News
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, ზრდის პარაცეტამოლის მიღების ფონზე ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდიკა შესაძლოა საფუძვლად დაედოს უსაფრთხო მედიკამენტების შექმნას. პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი, ტაილენოლი და სხვა) აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატია. საერთო ჯამში, იგი უსაფრთხო პრეპარატად არის მიჩნეული, ღვიძლის დაზიანება მოსალოდნელია მხოლოდ დიდი დოზით ხანგრძლივი მიღებისას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ღვიძლზე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება თერაპიულმა დოზამაც მოახდინოს.
ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სამიდან ერთი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში პარაცეტამოლის მაქსიმალური თერაპიული დოზის ხანმოკლე მიღებაც კი ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტს ალანინამინოტრანსფერაზას (ალატ), რაც ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიანიშნებს. ასეთი ადამიანებისთვის პარაცეტამოლის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში დიდია ღვიძლის უკმარისობის განვითარების რისკი.
"პარაცეტამოლს უამრავი ხალხი იღებს, ასე რომ, პრეპარატის გვერდითი ეფექტი შესაძლოა პაციენტის გენეტიკურ თავისებურებასთან იყოს დაკავშირებული", - განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა თრიჯილმა. ამრიგად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პარაცეტამოლის მიღების ფონზე ღვიძლის დაზიანების მიმართ არსებობს გენეტიკური განწყობა. მაგრამ დამნაშავე გენები ძნელი აღმოსაჩენია, რადგან ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი გამოკვლევა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი ეს დაბრკოლება თაგვების დახმარებით გადალახეს.
მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა სახეობის თაგვების პოპულაციებში ადამიანების გენეტიკურ განსხვავებათა მოდელირება მოახდინა. მეცნიერებმა გაითვალისწინეს თაგვებს შორის არსებული გენეტიკურ განსხვავებათა და დაიწყეს პარაცეტამოლზე ამა თუ იმ რეაქციის მქონე გენების ძებნა. როცა საძიებელი გენების რაოდენობა რამდენიმეზე დავიდა, მეცნიერებმა განსაზღვრეს ნუკლეოტიდების თანამიმდევრობა იმ ადამიანების ანალოგიურ გენებში, რომელთაც პარაცეტამოლის მიღების ფონზე ალანინამინოტრანსფერაზის აქტიურობის მატება აღენიშნებოდათ. მათ აღმოაჩინეს უტყუარი კავშირი პარაცეტამოლის მიმართ ალატ-ის გააქტიურებასა და ერთ-ერთი გენის - CD44-ის - შემადგენლობაში განსაზღვრული ნუკლეოტიდის ცვლილებას შორის. შესაძლოა, ეს მოვლენა ღვიძლზე პარაცეტამოლის უარყოფითი ზემოქმედების მაღალი რისკის გენეტიკურ მარკერად იქცეს. დოქტორ თრიჯილის თქმით, ეს გამოკვლევა მხოლოდ იმით არ არის მნიშვნელოვანი, რომ პარაცეტამოლის მიღებასა და ღვიძლის დაზიანებას შორის კავშირს მოწმობს;
პრეპარატების კლინიკური გამოცდის დროს ადამიანებს შორის არსებულ გენეტიკურ განსხვავებებს ცხოველური მოდელების დახმარებით აქამდე არ შეისწავლიდნენ. "თუ პრეპარატის უსაფრთხოების შესწავლის დროს გენეტიკურ განსხვავებებსაც გავითვალისწინებთ, შევძლებთ, უფრო ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ წამალზე მომავალი პაციენტების რეაქცია და უფრო უსაფრთხო პრეპარატებსაც გამოვუშვებთ", - განაცხადა დოქტორმა.
გარემოს დაბინძურება ღვიძლის დაავადებას იწვევს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღვიძლს მარტო ალკოჰოლი და ვირუსული ჰეპატიტი კი არ ვნებს, არამედ გარემოს დაბინძურებაც. სტატისტიკის თანახმად, ყოველ მესამე ადამიანს ღვიძლის ესა თუ ის დაავადება აქვს. "ჩვენი გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანის ღვიძლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის არა ალკოჰოლი, არამედ სხვადასხვაგვარი ქიმიკატით გარემოს დაბინძურება", - განაცხადა სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა. ამჟამად ადამიანი ყოფა-ცხოვრებაში ასზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს, ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, პესტიციდები, სპილენძი და მისი შენაერთები. ისინი ჯერ ცვლილებებს იწვევენ ღვიძლში, მერე კი აავადებენ მას. ყველა ეს ნივთიერება ღვიძლის დაავადების ალბათობას 6%-ით ზრდის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, თუმცა თანამედროვე ადამიანისთვის ეს მეტად დიდ პრობლემას წარმოადგენს.
იკურნება თუ არა ღვიძლის ციროზი?
იაპონიის ქალაქ საპოროს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ, პირველად მედიცინის იტორიაში, ციროზით დაავადებული ღვიძლის განკურნება შეძლეს. ცდა ვირთხებზე ჩატარდა. გამოყენებულ იქნა ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაივლის კლინიკურ გამოცდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს პრეპარატი, რომელიც საპოროს სამედიცინო უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხელს უშლის კოლაგენის ჭარბ გამოყოფას - ნივთიერებისა, რომელიც იწვევს ღვიძლის უჯრედების ფიბროზს. საცდელმა პრეპარატმა შეძლო, ციროზით დაავადებული ღვიძლისთვის 5 კვირაში დაებრუნებინა თავდაპირველი მდგომარეობა, თანაც - გვერდითი ეფექტების გარეშე. როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იოსირო ნიიცუმ განაცხადა, ადამიანებზე კლინიკური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ახალი პრეპარატი მზად იქნება პრაქტიკული გამოყენებისათვის და ეს დაახლოებით 5 წელიწადში მოხდება.
გრეიპფრუტი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
ფლავონოიდი ნარინგინი, რომელიც გრეიპფრუტს მომწარო გემოს აძლევს, თურმე ხელს უშლის ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის გამრავლებას. ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ამ ციტრუსის მიღება ტრადიციულ ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად შეამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ხელს შეუშლის C ჰეპატიტის გაქრონიკულებას.
მასაჩუსეტსის ჰოსპიტლის მეცნიერთა ჯგუფს მიაჩნია, რომ ამაში მთავარ როლს ნარინგინის წარმომქმნელი ნარინგენინი ასრულებს. ეს ნივთიერება ამცირებს სისხლში ძალზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის) დონეს, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს ინფიცირებული უჯრედიდან C ჰეპატიტის ვირუსის გამოსვლასა და ჯანმრთელ უჯრედებში მის შეღწევაში. ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ნარინგენინი ინფიცირებული უჯრედებიდან ვირუსის გამოყოფას 80%-ით ამცირებს. როგორც აღნიშნა გამოკვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რეიმონდ ჩანგმა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ნივთიერების სამკურნალო კონცენტრაცია ორგანიზმისთვის ტოქსიკური არ არის.
სტატისტიკის თანახმად, C ჰეპატიტით ინფიცირებულია დედამიწის მოსახლეობის 3%. ამასთანავე, დაავადება უმეტესად ქრონიკულ სახეს იღებს, ქრონიკული C ჰეპატიტი კი ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
E ჰეპატიტის ვაქცინა წარმატებით გამოიცადა სამხედროებზე
New England Journal of Medicine-ის ცნობით, "გლაქსოსმიტკლაინის" მიერ წარმოებული E ჰეპატიტის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა წარმატებით გამოიცადა ადამიანზე. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა ნეპალელმა ჯარისკაცმა კატმანდუში. მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი. ერთ ჯგუფს ნახევარი წლის განმავლობაში ვაქცინის სამი დოზა გაუკეთდა, მეორეს კი პლაცებოს ინექცია. ჯარისკაცებს ოცდაათი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
პლაცებოს ინექციაგაკეთებულთაგან E ჰეპატიტის სიმპტომები 7%-ს გამოაჩნდა, ხოლო ვაქცინირებულთაგან - მხოლოდ 0,3%-ს. გამოთვლებმა ცხადყო, რომ E ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 96%-ს აღწევს.
E ჰეპატიტი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს. მიმდინარეობს სიყვითლით, მუცლის ტკივილითა და ღებინებით. E ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, წესისამებრ, ხვდება დაბინძურებული წყლით, შედარებით იშვიათად - დაბინძურებული ხელებით. დაავადება უმთავრესად აფრიკისა და აზიის ქვეყნებშია გავრცელებული. არცთუ იშვიათად სიკვდილსაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის ბოლო 3 თვის მანძილზე: დედა ასიდან 25 შემთხვევაში იღუპება, ნაყოფი კი პრაქტიკულად ყოველთვის.
"ახალმა ვაქცინამ შეიძლება დიდი სარგებლობა მოუტანოს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას", - განაცხადა გამოკვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბრიუს ინისმა. მისი თქმით, მონაცემები ცხადყოფს, რომ E ჰეპატიტი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს უქადის სასიკვდილო საფრთხეს. მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, სკეპტიკოსები კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ. ვაქცინის ეფექტიანობის დასამტკიცებლად და მისი მოქმედების ხანგრძლივობის დასადგენად აუცილებელია, სისხლის ნიმუშებში განისაზღვროს დამცავი ანტისხეულების დონე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალებში ვაქცინის ეფექტიანობა ჯერ კიდევ შესასწავლია.