რა არის ტკივილი და რატომ არის საჭირო მისი დროული მკურნალობა?
ტკივილი ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაციური ფუნქციაა, რომელიც, თავისი არსით, ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას ადამიანისთვის გარემოს დამაზიანებელი ზემოქმედების, ან თვით ორგანიზმში მიმდინარე, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესების შესახებ. ტკივილის გავლენით ხდება დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან აცილება, შესაძლებლობის ფარგლებში.
ძალიან ხშირად, ტკივილმა შესაძლოა თავისი ძირითადი ფუნქცია დაკარგოს და თვითონ იქცეს გადაუჭრელ და დამაზიანებელ პრობლემად. ამიტომ, ტკვილის არსის ცოდნა და მისი სწორი და დროული მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საკითხში უკეთ გასარკვევად, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს რა არის ტკივილი. მიჩნეულია, რომ ტკივილი უსიამოვნების მომტანი შეგრძნება და/ან ემოციური განცდაა, რომელიც ჩნდება ქსოვილის როგორც უშუალო, ისე პოტენციური დაზიანებისას, ან ასეთი დაზიანების შესახებ მეხსიერების არსებობის შემთხვევაში (ქრონიკული ტკივილი).
ტკივილის შეფასება მკაცრად სუბიექტურია. კონკრეტული ტკივილის შეფასება და აღწერა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, რომელიც განიცდის ამ ტკივილს. არსებობს თვითშეფასების ბევრი სკალა, რომელიც გვეხმარება ტკივილის ხასიათის აღწერაში და ცხოვრების ხარისხზე მისი გავლენის შეფასებაში.
როგორ ჩნდება ტკივილი?
ტკივილის ფორმირება საოცრად რთული ფენომენია, აერთიანებს ტრანსდუქციის, ტრანსმისიის, მოდულაციის და პერცეფციის პროცესებს. მისი გამარტივებული მოდელი ასეთია:
საწყის ეტაპზე საჭიროა ტკივილის გამომწვევი მიზეზის გამოვლენა. ორგანიზმს აქვს სპეციალიზებული ნერვული დაბოლოებები - ნოციცეპტორები, რომლებსაც აქვთ მავნე სტიმულის აღმოჩენის უნარი: მაღალი ხარისხის თერმული (სითბო/სიცივე), მექანიკური (ზეწოლა,ან დაზიანება), ქიმიური (დაზიანებული ქსოვილის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები) სტიმული აღიქმება ნოციცეპტორების მიერ, რასაც მოყვება ამ ინფორმაციის შემდგომი გავრცელება ნერვულ სისტემაში.
ტკივილის გასავრცელებლაად ნოციცეპტორი გამღიზიანებელს ელექტრონულ
(ნერვულ) იმპულსად გარდაქმნის, რომელიც სპეციალური გამტარი გზების - პერიფერიული ნერვების საშუალებით, საოცარი სისწრაფით, ვრცელდება. ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად სპეციალური ქიმიური ნივთიერება-ნეიროტრანსმიტერია საჭირო. მართებული იქნება , თუ მათ ქიმიურ მესინჯერებს ან კურიერებს დავარქმევთ.
ნოციცეპტორები განლაგებულია კანში, სახსრებში, კუნთებსა და შინაგან ორგანოებში.
რომელიმე ამ ორგანოში წარმოქმნილი ნერვული იმპულსი პერიფერიული ნერვების გავლით მიემართება ზურგის ტვინისკენ, სადაც ინფორმაციის პირველი, უმარტივესი დამუშავება ხდება. უკვე ამ დონეზე შესაძლებელია მოხდეს მტკივნეული ინფორმაციის შეცვლა, გაძლიერება, ან შესუსტება, ამავე დონეზე შესაძლოა გაჩნდეს პირველი დამცველობითი პასუხიც ტკივილზე.
ზურგის ტვინის სპეციფიური გზების გავლით ინფორმაცია აღწევს თავის ტვინის სხვადასხვა უბანს. გამტარი გზების მაქსიმალური კონცენტრაცია ხდება თალამუსში , ხოლო თავის ტვინის ქერქში, ხორციელდება ინფორმაციის ანალიზი და იმის აღქმა, თუ სად , რა და როგორ გვტკივა.
ხანგრძლივობის მიხედვით, შეგვიძლია ტკივილი მწვავე - ხანმოკლე და ქრონიკულ - ხანგრძლივ ტკივილად დავყოთ. ზოგჯერ ამატებენ მესამე - ქვემწვავე (გარდამავალ) ფორმასაც.
მწვავე ტკივლად მიჩნეულია მაქსიმუმ ერთი თვის ხანგრძლივობის ტკივილი.
მწვავე ტკივილი ძირითადად ადაპტაციურია და მისი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა. ნებისმიერი ჩვეულებრივი,ყოველდღიური მოვლენა,რომლის ხარისხი სცდება სხეულისათვის უსაფრთხო ნიშნულს, ტკივილად იქცევა. მაგ: სითბო და შეხება მტკივნეული გახდება, თუ მათი ინტენსივობა იმ დონეს მიაღწევს , რომ დამწვრობის, ან ქსოვილის დაზიანება-გაჭყლეტვის საშიშროება შეიქმნება. მსგავსი ინფორმაცია სხეულს დამაზიანებელი მიზეზის მოცილებისკენ უბიძგებს.
ქვემწვავე ტკვილი 1-2 თვის მანძილზე გრძელდება, ის შესაძლოა ქრონიკული ტკივლის წინამორბედად იქცეს.
ქრონიკული ტკივილი 2 თვეზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილია. უხშირესად ის კარგავს დამცველობით ფუნქციას და დამოუკიდებელ დაავადებად იქცევა, ქრონიკულ ტკივილს ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფიზიკური და ემოციური ზიანის მიყენება შეუძლია.
მწვავე ტკივილი, არასწორი მართვის პირობებში, თავდაპირველი მიზეზის მიუხედავად, შესაძლოა იქცეს ქრონიკულად,
არსებობს ტკივილის კლასიფიკაციის ბევრი სხვა მეთოდი. დაყოფა ხდება ნოციცეპტორების ჩართულობის, ეტიოპათოგენეზის, ლოკალიზაციის, გამომწვევი დაავადების ტიპის და ა.შ. მიხედვით. ეს რთული და ბევრისმომცველი თემაა და ამ ეტაპზე არ განვიხილავთ.
როგორ და რატომ უნდა ვმართოთ ტკივილი?
როგორც კი ტკივილი თავის დაცვით ფუნქციას ამოწურავს, ანუ მოგვაწვდის ინფორმაციას პრობლემის შესახებ, უმჯობესია მან არსებობა შეწყვიტოს. რაც მალე გათავისუფლდება ადამიანი ტკივილისგან, მით უკეთესი.
ტკივილის მართვის ყველაზე ოპტიმალური გზა ტკივილის გამომწვევი მიზეზის მოცილებაა. თუ ეს შეუძლებელია, ან მიზეზის მოცილების შემდეგ, ტკივილი რჩება, აუცილებელია მისი, როგორც ცალკე ფენომენის მკურნალობა.
გარდა იმისა, რომ მწვავე ტკივილი უსიამოვნო განცდაა, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ჯანმრთელობაზე, ძილსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, გახანგრძლივების და ცუდი მართვის შემთხვევაში, შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და ექიმის აქტიური ჩართულობის შემთხვევაშიც კი, დაუძლეველ პრობლემად იქცეს. ამიტომ, არ უნდა მოვითმინოთ ტკივილი, არ უნდა დაველოდოთ მის გაძლიერებას, დროულად დაწყებული მკურნალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია სრული გამოჯანმრთელებისთვის.
არსებობს მარტივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთა მოხმარება თვითდანიშნულებითაც შესაძლებელია. მათ არასტეროიდულ, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებლებს უწოდებენ (ინგლისური აბრევიატურით - NSAID). ჯგუფის სახელწოდება აჩვენებს, რომ მედიკამენტები მოქმედებენ ტკივილზე, ანთებაზე და ასევე, აქვთ სიცხის დამწევი ეფექტი (სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს). არჩევანი პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის, ხანგრძლივობის, უსაფრთხოების, და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით ხდება.
არასასურველია NSAID-ების თვითდანიშნულებით 10 დღეზე დიდხანს გამოყენება, ეფექტური მკურნალობის შემთხვევაშიც კი. თუ ტკივილგამაყუჩებელი უფრო ხანგრძლივად გჭირდებათ, უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, მოერიდეთ ორი NSAID-ის ერთდროულ გამოყენებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა. ყველა შემთხვევაში, უმჯობესია ტკივილის მკურნალობა იყოს კომპლექსური, მოიცავდეს არაფარმაკოლოგიურ მიდგომებსაც და განხორციელდეს პროფესიონალის ჩართულობით და მეთვალყურეობით.
სტატიის ავტორი
ნანი ბურდული,
ექიმი ნევროლოგი
R