მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება - წერს El Español
ხანდაზმულ ასაკში სმენის პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ რეგულარულად აკონტროლებთ:
- არტერიული წნევას,
- სისხლში ქოლესტერინის დონეს,
- გლუკოზის დონეს.
- ამის შესახებ El Español-თან ინტერვიუში ნავარის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ოტოლარინგოლოგმა რაკელ მანრიკემ განაცხადა.
ექიმის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სმენაზე, არის ინტენსიური ხმაურის ზემოქმედება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სმენის რეგულარულად შემოწმება, აღნიშნა მან.
"85 დეციბელზე მაღალი ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს შიდა ყური და გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. 70 დეციბელზე ზევით ყურსასმენების ხანგრძლივად გამოყენებაც კი რისკის შემცველია - ასაკის მიუხედავად", - განმარტა ექიმმა მანრიკემ.
გარე ფაქტორების გარდა, ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენით აღქმაზეც. ექიმმა განაცხადა, რომ დიაბეტი, ჰიპერტენზია, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და სიმსუქნე ასევე შეიძლება სმენის დაქვეითების მიზეზი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევებში, მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია ამ მდგომარეობის მკურნალობა.
მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რატომ ახლავს ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას სმენის დაქვეითება. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ დიაბეტის დროს „დამნაშავე“ დიაბეტური ნეიროპათიაა, რომლის დროსაც დაზიანებულია პერიფერიული ნერვული სისტემის ბოჭკოები, მათ შორის სმენის.
პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის სმენის დაქვეითებას
ორაგული და სკუმბრია ამცირებს ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითების რისკს.
ომეგა -3, თუთია, კალიუმის და მაგნიუმის შემცველი პროდუქტები დაგეხმარებათ სმენის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაში. ცხიმიანი თევზი, კერძოდ ორაგული და სკუმბრია დადებითად მოქმედებს სმენაზე, რადგან ისინი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების წყაროა.
ისინი აუმჯობესებენ შიდა ყურის კოხლერული სისტემისათვის სისხლის მიწოდებას და ამცირებენ ასაკთან დაკავშირებული სმენის დაკარგვის რისკს.
ასევე მნიშვნელოვანია რაციონში შევიტანოთ C (მაგალითად, ციტრუსებში), ასევე E ვიტამინებით მდიდარი საკვები. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით გვხვდება ნუშისა და მზესუმზირის თესლში.
ყველა ეს ელემენტი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აძლიერებენ ანთებას და აჩქარებენ როგორც შიდა, ასევე შუა ყურის დაბერებას. მაგნიუმი და თუთია ზოგადად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ყურის ინფექციების რისკს. პირველი გვხვდება მუქ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულსა და თხილში, მეორე - საქონლის ხორცსა და პარკოსნებში.
ზოგადად, მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების რაციონი და მრავალფეროვანი საკვების მიღება. მაგალითად, შეგიძლიათ დაიცვათ ხმელთაშუა ზღვის დიეტის პრინციპები, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიირთვათ ცხიმიანი თევზი, საქონლის ხორცი ან ინდაური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თეფშის ნახევარი შედგებოდეს ბოსტნეულისგან, მწვანილისგან და პარკოსნებისაგან.