მეცნიერებმა, ჰოკეის მატჩის ყურებისას, გულშემატკივართა ტვინში „შეიხედეს“
ჰოკეის დაძაბული მატჩის დროს, თავდადებულ გულშემატკივრებში, ჩვეულებრივი მაყურებლებისგან განსხვავებით, აქტიურდება ტვინის სრულიად განსხვავებული უბნები. ეს ვატერლოოს უნივერსიტეტის კანადელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports (SR).
ფუნქციური ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდის გამოყენებით, მკვლევარები დააკვირდნენ ტვინის აქტივობას 20 მონაწილეში, რომლებიც უყურებდნენ ევროპულ პროფესიონალურ ჰოკეის მატჩს. შედეგებმა აჩვენა, რომ თავდასხმის ზონაში დაპირისპირების დროს - მომენტები, რომლებიც თამაშის სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს - თავგადაკლულ გულშემატკივრებში აქტიურად მუშაობდა ტვინის დორსომედიალური პრეფრონტალური ქერქი.
„ეს ის სფეროა, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ ჩართულობასთან და ანალიტიკურ აზროვნებასთან“, - განმარტა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა ლუკ პოტვარკამ. — ჩართული გულშემატკივრები აღიქვამდნენ ასეთ მომენტებს, როგორც პოტენციურად საბედისწეროს, ხოლო ჩვეულებრივი მაყურებლები უბრალოდ არ ანიჭებდნენ მათ მნიშვნელობას. საინტერესოა, რომ ჯგუფებს შორის გოლების ან დარტყმების დროს თითქმის არ იყო განსხვავებები ტვინის აქტივობაში, ალბათ იმიტომ, რომ ეს მომენტები გასაგებია დამწყებთათვისაც კი, მაგრამ შაიბის გათამაშება იწვევდა კოგნიტური დაძაბულობის ზრდას.
”ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რა ხდება ჩვენს თავში”, - დასძინა პოტვარკამ. "და ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევიხედოთ მაყურებლის ქვეცნობიერში სწორედ მატჩის დროს."
დასკვნებმა უკვე მიიპყრო სპორტული სატელევიზიო არხებისა და მარკეტოლოგების ყურადღება: იმის უკეთ გააზრებამ, თუ როდის და რატომ ჩაერთვება მაყურებელი რეალურად თამაშში, შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მაუწყებლობის მიწოდება.
”ეს მხოლოდ დასაწყისია”, - თქვა კვლევის თანაავტორმა, აპირანტმა ადრიან საფატიმ. ”ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას სპორტის სხვა სახეობებზე, რათა გავიგოთ, მაუწყებლებმა როგორ მიიპყრონ მაყურებლის ყურადღება და გახადონ მატჩის ყურება დაუვიწყარი.”
ჰოკეის შეუძლია გულშემატკივრების გულის შეტევამდე მიყვანა
საყვარელი გუნდის გამარჯვების სიხარულიც და მისი წაგების შემთხვევაში სასოწარკვეთა - მთელი ეს მძაფრი ემოცია უარყოფითად მოქმედებს გულზე.
მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევართა სტატია გამოქვეყნდა Canadian Journal of Cardiology-ში.
წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე გულშემატკივრებს, სპორტული შეჯიბრებების ყურებისას, აქვთ გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების გაზრდილი რისკი. ასევე არსებობს სამეცნიერო მონაცემები საფეხბურთო ჩემპიონატების დროს აქტიურ მაყურებელთა შორის ინფარქტის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ. თუმცა, როგორ მოქმედებს ჰოკეის შეჯიბრებები გულშემატკივრების გულზე, ჯერ არ არის შესწავლილი.
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მეცნიერებმა 36-დან 56 წლამდე ასაკის 20 ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი, ჰოკეის გუნდის "Montreal Canadiens"-ის გულშემატკივარი მიიწვიეს.
კვლევის დაწყებამდე ყველა მათგანმა შეავსო კითხვარი, რომელიც მკლვევარებს საშუალებას აძლევდა შეეფასებინათ არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობა, არამედ „გულშემატკივრობის“ პროცესში ჩართულობის ხარისხი. ექსპერიმენტის დროს მონაწილეთა ნახევარი ტრიბუნებზე იჯდა და უყურებდა საყვარელ გუნდს ცოცხლად, მეორე ნახევარი კი ტელევიზორში „გულშემატკივრობდა“. ამავდროულად, მონაწილეთა სხეულზე დამაგრებული ელექტროდები მკვლევარებს საშუალებას აძლევდნენ რეალურ დროში დაენახათ, როგორ რეაგირებდა მათი გული მოვლენებზე.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ ჰოკეის მატჩები გულშემატკივართა გულებს სერიოზულ დატვირთვას უქმნის. როდესაც ისინი უყურებდნენ რა ხდებოდა ყინულზე, მათი გულისცემა საშუალოდ თითქმის ორჯერ იზრდებოდა. მეტიც, ტრიბუნებზე მჯდომი გულშემატკივრების გული განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებდა საყვარელი გუნდის გამარჯვებებსა და მარცხებზე. თუ მათ, ვინც მატჩებს ტელევიზორში უყურებდა, პულსი გაეზარდა საშუალოდ 75%-ით, რაც შეესაბამება ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, მაშინ ტრიბუნებიდან მატჩის მაყურებლების გულისცემა საშუალოდ 110%-ით გაიზარდა, რაც შეესაბამება ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას.
- ამგვარად, მკვლევარები ასკვნიან, რომ საყვარელი გუნდის მონაწილეობით მატჩზე დასწრება გულშემატკივრებისთვის დიდი ემოციური სტრესია, რასაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები გულსა და სისხლძარღვებზე. კარდიოლოგებმა უნდა გააფრთხილონ ჰოკეის მოყვარული პაციენტები, ზედმეტი სტრესი ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს, აღნიშნავენ მეცნიერები. თავად გულშემატკივრებმა ეს არ უნდა დაივიწყონ, განსაკუთრებით ჰოკეის ეროვნული ლიგის სეზონის დაწყების გათვალისწინებით.
მაგრამ რატომ აქვს ჰოკეის ასეთი გავლენა ჯანმრთელობაზე? ეს არ არის სპორტის სახეობაზე, ან თუნდაც სპორტზე, როგორც ასეთზე, დამოკიდებული.
რაც უფრო მაღალია ნებისმიერი მოვლენის მნიშვნელობა, რაც უფრო პიროვნულად აღიქვამს მას ადამიანი, მით უფრო აისახება ეს ჯანმრთელობაზე. თუ ჯანმრთელ ადამიანს სისტემატურად და ინტენსიურად აწუხებს რაიმე, ეს ნამდვილად მოქმედებს გულზე. მგრძნობიარე ადამიანები მიდრეკილნი არიან არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა, არამედ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისკენაც.