ტვინის სამკურნალოდ ერთუჯრედიანი პარაზიტი გამოიყენეს
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში – Nature Microbiology, ახალი მიდგომაა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ეს მიდგომა გულისხმობს პარაზიტების გამოყენებას ტვინისთვის წამლების მისაწოდებლად.
- Toxoplasma gondii არის ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ამავდროულად, ჰემატოენცეფალური ბარიერი ჩვეულებრივ ბლოკავს წამლების უმეტესობის შეღწევას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს თავის ტვინის დაავადებების მკურნალობას.
მეცნიერებმა შეცვალეს ტოქსოპლაზმა ისე, რომ მას შეუძლია გადაიტანოს და გამოყოს MeCP2 პროტეინი, რომელიც არეგულირებს გენის აქტივობას თავის ტვინში. ეს ცილა შეუერთეს პარაზიტის მიერ სეკრეტირებულ ერთ-ერთ ცილას, რამაც მას საშუალება მისცა ეფექტურად შეეღწია ნეირონებში და შეეცვალა გენის ექსპრესია.
პეტრის ჭურჭელში გაზრდილ ნეირონებსა და ინფიცირებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ჰიბრიდული ცილის წარმატებული მიწოდება ტვინის უჯრედებში.
MeCP2-ის გენეტიკური დეფიციტი დაკავშირებულია რეტის სინდრომთან, იშვიათ ნევროლოგიურ აშლილობასთან, რომელიც იწვევს მამოძრავებელი ფუნქციის პროგრესირებად დაკარგვას. კვლევამ აჩვენა, რომ მოდიფიცირებულ ტოქსოპლაზმას შეუძლია ამ ცილის მიწოდება თავის ტვინის უჯრედებში, რაც პოტენციურად გახსნის ახალ შესაძლებლობებს რეტის სინდრომისა და ცილის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადება.
მეთოდის პერსპექტიულობის მიუხედავად, კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენება სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება.
ტოქსოპლაზმა იწვევს ქრონიკულ ინფექციას, რომელსაც შეუძლია დააზიანოს სხეული, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ორგანოები – ტვინი, თვალები და გული.
გარდა ამისა, პარაზიტით უკვე ინფიცირებული ადამიანების იმუნური სისტემა სწრაფად გაანადგურებს ტოქსოპლაზმის ახალ ფორმებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ტოქსოპლაზმის გამოყენების სარგებელი წამლის მიწოდებისთვის შეიძლება აღემატებოდეს რისკს.
მეცნიერები განიხილავენ ამ პარაზიტის უსაფრთხო ფორმების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც ორგანიზმის დაუზიანებლად ეფექტურად მიაწვდიან ტვინს საჭირო ცილებს.
-
რა სახის ფსიქიკური დარღვევები შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის დაავადებების დროს
თავის ტვინის დაავადებების დროს სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, რაც ფსიქოლოგიურ დარღვევებს წარმოშობს.
იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა.
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინსულტები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენცეფალიტი - ყველა ეს დაავადება ასახვას პოვებს ადამიანის ფსიქიკაზე და არღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორიც არის შემეცნებითი მოქმედების დარღვევა, აღქმის დარღვევა, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ტრავმული ნევროზი, ფსიქოზები, აკვიატებული ქცევები და სხვა.
-
თავის ტვინის სიმსივნის დროს
თავის ტვინის სიმსივნე საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა. მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დიდ სირთულეებს უკავშირდება: ამ დროს ხომ თავის ტვინთან - ადამიანის მთავარ და ყველაზე ფაქიზ ორგანოსთან გვაქვს საქმე. თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევები იმაზეა დამოკიდებული, თავის ტვინის რომელ ნაწილში იზრდება სიმსივნე, რომელ უბანს აწვება. ამ დროს ადამიანი არაადეკვატურად მეტყველებს და მოქმედებს, დელიკატური, ზრდილი პიროვნება მოულოდნელად იწყებს უხეშ მიმართვას, ბილწსიტყვაობს, ივიწყებს ეთიკის ნორმებს, მოკლედ, კარგავს საკუთარი ქცევის კრიტიკას. თუ სიმსივნე ლოკალიზებულია მარცხენა შუბლ-საფეთქლის საზღვარზე, ირღვევა მეტყველება და ზოგჯერ აზროვნებაც.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე