ანონიმურმა დონორმა საკუთარი ორგანოების წყალობით შვიდი სიცოცხლე გადაარჩინა
კერძოდ, მან სიკვდილისგან იხსნა 43 წლის ესპანელი ქალი მონსერატ ლოპესი. ექიმებმა მას გულის მემკვიდრეობითი დაავადება დაუდგინეს, რაც ადრე დედასა და ძმას ჰქონდა დადგენილი. ამასთან დაკავშირებით ქალს, რომელიც მკურნალობას ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა, ამ ორგანოს გადანერგვა დასჭირდა.
პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა მომლოდინეთა სიაში, რის შემდეგაც გამოჩნდა ანონიმური დონორი, რომლის გულის ლოპესისთვის გადანერგვა შეძლეს ექიმებმა. უფრო მეტიც, მან გადაარჩინა კიდევ ექვსი სიცოცხლე ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების, პანკრეასის და სხვა ორგანოების გადანერგვის წყალობით. ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ დონორები, როგორც წესი, შუახნის ადამიანები არიან, რომლებიც ავტოსაგზაო ან უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ.
ავსტრალიაში გარდაიცვალა გამოჩენილი დონორი, რომელმაც 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა
დონორობის 64-წლიანი გამოცდილების განმავლობაში ჯეიმს ჰარისონმა 1173-ჯერ გაიღო სისხლის პლაზმა.
ზოგჯერ ნამდვილი გმირები სრულიად უხილავია. ისინი არ ყვირიან საკუთარ თავზე ყველა კუთხეში, არ ხდებიან პოლიტიკოსები და მათზე ფილმები არ იქმნება. თუმცა, ალბათ, ოდესმე ერთ ასეთ ფილმს ვიხილავთ. და ეს იქნება ჯეიმს ჰარისონზე ავსტრალიიდან. მისი სისხლი იმდენად უნიკალური აღმოჩნდა, რომ თავად განგებამ განკარგა, რომ დონორი გამხდარიყო. ის იმდენად ხშირად სწირავდა სისხლს, რომ მეტსახელი "ოქროს მკლავიანი კაცი" ეწოდა.
შესაძლოა, ჯეიმს ჰარისონი არასოდეს იფიქრებდა სისხლის დონორი გამხდარიყო. მაგრამ 14 წლის ასაკში მას ჩაუტარდა გულმკერდის რთული ოპერაცია, რომლის დროსაც მას მნიშვნელოვანი სისხლის გადასხმა დასჭირდა. გონს რომ მოვიდა, ახალგაზრდა ჯეიმსმა გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დონორობა და გადაწყვიტა ყოველთვის დაეხმარა ხალხს.
უნიკალური სისხლი
როდესაც ჰარისონი 18 წლის გახდა, ის პირველად გახდა დონორი. სწორედ მაშინ გაიგო, რომ მისი სისხლი უნიკალური იყო. იგი შეიცავდა ანტი-D ანტისხეულის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების (HDFN) პროფილაქტიკაში.
HDFN ჰემოლიზური დაავადება არის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ნაყოფისა და დედის სისხლის ტიპებს შორის შეუთავსებლობის გამო. ის შეიძლება განვითარდეს Rh-უარყოფითი ფაქტორის მქონე დედებში დაბადებულ ბავშვებში. თუ ბავშვს აქვს Rh-დადებითი სისხლი, დედის იმუნურმა სისტემამ შეიძლება აღიქვას ის, როგორც უცხო და დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც თავს ესხმიან ნაყოფის ერითროციტებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი განადგურება, მძიმე ანემია, ტვინის დაზიანება, სიყვითლე და ზოგჯერ სიკვდილი. სანამ 1960-იანი წლების შუა ხანებში Rh შეუთავსებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად არ შემუშავდა მეთოდები, HDFN-ის დიაგნოზით ყოველი მეორე ბავშვი იღუპებოდა.
ამ ანტისხეულის საფუძველზე შექმნილი წამლები ხელს უწყობს დაავადების თავიდან აცილებას და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვის დაცვას. როდესაც ჯეიმსმა ამის შესახებ შეიტყო, 81 წლამდე ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაიწყო სისხლის დონაცია. შედეგად, მან სისხლი გაიღო 64 წლის განმავლობაში.
სწორედ ჰარისონის სისხლის პლაზმიდან ამზადებდნენ უარყოფითი Rh ფაქტორის მქონე დედებისთვის წამლებს ათწლეულების განმავლობაში ავსტრალიაში.
"მან გმირული ვერაფერი დაინახა დონორობაში და ხშირად იმეორებდა, რომ პროცედურა უმტკივნეულო იყო, პოტენციური სარგებელი კი უზარმაზარი. ის ხშირად იმეორებდა, რომ გადარჩენილი სიცოცხლე შეიძლება შენი საკუთარი იყოს", - განუცხადა BBC-ს გმირი-დონორის ქალიშვილმა ტრეისი ჰარისონმა.
ჯეიმსის ქალიშვილმა და მისმა ორმა შვილიშვილმა მიიღეს ჰარისონის პლაზმის გამოყენებით შექმნილი შრატი.
ექიმებმა არ იციან, რატომ იყო მის სისხლში ამდენი ანტი-D, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია სისხლის მასიურ გადასხმასთან, რომელიც მას 14 წლის ასაკში დასჭირდა.
ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ავსტრალიაში 200-ზე ნაკლები ანტი- D დონორია, მაგრამ ისინი ყოველწლიურად ეხმარებიან დაახლოებით 45000 დედას და მათ ჩვილებს. ახლა ავსტრალიაში არის ერთით ნაკლები ანტი-D დონორი. ჯეიმს ჰარისონი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო.