აღმოაჩინეს უმოძრაო ცხოვრების წესის შეუქცევადი ზიანი
კვლევის შედეგები, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 730 ტყუპი, გამოქვეყნდა ჟურნალში – PLOS One.
კვლევის მიხედვით, ფიზიკური აქტივობის მინიმალური რეკომენდაციების დაცვაც კი – დაახლოებით 20 წუთი ზომიერი ვარჯიში დღეში – არ გამორიცხავს უმოძრაო ცხოვრების წესით გამოწვეულ ზიანს. ხანგრძლივი ჯდომა ასოცირდება ჯანმრთელობის უარეს ინდიკატორებთან, როგორიცაა ქოლესტერინის დონე და სხეულის მასის ინდექსი (BMI), რაც ხელს უწყობს დაბერების დაჩქარებას.
კვლევის მეთოდი მოიცავდა 28-49 წლის მონაწილის, მათ შორის, იდენტური ტყუპების მონაცემების ანალიზს, რომლებსაც ბავშვობიდან აკვირდებოდნენ. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისხდნენ დღეში საშუალოდ ცხრა საათი და კვირაში 160 წუთამდე ზომიერ ფიზიკურ აქტივობას ატარებდნენ. ეს მონაცემები დაეხმარა მკვლევარებს, გამოეყოთ კავშირი ჯდომისას გატარებულ დროსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს შორის.
ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, რომლებიც დღეში 8,5 საათზე მეტხანს ისხდნენ და ვარჯიშობდნენ მინიმალურ ან დაბალ დონეზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების რისკი. ამავდროულად, სამუშაო დღის შემდეგ სწრაფი სიარული არ იყო საკმარისი ხანგრძლივი ჯდომის უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად.
ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას უფრო გამოხატული ეფექტი ჰქონდა. მათ, ვინც დღეში 30 წუთის განმავლობაში დარბოდა ან ველოსიპედით მოძრაობდა, ქოლესტერინის დონე და BMI მსგავსი იყო 5-დან 10 წლამდე უმცროსი ადამიანების. თუმცა, ინტენსიური ვარჯიშიც კი სრულად ვერ ანაზღაურებს უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგებს. დასასრულ, მკვლევარები გვირჩევენ სამსახურში ჯდომის დროის შემცირებას, მაღალი მაგიდების გამოყენებას და სეირნობის, შეხვედრების ორგანიზებას.