რატომ არ გჭირდებათ "დეტოქსი"
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად რეკლამირებული და ძალიან პოპულარულია დეტოქსიკაციის სხვადასხვა პროგრამა, რომლებიც სავარაუდოდ ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას გარკვეული ნარჩენებისა და ტოქსინებისგან. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს სრული ნონსენსია, რომელსაც სამედიცინო და ბიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია.
ამავდროულად, ძალიან მარტივი და მასებისთვის ხელმისაწვდომი იდეის მიღმა, რომ სხეული მუდმივად საჭიროებს რეგულარულ გაწმენდას დაგროვილი დამაბინძურებლებისგან, დგას მთელი ინდუსტრია, რომელიც უამრავ ფულს იღებს მოსახლეობისგან. უფრო მეტიც, თუ ბრმად დაიცავთ დეტოქსიკაციის ყველა რეკომენდაციას, მაშინ განახლების, გაახალგაზრდავებისა და ენერგიის მოზღვავის ნაცვლად, თქვენ რისკავთ და შეიძლება მიიღოთ ჯანმრთელობის პრობლემები.
რა არის დეტოქს პროგრამები?
ისინი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: 1. გვთავაზობენ მყარი საკვების შეცვლას თხევადი საკვებით - სმუზი და წვენები; 2. ემხრობიან სხეულის ბუნებრივ წმენდის პროცესებს; 3. საშუალებები, რომლებიც მიზნად ისახავს ნაწლავების ტოქსინებისგან გაწმენდას. მიზანი ერთია - გავათავისუფლოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან, რომლებთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება, რადგან ისინი გვხვდება ჰაერში, საკვებში და პროდუქტებში, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.
ორგანიზმის გაწმენდის შედეგად, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემები, თითქოსდა „დაისვენებენ“ უცხო ნივთიერებებთან ბრძოლისგან და ასევე აღადგენენ მეტაბოლიზმს.
ამ ყველაფერმა, თეორიულად, უნდა გამოიწვიოს ის, რომ სხეული ახალივით იქნება და მისი ყველა ორგანო და სისტემა კვლავ იმუშავებს შეუფერხებლად.
რატომ არის ეს ნონსენსი?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ თუ ღვიძლი და თირკმელები სწორად ფუნქციონირებს და არ ღებულობთ ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, მაშინ არ გჭირდებათ რაიმე იძულებითი დეტოქსი.
ღვიძლი და თირკმელები კარგად გამართული, სუპერეფექტური სისტემაა ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გასაწმენდად.
ფაქტია, რომ ღვიძლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სხვადასხვა უცხო ნივთიერების განეიტრალება მათი შედარებით უვნებელ ნაერთებად გარდაქმნით, რომლებიც ან შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ან გამოიყოფა მისგან თირკმელებით. თირკმელები ასევე ფილტრავენ სისხლს, აშორებენ პოტენციურად მავნე ნივთიერებებს.
მოკლედ, ეს წყვილი - ღვიძლი და თირკმელები - დღედაღამ აკეთებს ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდის მთელ ბინძურ საქმეს და ამაში მათ კანი და ფილტვები ეხმარება. ასეთი ძლიერი „დასუფთავების“ გუნდის წყალობით ჩვენი ორგანიზმი შესანიშნავად იწმინდება. ეს რომ ასე არ ხდებოდეს, ტოქსინების რეალურად სხეულში დაგროვებით, ადამიანი ვერ იცოცხლებს.
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ დეტოქსის შემდეგ ტოქსინები მცირდება ან ქრება.
იმავდროულად, სხეულის ფუნქციონირებაში ექსტრემალური ჩარევები უფრო მეტ ზიანს აყენებს მას, ვიდრე სიკეთეს, ამიტომ მათ დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყროთ.
დეტოქსის შედეგები შეიძლება განვიხილოთ ორი ყველაზე პოპულარული დეტოქსის მაგალითზე:
- ორგანიზმის გაწმენდა წვენებითა და სმუზით
ეს პროგრამა გულისხმობს მყარ საკვებზე უარის თქმას და ახლად გამოწურულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებსა და სმუზიზე გადასვლას. ამ ტიპის დეტოქსი ჩვეულებრივ გრძელდება სამი დღიდან 21 დღემდე, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამ რეჟიმით უფრო მეტხანს იკვებება.
წვენებსა და სმუზიში ცუდი არაფერია, რადგან ისინი სავსეა სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით და ჯანსაღი კვების რაციონის ნაწილი უნდა იყოს.
თუმცა, თუ არაფერს ჭამთ და მხოლოდ წვენებს და სმუზის დალევთ, სახიფათო ტერიტორიაზე შედიხართ.
თქვენი სხეული არ იღებს მისთვის საჭირო სასიცოცხლო ნივთიერებებს - ცხიმებსა და ცილებს.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობთ, რაც არა მხოლოდ უარყოფითად აისახება თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე - სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, ტვინის ნისლი, ენერგიის დაკარგვა, შრომის უნარის დაქვეითება - არამედ იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გრძელვადიან რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლურ დარღვევებთან.
- მსხვილი ნაწლავის გაწმენდა
მიუხედავად იმისა, რომ დეტოქსის პროგრამების უმეტესობა გულისხმობს გაწმენდას მენიუს ცვლილებებით, ეს მეთოდი ასუფთავებს სხეულს მეორე ბოლოდან. ითვლება, რომ ნაწლავები „გაჭედილია ტოქსინებით“, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიდევნოს საფაღარათო საშუალებების, ოყნას და თუნდაც ჰიდროკოლონოთერაპიის გზით, ანუ სწორი ნაწლავის წყლით გამორეცხვით.
ეს ყველაფერი არა მხოლოდ უკიდურესად უსიამოვნო, არამედ უბრალოდ საშიშია, გვაფრთხილებენ ექსპერტები. რადგან ის იწვევს მუცლის მტკივნეულ სპაზმს, დიარეას, ღებინებას, ასევე უფრო სერიოზულ შედეგებს - ბაქტერიულ ინფექციას, ნაწლავის პერფორაციას და ელექტროლიტების დისბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის და თირკმელების პრობლემები.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არაა საჭირო რაიმე დეტოქსი ან წმენდა. ამისთვის საკმარისია სწორი კვება - მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ხილი და სხვა ვიტამინებით, მინერალებით და რაც მთავარია ბოჭკოებით მდიდარი საკვები. ასევე შეეცადეთ მეტი იმოძრაოთ.