მეცნიერებმა, პირველად მედიცინის ისტორიაში, ადამიანის კანის დნმ-დან ემბრიონი შექმნეს
ამ ტექნიკას შეუძლია დაძლიოს სიბერით ან დაავადებით გამოწვეული უნაყოფობა, და ამისთვის გამოიყენოს სხეულის თითქმის ნებისმიერი უჯრედი, როგორც სიცოცხლის საწყისი.
მეთოდს მნიშვნელოვანი დახვეწა სჭირდება (რასაც შეიძლება ათწლეული დასჭირდეს) ვიდრე რეპროდუქტოლოგიური მიმართულების კლინიკა მის გამოყენებას შეძლებს.
ექსპერტების თქმით, ეს შთამბეჭდავი გარღვევაა, მაგრამ საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა ჩატარდეს იმის შესახებ, თუ რას ქმნიდა მეცნიერება.

რეპროდუქცია ადრე მამაკაცის სპერმის ქალის კვერცხუჯრედთან შეხვედრის მარტივი ისტორია იყო. ისინი ერწყმიან ემბრიონის შესაქმნელად და ცხრა თვის შემდეგ ბავშვი იბადება.
ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. ეს უახლესი ექსპერიმენტი ადამიანის კანით იწყება.
ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მიერ მიგნებული ახალი ტექნიკა კანის უჯრედიდან იღებს ბირთვს - რომელიც შეიცავს სხეულის ასლისთვის საჭირო მთელი გენეტიკური კოდის ასლს.
შემდეგ ეს კოდი თავსდება დონორის კვერცხუჯრედში, რომელსაც არ აქვს გენეტიკური მასალა.
ჯერჯერობით, ტექნიკა მსგავსია იმ ტექნიკისა, რომელიც გამოიყენეს ცხვრის, დოლის - მსოფლიოში პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის - შესაქმნელად, რომელიც 1996 წელს დაიბადა.
თუმცა, ასეთი კვერცხუჯრედი არ არის მზად სპერმატოზოიდით განაყოფიერებისთვის, რადგან ის უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ კომპლექტს - 46 ქრომოსომას.
ზოგადად, მემკვიდრეობით ვიღებთ 23 ქრომოსომას თითოეული მშობლისგან, სულ 46-ს, ამ ექსპერიმენტულ კვერცხუჯრედს კი უკვე აქვს 46 ქრომოსმომა.
ამიტომ შემდეგი ეტაპია კვერცხუჯრედის დარწმუნება, რომ გადაყაროს ქრომოსომების ნახევარი და ამ პროცესს მკვლევარებმა „მიტომეიოზი“ უწოდეს (სიტყვა ნიშნავს მიტოზისა და მეიოზის შერწყმას, უჯრედების დაყოფის ორ გზას).
ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეიქმნა 82 ფუნქციური კვერცხუჯრედი. ისინი განაყოფიერდა სპერმით და ზოგიერთი მათგანი ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპებზე გადავიდა. არცერთი არ განვითარდა ექვსდღიან ეტაპს მიღმა.
„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა“, - თქვა პროფესორმა შუხრატ მიტალიპოვმა, ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ემბრიონული უჯრედებისა და გენური თერაპიის ცენტრის დირექტორმა.
კვერცხუჯრედი შემთხვევით ირჩევს, რომელი ქრომოსომები გადაყაროს. დაავადების თავიდან ასაცილებლად, მას 23 წყვილიდან თითოეული უნდა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ ხდება ისეც, რომ გვრჩება ერთი ტიპის 2 ქრომოსმომა და მეორე ტიპის - არცერთი.

წარმატების მაჩვენებელი დაბალია (დაახლოებით 9%) - ქრომოსომებმა გამოტოვეს დნმ-ის ურთიერთგაცვლის მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც კროსინგოვერი ეწოდება.
პროფესორმა მიტალიპოვმა, ამ სფეროს მსოფლიოში ცნობილმა პიონერმა, განაცხადა: „ჩვენ ეს უნდა დავხვეწოთ“.

პროფესორი მიტალიპოვი
„საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მომავალი სწორედ ეს არის, რადგან სულ უფრო მეტი პაციენტი ვერ აჩენს შვილებს.“
ეს ტექნოლოგია მზარდი სფეროს ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სპერმისა და კვერცხუჯრედების სხეულის გარეთ წარმოებას, რაც ცნობილია როგორც ინ ვიტრო გამეტოგენეზი.
მიდგომა ჯერ კიდევ სამეცნიერო აღმოჩენის დონეზეა და არა კლინიკური გამოყენებისა, მაგრამ მისი მიზანია დაეხმაროს იმ წყვილებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ისარგებლონ ინ ვიტრო განაყოფიერებით, რადგან მათ არ აქვთ ვარგისი სპერმა ან კვერცხუჯრედები.
ამ აღმოჩენას შეუძლია დაეხმაროს ხანდაზმულ ქალებს, რომლებსაც აღარ აქვთ სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედები, მამაკაცებს, რომლებიც არ გამოიმუშავებენ საკმარის სპერმას ან იმ ადამიანებს, რომლებიც ონკოლოგიური პათოლოგიის მკურნალობამ უნაყოფო გახადა.
ჰალის უნივერსიტეტის რეპროდუქციული მედიცინის პროფესორმა, როჯერ სტურმიმ, განაცხადა, რომ სიახლე „მნიშვნელოვანი“ და „შთამბეჭდავია“.
მან დასძინა: „ამავდროულად, ასეთი კვლევა აძლიერებს საზოგადოებასთან ღია დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას რეპროდუქციული კვლევის ახალი მიღწევების შესახებ.
ედინბურგის უნივერსიტეტის რეპროდუქციული ჯანმრთელობის MRC ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიჩარდ ანდერსონმა, განაცხადა, რომ ახალი კვერცხუჯრედების გენერირების შესაძლებლობა „მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება“.
მან თქვა: „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ ეს კვლევა არის ნაბიჯი ბევრი ქალის დასახმარებლად, რომ მათ საკუთარი გენეტიკური შვილები ეყოლოთ“.