სტატინებს კიდევ ერთი უჩვეულო ეფექტი აღმოაჩნდა
ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სეფსისის მკურნალობაში სტატინების - ქოლესტერინის შემამცირებელი მედიკამენტების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების გადარჩენის შანსებს. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Immunology.
სეფსისი საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა კონტროლიდან გადის და თავს ესხმის არა მხოლოდ ინფექციას, არამედ ადამიანის საკუთარ ორგანოებსაც. ამან შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს შოკი, ორგანოების უკმარისობა და სიკვდილი. დღეს ექიმები სეფსისს ებრძვიან ანტიბიოტიკებით და სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტნებით.
მიუხედავად იმისა, რომ სტატინები ყველაზე ხშირად ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, მათი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება სისხლში მხოლოდ ქოლესტერინის დონის შემცირებით. ისინი ასევე ამცირებენ ანთებას, არეგულირებენ იმუნურ პასუხს, მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ხელს უშლიან სისხლის შედედებას. ეს თვისებები პოტენციურად სასარგებლოს ხდის სტატინებს ანთებითი დაავადებების, სეფსისის ჩათვლით.
ახალ კვლევაში ავტორებმა გააანალიზეს 12000 პაციენტის მონაცემები ამერიკული MIMIC-IV მონაცემთა ღია ბაზიდან. აღმოჩნდა, რომ მათ შორის, ვინც იღებდა სტატინებს სეფსისის მკურნალობის დროს, სიკვდილიანობა 28 დღის განმავლობაში 14,3% იყო. ხოლო სტატინების გარეშე ჯგუფში - 23,4%. ეს არის თითქმის 40% სხვაობა შედარებით მაჩვენებლებში.
„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სტატინებს შეუძლიათ შეასრულონ დამცავი როლი სეფსისში და გააუმჯობესონ კლინიკური შედეგები“, - თქვა დოქტორმა კაიფენგ ლიმ ტიანჯინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან.
კვლევა იყო არა ექსპერიმენტული, არამედ დაკვირვებითი - ექიმები არ უნიშნავდნენ სტატინებს შემთხვევით, როგორც კლასიკურ კლინიკურ კვლევებში. უზუსტობის აღმოსაფხვრელად ავტორებმა გამოიყენეს სტატისტიკური შედარების მეთოდი: თითოეული პაციენტისთვის, რომელიც იღებდა სტატინებს, შეირჩა მსგავსი პაციენტი, რომელიც არ იღებდა მათ. ამან ხელი შეუწყო ობიექტურ შედარებას.
საინტერესოა, რომ სტატინებზე მყოფი პაციენტები, საშუალოდ, მეტ ხანს იმყოფებოდნენ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციისა და დიალიზის აპარატებზე. ავტორები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს სიკვდილის შემცირებული რისკის „ფასი“: ასეთ პაციენტებს მეტი დრო ჰქონდათ გამოჯანმრთელებისთვის და შესაბამისად, გადარჩენის შანსი.
სტატინებს მოულოდნელი სასარგებლო ეფექტი აღმოაჩნდა
აღმოჩნდა, რომ სტატინები არა მხოლოდ ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არამედ იცავს დეპრესიისგან.
ეს დასკვნა გააკეთეს ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა.
მეცნიერებმა გაანალიზეს 2000-ზე მეტი ბრიტანელის მონაცემები, რომლებიც შეგროვდა ინტერნეტში პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში განიცდიდნენ სტრესის ძალიან მაღალ დონეს და ფსიქიკური დაავადებების სიხშირის ზრდას.
- კვლევის მონაწილეებს სთხოვეს აღეწერათ მათი ცხოვრების წესი, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების არსებობა, მედიკამენტები, რომლებსაც იღებენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა ჩაატარეს კოგნიტური ტესტები, რომლებიც აფასებენ ადამიანის მიდრეკილებას დეპრესიისადმი. ერთ-ერთი დავალების დროს მონაწილეებს უნდა დაედგინათ, რა ემოციებს გამოხატავს ფოტოზე გამოსახული ადამიანების სახეები.
- მონაწილეთა უმეტესობა (84%) არ იღებდა მედიკამენტებს, ხოლო დანარჩენი იღებდა მხოლოდ სტატინებს (წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს), ან მხოლოდ წამლებს, რომლებიც ახდენენ არტერიული წნევის ნორმალიზებას, ან ორივეს.
- შედეგად, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ სტატინებს, გაცილებით ნაკლებად აღიქვამდნენ მათ სახეზე დაწერილ შიშს ან ბრაზს - უარყოფით ემოციებად.
ისინი უფრო მეტად აფასებდნენ ამ ემოციებს დადებითად. აღქმის „ნათელ“ მხარეზე ამგვარი გადასვლა, მკვლევარების აზრით, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დეპრესიის სამკურნალოდ.
სავარაუდოდ სტატინები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ემოციებს და შეიძლება შეამციროს დეპრესიის რისკი. თუ ეს ეფექტი დადასტურდება შემდგომ კვლევებში, მაშინ შესაძლებელია, რომ მომავალში სტატინები დაინიშნოს, როგორც დეპრესიის პრევენციის საშუალება, თვლიან მეცნიერები.