გენეტიკურად დეპრესიის რისკი ქალებში ორჯერ მაღალია, ვიდრე კაცებში — კვლევა
ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა დეპრესიით დაავადებული დაახლოებით 200,000 ადამიანი ავსტრალიიდან, ევროპიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან, მეცნიერებმა ქალების დნმ-ში დეპრესიასთან დაკავშირებული თითქმის ორჯერ მეტი გენეტიკური საფრთხის ნიშანი აღმოაჩინეს, ვიდრე კაცების დნმ-ში.
კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში დეპრესიის გამომწვევ 6000 გენეტიკურ ვარიანტთან ერთად არსებობს დამატებით 7000 ისეთი ვარიანტი, რომლებიც მათ კაცებთან აქვთ საერთო — რაც შესაძლოა ხსნიდეს იმას, თუ რატომ არის ქალებში დეპრესიის რისკი ორჯერ მაღალი. შესაბამისად, შედეგები მიუთითებს, რომ გენეტიკური ფაქტორები დეპრესიის რისკის ფორმირებაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალებში, ვიდრე კაცებში.
"ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცხოვრების განმავლობაში ქალებს დეპრესიის განვითარების რისკი ორჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე კაცებს. ასევე ვიცით, რომ დეპრესია თითოეულ ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. აქამდე არ არსებობდა თანმიმდევრული კვლევები, რომლებიც ახსნიდა, რატომ მოქმედებს დეპრესია ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულად, მათ შორის, გენეტიკური ფაქტორების შესაძლო როლის გათვალისწინებით. დღითიდღე მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ მრავალი მედიკამენტი, რომლებიც დღეს გამოიყენება, ისევე როგორც დიდი ნაწილი არსებული სამეცნიერო კვლევებისა, ძირითადად კაცებზე ან კაც მონაწილეებზე იყო ფოკუსირებული. კვლევამ კი შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ უმკურნალებენ დეპრესიას ქალებში სამომავლოდ" — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და უფროსმა მკვლევარმა, ბრიტანი მიჩელმა.
კვლევის შედეგად აღმოჩენილი გენეტიკური განსხვავებები მეცნიერებს იმის ახსნაშიც შეიძლება დაეხმაროს, თუ რატომ აქვთ დეპრესიით დაავადებულ ქალებს მეტაბოლური სიმპტომები უფრო ხშირად — მაგალითად, წონის ცვლილება ან ენერგიის დონის რყევა. კვლევის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეპრესია კაცებსა და ქალებში განსხვავებულად ვლინდება. ქალებში უფრო ხშირი იყო ისეთი სიმპტომები, როგორიცაა წონის მომატება, დღის განმავლობაში ჭარბი ძილიანობა და მადის გაძლიერება, ხოლო კაცებში უფრო ხშირად ფიქსირდებოდა გაღიზიანებადობა და აგრესია.