ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
ეს სიმპტომები ბევრისთვის ნაცნობია, ვინაიდან ვენური დაავადება, სტატისტიკური მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-ს აწუხებს. ცხელი კლიმატის პირობებში სიმპტომების გამწვავება სეზონური დაავადების შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ქრონიკული ვენური დაავადება ძალიან საყურადღებო, პროგრესირებადი, ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც დროულად დაწყებულ და სწორ, რეგულარულ მართვას საჭიროებს. მკურნალობის დაგვიანებამ და არასათანადო მართვამ სერიოზულ გართულებებამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი (როგორიც ვენური წყლული ან თრომბო-ემბოლიზმია).
სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად სისხლძარღვთა წამყვანი სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნ.ბოხუას სახ, კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბ-ნი მამუკა ბოკუჩავა გვესაუბრება.
ბატონო მამუკა, პირველ რიგში, მოდით, განვუმარტოთ მკითხველს თუ რა არის ქრონიკული ვენური დაავადება და რატომ არის ის საყურადღებო მდგომარეობა?
ქრონიკული ვენური დაავადება ქვედა კიდურებში სისხლის უკუადინების დარღვევით და ვენური სისხლის შეგუბებით ხასიათდება დაქვეითებული ვენური ტონუსისა და ვენური სარქვლების უკმარისობის გამო. აღნიშნულ პროცესებს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედება განაპირობებს, როგორიცაა გენეტიკური მიდრეკილება, ფიზიკურად ადინამიური ცხოვრების რეჟიმი (ხანგრძლივი ჯდომა / დგომა), ჭარბი წონა, ჰორმონების ზემოქმედება, ორსულობა - მშობიარობა, ასაკი და ა.შ. ქრონიკულ ვენურ დაავადებას მოსახლეობა ძირითადად ვენების ვარიკოზით იცნობს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს პათოლოგია ვარიკოზის განვითარებამდე ბევრად ადრე იწყება. მისი ადრეული გამოვლინებები მძიმე, დაღლილი ფეხები, დისკომფორტი, სიმხურვალის, წვის ან შეშუპების შეგრძნებაა ქვედა კიდურებში. გარეგნული ცვლილებები კი, როგორიც ობობის ქსელისებური ან ბადისებური ვენური ქსელი და თუნდაც ვარიკოზული ვენებია, მოგვიანებით ეტაპზე ჩნდება. პროცესი არც აქ ჩერდება და სათანადო მართვის გარეშე კოჭ-წვივის არეში შეშუპება, კანის სტრუქტურის ცვლილებები და საბოლოო ჯამში, წყლულოვანი პროცესი ვითარდება. ეს უკანასკნელი რთულად სამართავი მაინვალიდიზირებელი მდგომარეობაა. უფრო მეტიც, ქრონიკულ ვენურ დაავადებას სიცოცხლისათვის საშიში გართულებების - თრომბო-ემბოლიისა და კარდიოვასკულური ავადობა - სიკვდილობის გამოწვევაც შეუძლია. ამრიგად ქრონიკული ვენური დაავადება ნამდვილად ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა და დროულ, სწორ მკურნალობას მოითხოვს.
როგორ შეიძლება მოხდეს ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომების ამოცნობა?
როდესაც ქვედა კიდურებზე გარეგნული ნიშნებია გამოხატული, ბუნებრივია, ამ დროს დაავადების ამოცნობა გაცილებით მარტივია. ადრეულ ეტაპზე კი, როდესაც მხოლოდ სიმპტომებია, სხვა დაავადებებთან დიფერენციაცია შედარებით რთულია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სიმპტომების გარკვეული მახასიათებლებისა და რისკ-ფაქტორების არსებობა. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიც მშობლებთან ვარიკოზული დაავადების არსებობა, უძრავი ცხოვრების რეჟიმი, ჭარბი წონა, მდედრობით სქესი, ორსულობა / მშობიარობა, ჰორმონალური პრეპარატების მიღება და ა.შ. ქრონიკული ვენური დაავადების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. რაც შეეხება ჩივილებს, ქრონიკული ვენური დაავადების შემთხვევაში სიმძიმე, დაღლილობა, დისკომფორტი, წვისა და სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება ძირითადად წვივების არეში ლოკალიზდება. ტკივილს უფრო მეტად ყრუ და გაფანტული ხასიათი აქვს. ჩივილები მეტწილად დღის მეორე ნახევარში, ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის, ცხელი გარემოს მოქმედების შემთხვევაში გამოიკვეთება. ფეხების მაღალზე წამოწევა, გრილი შხაპი, სიარული კი ვენური დაავადებით გამოწვეულ ჩივილებს შედარებით ამსუბუქებს. თუმცა დაავადების ზუსტი დიაგნოზის დასადგენად, ბუნებრივია, ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.
როგორ ხდება ქრონიკული ვენური დაავდების მკურნალობა და როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?
ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა ხშირ შემთხვევაში თერაპიულ, კონსერვატიულ მართვას მოიცავს. ქირურგიული ჩარევა შემთხვევათა უფრო ნაკლებ პროცენტში ხდება სჭირო (დაახლოებით 20-25%-ში) და ამ შემთხვევაშიც თერაპიულ მკურნალობასთან კომბინაციაში. თერაპიული მკურნალობა კომპლექსური პროცესია და მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებას მოიაზრებს. ანუ დაავადების ეფექტური მართვისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია იმ რისკ-ფაქტორების მოცილება, რომელიც დაავადების განვითარებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა (სასურველია ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა), საჭიროების შემთხვევაში, წონის კორექცია, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით ზაფხულში, მოხერხებული ფეხსაცმლის (საშუალოდ 4-5 სმ ზომის ქუსლით) და თავისუფალი (ნაკლებად მოჭერილი) ტანსაცმლის ტარება, მზეზე გადახურების, ცხელი აბაზანისა და საუნის თავიდან არიდება. საოფისე ტიპის სამსახურის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ წამოდგომა და გავლა, ასევე ადგილზე ტერფის მარტივი ვარჯიშების გაკეთება (როგორიცაა ადგილზე მარშირება, ფეხის წვერებისა და ქუსლების მონაცვლეობა, ტერფების წრიული მოძრაობა და ა.შ.), რაც სისხლის უკუადინების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ დღეს აქტიურად გამოიყენება ელასტიური ტრიკოტაჟი და მედიკამენტური მკურნალობა ვენოაქტიური საშუალებებით. ორივე მეთოდის მიზანი ვენების ტონუსის გაუმჯობესება და სისხლის უკუადინების გაძლიერებაა. ვენოაქტიური მედიკამნეტების ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მკურნალობის შერჩევისას გასათვალისწინებელია თუ რამდენად არის შესწავლილი პრეპარატის ეფექტურობა, რეკომენდაციის დონე, უსაფრთხოება და მიღების კომფორტულობა. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩვენ პრაქტიკაში ფართოდ ვიყენებთ ფრანგულ პრეპარატს დეტრალექსი 1000 მგ-ს, რომელიც მოქმედების მექანიზმიდან და დამზადების ფორმიდან გამომდინარე სწრაფად შეიწოვება, ეფექტურად მოქმედებს ვენურ ჩივილებზე და ხელს უშლის დაავადების შემდგომ გაღრმავებას.
ამრიგად, დროულად დაწყებული, რეგულარული მკურნალობა ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის ჩამოყალიბებასთან ერთად არის ის ფუნდამენტური რეკომენდაციები, რაც ვენური დაავადების მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მდგომარეობის ეფექტური მართვისთვის.
R