კოვიდს შეუძლია, შეანელოს აზროვნების სისწრაფე
ინფექციურ დაავადებებს შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ვირუსული დაავადების დროს სხეულის ორგანოები და სისტემები გრძელვადიანი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ის აღარ დაავადდება, მაგრამ ამა თუ იმ ხარისხით იგრძნობს შედეგებს, კოგნიტური შესაძლებლობების გაუარესებამდე, ანუ აზროვნების სისწრაფე შეიძლება შემცირდეს.
Covid-ის შედეგებისა და Omicron ჯგუფის შტამების ზუსტი შეფასება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე წელიწადში. ამ ვირუსების შესახებ ჯერ არ არის სრული ინფორმაცია, ამიტომ მეტი დრო უნდა გავიდეს საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად. პოსტ-კოვიდ სინდრომი რეალობაა.
ასევე წაიკითხეთ:
პოსტ-კოვიდის სიმპტომები
პოსტ-კოვიდის სიმპტომები უმეტესად იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომელთაც წარსულში აქვთ ჰოსპიტალიზაციის ისტორია, ასევე - დიაბეტი და ჭარბი წონა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ ვერ აღმოაჩინა კორელაცია ეთნიკურ, ასაკობრივ, ან სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან.
ამერიკული კვლევის მიხედვით, პაციენტებში ყველაზე ხშირი იყო დაღლილობის შეგრძნება - 31%. შემდეგ მოდის ყნოსვის დაკარგვა - 16% და სუნთქვის უკმარისობა - 15%.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის მეცნიერთა ნაშრომი 7 აპრილს გამოქვეყნდა. მისი დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო გამოცემაში „ზოგადი შინაგან სნეულებათა ჟურნალი“.
ბრიტანული სტატისტიკის მიხედვით, 65% ამბობს, რომ ხანგრძლივმა კოვიდმა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 18%-ის თქმით, მათ ყოველდღიური აქტივობები შეეზღუდათ. სიმპტომებს შორის იქაც 51%-ით დაღლილობა ჭარბობს, შემდეგ მოდის სუნთქვის უკმარისობა - 35%, ყნოსვის დაკარგვა - 34%, გემოს და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა - 25-25%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული მონაცემები არა ექიმების დაკვირვებას, არამედ პაციენტების თვითაღწერილობას ეყრდნობა.
იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი, ექიმ მიშელ სპინიჩის ხელმძღვანელობით, ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის ვარიანტების მიხედვით, ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები განსხვავებულია. მაგალითად, ალფა ვარიანტის დომინირების დროს ჭარბობდა ქოშინი, სუნთქვის გაძნელება (42%), ვუჰანის ორიგინალური ვირუსის დროს კი - დაღლილობა (37%).
ფლორენციის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მისი ნაშრომის და სამეცნიერო კონფერენციებზე პრეზენტაციების შესახებ შესაძლებელია ჯანდაცვის სპეციალისტთათვის განკუთვნილი ონლაინ-გამოცემა „მედსკეიპის“ მასალის საშუალებით.
რა იწვევს პოსტ-კოვიდს?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ. ჯერჯერობით აუხსნელია, როგორ შეიძლება, რომ ვირუსულმა ინფექციამ, რომელმაც ბევრისთვის სწრაფად და იოლად ჩაიარა, დატოვოს ხანგრძლივი და რთული სიმპტომები თვეების და, რიგ შემთხვევებში, წლების განმავლობაში, რაც ადამიანს ზოგჯერ სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევს.
მეცნიერები ხანგრძლივი კოვიდის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რამდენიმე მიმართულებაზე კონცენტრირდებიან. მათ შორის სახელდება:
- იმუნური სისტემის პრობლემები;
- სისხლის შედედება და სისხლძარღვთა დაზიანება;
- მეტაბოლური პრობლემები;
- ქრონიკული, სისტემური ინფექცია;
- ვირუსის უშუალო ზემოქმედება კონკრეტულ ორგანოზე, ან ქსოვილზე;
- ჟანგბადის ნაკლებობა და სხვა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა უახლესი ნაშრომის მიხედვით, კოვიდ-19-ის მქონე ყოველი მე-7 პაციენტის განავალში ვირუსის გენეტიკური ნაშთების პოვნა დიაგნოზიდან 4 თვის შემდეგაც შეიძლება. პაციენტთა 4%-ში ვირუსის რიბონუკლეინმჟავა ფეკალიებში 10 თვის შემდეგაც კი იპოვეს. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს ვირუსის გავრცელება შეუძლია, თუმცა კვლევის შედეგებმა მეცნიერები შესაძლოა მომავალში ხანგრძლივი კოვიდის მიზეზებზე გაიყვანოს.