანის სიწითლე და ზოლები;
- კანის გაღიზიანება;
- დაბუჟება ან ჩხვლეტა;
- სუნთქვის გაძნელება;
- მოძრაობის შეზღუდვა.
რა ტიპის ტანსაცმელს შეიძლება ჰქონდეს ასეთი გავლენა?
ნებისმიერ ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელს შეუძლია დისკომფორტისა და პოტენციური ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა. ზოგიერთი ასეთი სამოსი შეიძლება იყოს:
- მჭიდრო შარვლები ან ჯინსები — მათ შორის, სპორტული ლეგინსები;
- ქამრები;
- ბიუსტჰალტერები — როგორც ჩვეულებრივი, ისე სპორტული;
- ბანდაჟები;
- კორსეტის სტილის ზედები.
შეიძლება თუ არა მჭიდრო ტანსაცმლის ტარებამ რაიმე კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს?
ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისას ხშირად ჩნდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა კანის გაღიზიანება და ტკივილი — ეს გამოწვეულია სხეულზე ფიზიკური ზეწოლით. ასევე, შეიძლება შეამჩნიოთ კვალი იმ ადგილებზე, სადაც ტანსაცმელი კანს აჭერს. უფრო სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს რაც შეეხება, მჭიდრო ტანსაცმლის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს:
კუჭ-ნაწლავის პრობლემები
მჭიდრო ტანსაცმელს, ასევე ქამრებს, შეუძლია გააუარესოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), კრონის დაავადება და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD). გარდა ამისა, თუ გაქვთ დაავადება, რომელიც შებერილობას იწვევს, მჭიდრო ტანსაცმელმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მონელებაზე და სიმპტომები გაამწვავოს.
სოკოვანი ინფექციები
მჭიდრო შარვლების ან ფორმის მაკორექტირებელი ტანსაცმლის ტარებამ შეიძლება სოკოვანი ინფექციები გამოიწვიოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მჭიდრო ტანსაცმელში ჰაერი ნაკლებად ან თითქმის არ მოძრაობს. ინფექციის რისკი იზრდება მაშინ, როცა ტანსაცმელში ოფლიანდებით ან სველ სპორტულ ტანსაცმელს და საცურაო კოსტიუმს დროულად არ იცვლით.
ნერვის დაზიანება
სხვადასხვა კვლევა მიუთითებს, რომ მჭიდრო ტანსაცმელმა და ქამრებმა შეიძლება ხერხემლის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს და ადამიანს პარესთეზიული მერალგია განუვითარდეს. პარესთეზიული მერალგია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ჩხვლეტის შეგრძნებით, მგრძნობელობის დაქვეითებითა და წვის შეგრძნებით ბარძაყის არეში. მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი იმ ნერვზე ზეწოლაა, რომელიც განაპირობებს ბარძაყის კანზე მგრძნობელობის აღქმას.
სხვა რისკები
- კანის გაღიზიანება;
- გაწითლება და ქავილი;
- კისრის, მხრებისა და გულმკერდის ტკივილი;
- ინფექციები;
- ქრონიკული შეკრულობა ან დიარეა;
- თავის ტკივილები.