მამაკაცი, რომელმაც ლატარიაში 1 მილიონი ფუნტი მოიგო, საავადმყოფოში აღმოჩნდა
ინგლისის ქალაქ ნორვიჩის მცხოვრებმა, 39 წლის მშენებელმა ადამ ლოპესმა 2025 წლის ივლისში ლატარიის ბილეთით 1 მილიონი ფუნტი მოიგო. მოგების მიღების შემდეგ, მან სამსახური დატოვა და ყოველდღიურად საღამოს წვეულებებს აწყობდა. 10 სექტემბერს კი ის საავადმყოფოში მოათავსეს - იტყობინება Daily Star.
ლატარიის მილიონერს ორივე ფილტვის ემბოლია (ფილტვის სისხლძარღვის ბლოკირება) დაუდგინდა. თრომბი თავდაპირველად ფეხში გაჩნდა, შემდეგ კი ფილტვზე გავრცელდა. მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან სუნთქვა და სიარული არ შეეძლო. ლოპესმა რვანახევარი დღე საავადმყოფოში გაატარა.
„ვიცოდი, რომ საბოლოოდ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, უნდა დასრულებულიყო. და ეს თითქმის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგით დასრულდა, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს დიდი გამოფხიზლების ზარი იყო“, - იხსენებს გადარჩენილი. ლოპესი აღიარებს, რომ დიდმა თანხამ მას საშუალება მისცა „ისეთი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორიც აქამდე არ შეეძლო“ და მან არასწორი გზა აირჩია. ახლა ლატარიის მილიონერი სამსახურიდან წასვლას ნანობს, რადგან ამან მისი ყოველდღიური რუტინა დაარღვია. ამ ეტაპზე ლოპესი ჯანმრთელობაზე გაამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ ექვს-ცხრა თვეში გამოჯანმრთელდება.
პირველი ადამიანი, ვისაც „იღბლიანმა“ მამაკაცმა მოგების შესახებ უამბო, დედამისი იყო. ლოპესი მასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს.
„ასეთი რთული პერიოდის“ შემდეგ ლოპესმა მადლიერება გამოხატა სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომლებმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს: „ეს ყველაფერი უბრალოდ გაიძულებს, ცხოვრებას ორი მხრიდან შეხედო, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, მილიონი გაქვს, 100 მილიონი, მილიარდი თუ ტრილიონი - როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანის საკაცეზე ხარ, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა“.
რა იწვევს ფილტვის ემბოლიას
ფილტვის ემბოლიის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი არის სისხლის კოლტების ფორმირება, რომელიც ჩვეულებრივ ყალიბდება ქვემო კიდურებში ან მენჯის ვენებში, როდესაც სისხლის მიმოქცევა შენელებულია, ან ჩერდება, როგორც ეს შესაძლებელია, მოხდეს ერთ პოზიციაში ხანგრძლივად დგომის დროს, რისკი იზრდება პაციენტებში ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ან სერიოზული ქირურგიული ოპერაციების შემდეგაც; ასევე პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არიან მჯდომარე პოზიციაში და არ მოძრაობენ (მაგალითად თვითმფრინავით მგზავრობისას). ბევრად უფრო იშვიათად სისხლის კოლტები ყალიბდება ზედა კიდურებში ან გულის მარჯვენა ნახევარში. როდესაც კოლტი დაიშლება სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, იგი აღწევს ფილტვებში.
მცირე ზომის ფილტვის ემბოლიისას სიკვდილიანობის რისკიდაბალია. თუმცა მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი გარდაცვალება. სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა დგება ემბოლიის ჩამოყალიბებიდან 1-2 საათში, დიაგნოსტირებამდე. ცოცხალ პაციენტებში დროულად გამოვლენისას გადარჩენის შანსი 95%-ია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ემბოლიის ზომა, რაოდენობა, ბლოკირებული ფილტვის არტერიების მოცულობა და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.