A17 ექიმების განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს - თბილისში ნინო სიგუას ორდღიანი ლექცია ჩატარდა
ღონისძიება კომპანია A17-ის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და ორთოდონტიული კორპორაცია Ormco-ს ორგანიზებით გაიმართა და მას 50-ზე მეტი მოქმედი ექიმი და რეზიდენტი დაესწრო.
სპიკერმა სალექციო კურსის განმავლობაში პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმოიხილა ის კლინიკური შემთხვევები, რომლებიც ექიმებს პრაქტიკული მუშაობისას ხშირად ხვდებათ.
როგორც თავად ნინო სიგუა ამბობს, პრაქტიკოსი ექიმებისთვის სწავლების ყველაზე სწორი და ეფექტიანი მეთოდი სწორედ კლინიკური შემთხვევების დემონსტრირებაა. მისივე თქმით, საქართველოში პირველი ვიზიტიდან დღემდე, 4 წლის განმავლობაში, ორთოდონტიული საზოგადოება ძალიან გაიზარდა.
“ეს საქართველოში ჩემი მესამე ვიზიტია. თბილისში ჩატარებული პირველი სემინარიდან უკვე 4 წელი გავიდა. ორთოდონტიულ საზოგადოებაში ცვლილებები ნამდვილად გასაოცარია. ჩემი ტრენინგის დიდი ნაწილი ყოველთვის მკურნალობის ტაქტიკის აქტიური გაანალიზებაა. კოლეგები ახლა ბევრად მეტად არიან ჩართულნი მკურნალობის ტაქტიკის განხილვაში. ისინი სულ უფრო საინტერესო კითხვებს სვამენ თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.
მე ექიმებს გარკვეულ თეორიულ ინფორმაციასაც ვაწვდი - იმ მოცულობით, რაც პრაქტიკოსი ორთოდონტისთვის მკურნალობის დაგეგმვის დროს აუცილებელია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ სწავლების ყველაზე სანდო და სწორი მეთოდი კლინიკური შემთხვევების დემონსტრირებაა. ამით მე ვაჩვენებ გადაწყვეტილების მიღების ჩემს ლოგიკას, ვაჩვენებ, თუ როგორ ვგეგმავ პაციენტის მკურნალობას. გარდა ამისა, მე აუდიტორიას ყოველთვის ვეკითხები, თავად როგორ უმკურნალებდნენ პაციენტს”, - ამბობს ორთოდონტი ნინო სიგუა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ქართველმა პროფესიონალებმა პაციენტების მკურნალობისთვის ციფრული მეთოდები სულ უფრო ხშირად გამოიყენონ.
“ძალიან მინდა, რომ საქართველოში უფრო ფართოდ გამოიყენონ ისეთი ტექნიკები, როგორიცაა ხელოვნურ ინტელექტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ბრეკეტების სისტემის ციფრულ პროტოკოლში დაფიქსირება, ვირტუალურ სცენარებთან მუშაობა, რადგან დღეს ეს აღარ არის მომავალი, ეს არის ორთოდონტიის აწმყო”, - აღნიშნავს სპიკერი.

ლექციის მონაწილე ექიმებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ღონისძიებაზე დასწრების მთავარი მოტივაცია სწორედ სპიკერთან შეხვედრა და მისი გამოცდილების გაზიარება იყო.
ორდღიან ლექციაზე დასწრების შემდეგ, ორთოდონტებს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, მათ უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში 12 უპგ ქულა მიიღეს.
https://www.facebook.com/share/p/1AsausA2wX/
ლექტორ ნინო სიგუას თქმით, ექიმი უწყვეტად უნდა სწავლობდეს, რადგან დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება.
“ექიმს არ შეუძლია არ ისწავლოს, მიუხედავად მისი სამუშაო გამოცდილებისა. თუ გგონია, რომ ყველაფერი თქვი, ყველაფერი უკვე ვიცი, მაშინ უკვე დაიწყე დეგრადაცია. ტექნოლოგიები წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება - ახალი მიდგომები, ახალი აღჭურვილობა, ახალი შესაძლებლობები… თუ არ ისწავლი, მაშინ ნამდვილად ჩამორჩები და ამიტომ უწყვეტი განათლება სავალდებულოა.
თანამედროვე რეალობაში, კერძო კომპანიები, როგორიცაა A-17, აქტიურად იწვევენ ლექტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ექიმს აძლევენ შესაძლებლობას, ცოდნა ყველაზე ხელმისაწვდომი გზით, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს”, - აღნიშნავს ნინო სიგუა.
კომპანია A17 სპეციალიზდება სტომატოლოგიური ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების იმპორტში. გარდა ამისა A17, საერთაშორისო კორპორაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Kavo, Ormco, Meisinger და სხვ. უკვე მრავალი წელია საგანმანათლებლო ღონისძიებებს აორგანიზებს. კომპანიას ჩამოჰყავს პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათი გამოცდილების გაზიარებით, ქართველ სტომატოლოგებს ხელს უწყობს, რომ თავიანთ პროფესიაში განვითარდნენ.
R