ავსტრალიელი ქალი, 33 წელია, მხოლოდ ხილით იკვებება
ენ ოსბორნი, 58 წლის ქალი, რომელიც ავსტრალიაში 2003 წლიდან დასახლდა, 33 წელია, მხოლოდ ხილს ჭამს, — წერს New York Post.
ოსბორნმა თქვა, რომ იგი პირველად დაინტერესდა ამ უნიკალური დიეტით ჯერ კიდევ 1990 წელს, მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში, ბარის თავზე მდებარე პატარა ოთახში დაესწრო ლექციას უმ საკვებზე.
ადგილობრივი ხილის მოყვარული, სახელად დევიდ შელი, დიეტაზე საუბრობდა და მისი ენერგიის, ფიზიკური მდგომარეობის და სიცოცხლისუნარიანობის ნახვის შემდეგ, მე თავადაც მომინდა მეცადა ეს.
ოსბორნმა თქვა, რომ უმ საკვებზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ორსულად იყო, ამიტომ არ სურდა, რაიმე რადიკალური ცვლილებების შეტანა. ქალი თავდაპირველად გადავიდა სტანდარტული დიეტადან ზოგად ვეგანურ დიეტაზე და საბოლოოდ დაიწყო მხოლოდ ხილისა და ავოკადოს ჭამა. ქალი ამტკიცებს, რომ ხილის დიეტამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე - გაუმჯობესდა მისი ზოგადი მდგომარეობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, ხოლო სიარულის დროს ქოშინი გაქრა.
მახსოვს, როგორ მეკვროდა სუნთქვა და მიჭერდა მკერდის არეში აღმართზე გასეირნების დროს. მას შემდეგ, რაც ვეგანი გავხდი, ასე აღარასოდეს მიგრძვნია თავი.
ცნობილია, რომ ოსბორნის ყოველდღიური რაციონი მოიცავს ახალგამოწურულ წვენებს, შეუზღუდავ სეზონურ ხილს და 2-3 ავოკადოს. თუმცა, შობის მსგავს დღესასწაულებზე ქალს შეუძლია ნატურალური ჩირისა და თხილისგან ღვეზელის გამოცხობა.
იმავდროულად, სანამ უმი საკვების მოყვარულები აფასებენ ხილზე დაფუძნებულ დიეტას, ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს დიაბეტის და პანკრეასის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ფაქტია, რომ ხილი შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს, მაგრამ მასში არ არის ან მცირედაა წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ექიმები თვლიან, რომ B12 ვიტამინის, კალციუმის, D ვიტამინის, იოდის და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, დაღლილობა, ძილიანობა და იმუნური სისტემის დისფუნქცია.
- ოსბორნი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი მას შემდეგ, რაც გადავიდა უმი ხილის დიეტაზე.
- შესანიშნავ ფორმაში ვარ. კვირაში დაახლოებით 50 კმ დავრბივარ და ქალაქში რეგულარულად 13 კმ ფეხით გავდივარ. ბაღში ბევრ ფიზიკურ სამუშაოს ვაკეთებ. ბოლოს სისხლის ანალიზი რომ გავიკეთე, ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო.
თუმცა, ოსბორნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დიეტა ყველასთვის შესაფერისი არ არის. მისი თქმით, ადამიანი ამისთვის მზად უნდა იყოს ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად. მიღებული ხილი კი ძალიან კარგი ხარისხის უნდა იყოს - გაზრდილი ჯანმრთელ ნიადაგზე და არა სუპერმარკეტში ნაყიდი.