როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობა? - ოსტეოპოროზის ნაადრევი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი
შედეგად ხდება ძვლის მასის შემცირება და მოტეხილობების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ოსტეოპოროზი ძირითადად 50 + ასაკის ადამიანებს ემართებათ და ძვლების დასუსტების შედეგად მოტეხილობების რეაბილიტაციაც საკმაოდ რთული პროცესია.
თანამედროვე მედიცინა ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გზას გვთავაზობს. დენსიტომეტრია არის კვლევა, რომლის დროსაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დენსიტომეტრია მაღალტექნოლოგიური აპარატით Osteosys EXCELLUS-ით ხორციელდება. როგორც რადიოლოგი სალომე ლალიაშვილი განმარტავს, პროცედურა ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და სწრაფია. დეტალურად დენსიტომეტრიის შესახებ თავად სალომე ლალიაშვილი გვესაუბრება.
რა ტიპის კვლევაა დენსიტომეტრია?
დენსიტომეტრია არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა. პროცედურა ძალიან მარტივი, უმტკივნეულო და სწრაფია. არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. პაციენტს ვაწვენთ დენსიტომეტრიის სპეციალურ აპარატზე, სადაც ხდება წელის მალების, მენჯ-ბარძაყის სახსრების გადაღება, ასევე წინამხრის გადაღება ჯდომით პოზიციაში. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატით, Osteosys EXCELLUS-ით, რომლის საშუალებითაც წამებში ხდება გამოსახულების მიღება და მონაცემების დამუშავება. ეს ძალიან კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე სპეციალისტისთვის.
აპარატიდან მიღებული ინფორმაციით ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტი მოტეხილობებისგან დავიცვათ. კვლევის ეს მეთოდი ოსტეოპოროზის დადგენის ოქროს სტანდარტია.
ვინ და რომელი სიმპტომების დროს უნდა ჩაიტაროს დენსიტომეტრია? რა ფაქტორები განაპირობებს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას?
დენსინომეტრიული კვლევა რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც ოსტეოპოროზის განვითარების მაღალი რისკი აქვს. ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას ძვლის დაშლა-აღდგენას შორის დისბალანსი იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად ძვლის მინერალური სიმკვრივე მცირდება. ქალებში ეს პროცესი მენოპაუზის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიურია. დამატებითი რისკფაქტორები კი ასე გამოიყურება:
- მოტეხილობა, რომელიც გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით;
- ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი;
- მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
- ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი); თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
- ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
- რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
- კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
- ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
- ნაკლები ფიზიკური აქტივობა.
აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ, ზოგადად, ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს მანამ, სანამ პათოლოგიური მოტეხილობა არ ვითარდება. ამ დროს პაციენტს მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი აქვს. ხერხემლის მალების მოტეხილობის დროს კი სიმაღლეში კლება აღინიშნება.
საზოგადოებაში არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ოსტეოპოროზი მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. რეალურად აწუხებთ თუ არა ოსტეოპოროზი ახალგაზრდა ადამიანებსაც?
ოსტეოპოროზი ასაკოვან ადამიანებში მოტეხილობების ხშირი მიზეზია. თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც იუვენილური ოსტეოპოროზი ეწოდება. იგი გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად, ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, კვებითი დარღვევები, ცერებრალური დამბლა, თირკმლის დაავადება. ასევე, ახალგაზრდა ასაკში დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს: კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით, დიდხანს უმოძრაობით, არაჯანსაღი კვებით, ზედმეტად ბევრი ვარჯიშით.
როგორ კეთდება დენსიტომეტრია „ნიუ ჰოსპიტალსში“?
“ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია Osteosys ულტრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრი, რომლის საშუალებით ხდება ძვლის სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პოზიციაში, მენჯ-ბარძაყის სახსრების და წინამხრის არეში, ამასთანავე frax კალკულატორის საშუალებით ხორციელდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10 წლიანი რისკის დადგენა. საჭიროა თუ არა პროცედურისთვის წინასწარ მომზადება?
დენსიტომეტრია სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის ჩატარება წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს. სასურველია, ტანსაცმელს არ ჰქონდეს მეტალის დეტალები.
რას გვეტყვით კვლევის ხანგრძლივობაზე? რამდენად უმტკივნეულო და უსაფრთხოა ის?
დენსიტომეტრიაზე ერთი პოზიციის გადაღებას 1 წუთამდე დრო სჭირდება. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.
დენსიტომეტრია რენტგენის სხივებს იყენებს, თუმცა ამ დროს დასხივება მინიმალურია და ძალიან უსაფრთხო მეთოდად ითვლება. შესაბამისად, პაციენტს არ სჭირდება ტყვიის დამცავების გამოყენებას და ტექნიკოსსაც შეუძლია გადაღების პროცესში ოთახში იმყოფებოდეს. მიუხედავად ამისა, კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული ორსული ქალბატონებისთვის.
რა სიხშირით არის რეკომენდებული დენსიტომეტრიის ჩატარება?
დენსიტომეტრიის გადაღება ხდება მინიმუმ 6 თვის შუალედით. სხვადასხვა რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ეს პერიოდი განსხვავდება. მაგალითად, ძვლის მინერალური სიმკვრივის მოსალოდნელი ცვლილების რისკი თუ ძალიან მაღალია, გადაღება ხდება 6-12 თვეში, საშუალო და მაღალი რისკის დროს 1-3 წელში, დაბალი რისკის დროს 3-5 წელში, ძალიან დაბალი რისკის დროს კი 5-10 წელში.
როგორია რეკომენდაციები მათთვის ვისაც, ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნება სურს? შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის პრევენცია? ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა, მზის სხივების ქვეშ ყოფნა, გარეთ სეირნობა. მაშინ, როცა დროის უმეტეს ნაწილს შენობებში და ფიზიკური აქტივობის გარეშე ვატარებთ, ეს ყველაფერი შეიძლება რთულად შესასრულებელი მოგვეჩვენოს, თუმცა ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.
R