თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მართვაში
ავტორები:
თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი - პროფ. მარინე გორდელაძე
თსსუ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი ნათია ლაბარტყავა

პროფესორი მარინე გორდელაძე
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში გლუკოზის მატებით მიმდინარე დაავადება.ქრონიკული ჰიპერგლიკემია ადამიანის ორგანიზმში იწვევს მთელ რიგ გართულებებს სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ.დღეისათვის მთელს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი დიაგნოსტირებული აქვს 537 მლნ ადამიანს.ითვლება,რომ მსოფლიო მოსახლეობის იმავე რაოდენობას აქვს დაუდასტურებული შაქრიანი დიაბეტი.
დიაბეტის მართვის მთავარი ამოცანაა გლუკოზის დონის ნორმალიზება და დღე-ღამის განმავლობაში მისი მერყეობის თავიდან აცილება.ამიტომ,ყველა დიაბეტიან პირს უნდა ჰქონდეს სისხლში გლუკოზის სწრაფი და სწორი განსაზღვრის საშუალება.
ამ მიზნით პაციენტების მიერ ფართოდ გამოიყენება გლუკოზის მონიტორინგის ხელსაწყო-გლუკომეტრი,რომლის საშუალებით ნებისმიერ მომენტში შეიძლება გლუკოზის განსაზღვრა.აღნიშნული დაკავშირებულია თითის ჩხვლეტასთან,რაც გარკვეულად ზღუდავს მის მრავალჯერად გამოყენებას.
გარდა ამისა,მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს თავისი გლუკოზის დონე არამხოლოდ კონკრეტულ მომენტში ,არამედ დღის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში,რადგან სისხლში გლუკოზის დონე ცვალებადია სხვადასხვა ფაქტორების -კვების, ფიზიკური აქტივობის, სტრესის,მედიკამენტებისა და ძილის ხარისხის მიხედვით. ამავე დროს, დიაბეტიანი პირის ნახშირწყლოვანი ცვლის ოპტიმიზაციისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გლიკემიის ცვალებადობის-ვარიაბელობის თავიდან აცილებას და მისი მონაცემების მაქსიმალურ სიახლოვეს სამიზნე დიაპაზონთან, რაც მოითხოვს გლუკოზის მრავალჯერად განსაზღვრას.ბუნებრივია, ეს მოთხოვნა ვერ მიიღწევა გლიკემიის დღე-ღამეში თუნდაც 8-10-ჯერადი გაზომვით. ამ ამოცანას ყველაზე უკეთ პასუხობს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა(CGM), რომელიც ფართოდ გამოიყენება დიაბეტოლოგიაში.
რას წარმოადგენს იგი?
CGM სისტემა არის არაინვაზიური უკაბელო გლუკომეტრი,რომელიც შედგება სენსორისა და მიმღებისგან .სენსორი არის მცირე ზომის (3 სმ-მდე) მოწყობილობა .მაგრდება მხრის უკანა ზედაპირზე. მისი დანიშნულებაა გლიკემიის დაფიქსირება.იგი ახდენს გლუკოზის უწყვეტ განსაზღვრას ყოველ 5 წთ-ში ანუ დღე-ღამეში 288-ჯერ. სენსორიდან მიღებულ ინფორმაციას მიმღები ასახავს მონიტორზე.
ამისთვის საკმარისია მიმღები მიიტანოთ სენსორიდან 2-4 სმ-ის დაშორებით (ტანსაცმლის ზემოდანაც კი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კონკრეტულ მომენტში გლუკოზის დონის გარდა მონიტორზე ისრით გამოისახება გლიკემიის ტრენდი ანუ სისხლში გლუკოზის მატების ან კლების ტენდეცია. თუ სისხლში გლუკოზის დონე სცილდება გლიკემიის ექიმთან ერთად შერჩეულ დიაპაზონს მაგ. 80-180მგ/დლ, ირთვება ხმოვანი განგაშის სიგნალი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს, როგორც გლუკოზის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია),ასევე მომატება (ჰიპერგლიკემია).
რა უპირატესობები აქვს CGM სისტემას?
- გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება;
- გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის შემცირება და გლუკოზის დონის სტაბილიზაცია;
- ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის პრევენცია;
- გლიკემიის ტენდეციების და დინამიკის ანალიზის შესაძლებლობა;
- პაციენტის თვითკონტროლის უნარჩვევების გაუმჯობესება, აღნიშნულის გამო, მცირდება დაავადების მართვისგან გამოწვეული სტრესი და უმჯობესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ექიმისათვის კი იზრდება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მკურნალობის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, რაც შესაბამისად ამცირებს დიაბეტური გართულებების განვითარებას. CGM სისტემის გამოყენება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე მქონე ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დიაბეტის უკეთესი მართვით. გირჩევთ, გამოიყენოთ დიაბეტის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც გაზრდის თქვენი ცხოვრების ხარისხს.