რა უნდა ვიცოდეთ ხერხემლის თიაქარზე — ინტერვიუ ნევროლოგ ეკა გაბადაძესთან
პათოლოგია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს და ის ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. პრობლემის დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ისეთი სიმპტომების აღმოჩენისას, როგორიცაა: ტკივილი ხერხემლის ნებისმიერ მონაკვეთზე, ტკივილის „გადაცემა“ (ირადიაცია) ხელში ან ფეხში, დაბუჟება, წვის შეგრძნება, მოძრაობის გაძნელება აუცილებელია სპეციალისტთან დროული კონსულტაცია.
უფრო დეტალურად, თუ რა დაავადებაა, რატომ ჩნდება და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა ნევროლოგი ეკა გაბადაძე გვესაუბრება.
რა არის მალთაშუა დისკი და მისი თიაქარი?
მალთაშუა დისკი არის ხრტილოვანი-ჟელესებური სტრუქტურა, რომელიც მდებარეობს მალებს შორის და ასრულებს ბალიშის როლს. ის იცავს ხერხემალს დატვირთვის დროს. მისი ცენტრი შედგება ჟელესებური მასისგან (პულპოზური ბირთვი), რომელიც გარშემორტყმულია მკვრივი, ელასტიკური ფიბროზული რგოლით.
მალთაშუა დისკის თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა პულპოზური ბირთვი არღვევს ფიბროზულ რგოლს და სცდება მის საზღვრებს. ხშირად ეს ფრაგმენტი ხვდება ხერხემლის არხში და ზეწოლას ახდენს ზურგის ტვინსა და მის ფესვებზე, რაც იწვევს ტკივილსა და ნევროლოგიურ სიმპტომებს.
რა იწვევს დისკის თიაქარს?
დისკის თიაქრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათ შორის კი ყველაზე გავრცელებულია: სიმძიმის არასწორი აწევა, ხერხემლის გადატვირთვა, ტრავმები, ჭარბი წონა, არასწორი ცხოვრების წესი და სხვა.
რომელი სიმპტომები მიუთითებს დისკის თიაქარზე?
დისკის თიაქრის ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი ხერხემლის ნებისმიერ მონაკვეთზე, ტკივილის „გადაცემა“ (ირადიაცია) ხელში ან ფეხში, დაბუჟება, წვის შეგრძნება, მოძრაობის გაძნელება.
ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია ნევროლოგის დროული კონსულტაცია.
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
პირველ ეტაპზე ტარდება ნევროლოგის გასინჯვა და შეფასება. „ოქროს სტანდარტად“ ითვლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დროული დიაგნოსტიკა იცავს პაციენტს სერიოზული გართულებებისგან.
როგორია ხერხემლის თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
დღეს ყველაზე ეფექტიან მეთოდად კინეზითერაპია ითვლება. ის უზრუნველყოფს ხერხემლისა და სახსრების დეკომპრესიას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ქსოვილების კვებას.
მწვავე ფაზაში, როცა პაციენტს ძლიერი ტკივილის გამო მოძრაობა უჭირს, ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია. ტკივილის შემცირების შემდეგ კი იწყება კინეზითერაპია, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავიდან აცილებს ქირურგიულ ჩარევას.
დეტალურად რომ აგვიხსნათ, რას ეფუძნება კინეზითერაპია?
კინეზითერაპიის საფუძველში დევს ის პრინციპი, რომ სხეულს აქვს თვითაღდგენის უნარი, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს მიზანმიმართული ვარჯიშებით. ამ დროს ხდება: ხერხემლისა და სახსრების დეკომპრესია, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება დაზიანებულ უბანში, ქსოვილების კვების და ტროფიკის აღდგენა, ტკივილისა და დაბუჟების მოხსნა.
მოგვიყევით თქვენი პრაქტიკიდან რეალური მაგალითების შესახებ, როდესაც მკურნალობამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღო?
გვყავდა პაციენტი, რომელიც ხერხემლის ტრავმის შედეგად მხოლოდ ხელჯოხით გადაადგილდებოდა. კინეზთერაპიის შემდეგ შეძლო დამოუკიდებლად სიარული და ბავშვიც კი გააჩინა, რაც მის მდგომარეობაში წარმოუდგენელი იყო. ასეთი შედეგები პაციენტებისთვის უდიდესი ბედნიერებაა.
კინეზითერაპიის წარმატებით ჩატარებისთვის მნიშვნელობა აქვს თუ არა ასაკს?
კინეზითერაპია ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. ზოგადად, ახალგაზრდებში შედეგი უფრო სწრაფად დგება, თუმცა პრაქტიკაში მყოლია 85 წლის პაციენტიც, რომლის მდგომარეობაც პირველივე კურსზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ხერხემლის პრობლემების დროს, რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები ყველაზე ხშირად?
ხერხემალს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. გვქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტები არ იცავენ ექიმის რეკომენდაციებს, რაც მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ართულებს. ასეთ დროს არ შეიძლება სიმძიმის აწევს და ხანგრძლივი ჯდომა.
როგორ დავიცვათ ხერხემლის ჯანმრთელობა?
ზოგადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
- წელიწადში ერთხელ ნევროლოგთან ვიზიტი;
- ინდივიდუალური ვარჯიშები სპეციალისტის რეკომენდაციით;
- ფეხით სიარული როგორც პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესი: საკმარისი მოძრაობა, სწორი კვება, დღეში მინიმუმ 2 ლ წყლის მიღება;
- ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნება
გახსოვდეთ, ჯანმრთელობა სწორ მოძრაობაშია. თუ გსურთ ჯანმრთელი ხერხემალი და სახსრები, საუკეთესო არჩევანია კინეზითერაპია, არაქირურგიული და არამედიკამენტოზური მეთოდი.