„აბორტი ინტერნეტში მოძიებული წამლით ჩავიტარე და კინაღამ მოვკვდი“ - რისკი, რომლის გაწევაც ქალებს უკიდურესი სიღარიბის გამო უწევთ

პარტნიორისთვის არც მითქვამს, აზრი არ ჰქონდა. მაშინვე აბორტის გაკეთება გადავწყვიტე, თუმცა იმ პერიოდში არც ექოსკოპიაზე წასვლა შემეძლო და არც წამლის ყიდვა. მეგობარს ვთხოვე, ერთ-ერთ კლინიკაში დაერეკა და მედიკამენტური აბორტის ფასი გაეგო. უთხრეს, რომ დაახლოებით 200-300 ლარის ფარგლებში ჯდებოდა, ამას ემატებოდა კვლევებიც. თანხის შოვნა ვერ მოვახერხე, სასოწარკვეთილი ვიყავი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ არავის ჰქონდა დახმარების შესაძლებლობა. იმდენად გამოუვალი მდგომარეობა იყო, რომ მაშინ არც დავფიქრებულვარ, თვითნებურ აბორტს რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა“, - ეს Mkurnali.ge-ს 31 წლის რესპონდენტია თბილისიდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, თუმცა გვიამბობს თავის მძიმე ისტორიას თვითნებური აბორტისა და იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც ამას მოჰყვა.
უსახსრობის გამო გადაწყვიტა, თვითონ მოეძიებინა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მეთოდები, რომლებსაც ქალები სახლის პირობებში მიმართავდნენ:
„ქალების „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ფორუმებზე ვნახე სხვადასხვა მეთოდი. ერთი გოგონა წერდა, რომ ერთ-ერთი მცენარის ნაყენი უნდა მოგემზადებინა, 2-3 დღე, რამდენიმე საათით უნდა დამჯდარიყავი ზედ და ორთქლი თავისას იზამდა. ნაყენმა არ იმოქმედა და გადავწყვიტე, იმავე ჯგუფში ნაპოვნი წამალი მიმეღო. გოგოები წერდნენ, რომ ამ წამლით რაღაც დაავადებას მკურნალობდნენ, მაგრამ აბორტისთვისაც გამოიყენებდა. იმდენად ბევრი კომენტარი იყო, რომ გადავწყვიტე მეც მეცადა და ჩემი უბნისგან მოშორებით, არა სახელობით აფთიაქს მივაკითხე. როგორც კი წამლის სახელი და დოზა ვუთხარი, ფარმაცევტი მაშინვე მიხვდა რისთვის მინდოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს და გამომატანა. მივიღე იმ წესით, როგორც ჯგუფში წერდნენ და იმავე ღამეს დამეწყო მცირე გამონადენი. ჩავთვალე, რომ მეთოდმა იმუშავა და მორჩა ყველაფერი, მაგრამ რამდენიმე დღეში კინაღამ მოვკვდი. საღამოს ცუდად გავხდი, მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, რომ სახლის კარს ღიას დავტოვებდი და თუ ვეღარ ვუპასუხებდი, მოსულიყო. მთელი საღამო სისხლდენა მქონდა, მე თვითონ შემეშინდა და სასწრაფო გამოვიძახე. თურმე გულწასული გადამიყვანეს კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ ნაყოფი ბოლომდე ვერ ჩამოიშალა და ორგანიზმი მეწამლებოდა, წუთი-წუთზე მივასწარი. გამიკეთეს გამოფხეკა, რამდენიმე დღით დამტოვეს კლინიკაში და გამომიშვეს სახლში. ინფექციამ და გამოფხეკამ ჯანმრთელობა გამინადგურა, დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ უუნარო ვიყავი, ვეღარ ვმუშაობდი...“.
31 წლის რესპონდენტი გვიყვება, რომ მის მდგომარეობაში დღესაც ბევრი ქალია, რასაც „ფეისბუქ“ ჯგუფებსა და ფორუმებში დატოვებული კომენტარებიც მოწმობს. თავისი გამოცდილების შემდეგ ანონიმურად აფრთხილებს სხვებსაც, თავი შეიკავონ თვითნებური აბორტისგან. მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და სახელმწიფოსგან უყურადღებობა განაპირობებს იმას, რომ ქალებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა:
„იმ წამს, როცა აბორტის გაკეთება მჭირდებოდა, არანაირი რესურსი არ გამაჩნდა, რომ ექიმთან მივსულიყავი და თუნდაც ექოსკოპია გადამეღო, სასოწარკვეთილი ვიყავი და როგორც ჯგუფში ვნახე, ბევრი ქალია ჩემსავით. ძალიან მძიმე რეალობაა. იმის გამო, რომ კლინიკაში მისვლა ასეთი ძვირი ჯდება, ქალებს სხვა გზა არ აქვთ და რისკავენ, რაც მერე შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ“.
Mkurnali.ge ესაუბრა კიდევ ერთ რესპონდენტს, რომელიც იმავე მედიკამენტის მიღების შედეგად კახეთში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიაზე გვიამბობს. შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა:
„25 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, რომელთაც 6 თვის პატარა ჰყავდათ, თურქეთის ცნობილ ბაზარში იყვნენ წასულები, რათა იქ შეეძინათ და შემდეგ საქართველოში გასაყიდად ჩამოეტანათ რაღაცები. თურმე გოგონა ორსულად ყოფილა, აბორტის თვითნებურად ჩატარება გადაუწყვეტია და წასვლამდე მიუღია ინტერნეტში ნაპოვნი წამალი. ქმარს ამის შესახებ გზაში უთხრა, როცა სისხლდენა დაეწყო. თურქეთში ჩასულები ორი დღით გაჩერდნენ სასტუმროში. ამასობაში სიმპტომები უარესდებოდა, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს. გოგონამ ბევრი სისხლი დაკარგა, ინფექცია განვითარდა და სამწუხაროდ, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ამ მედიკამენტზე ინტერნეტში ბევრი იწერება და ერთმანეთს ურჩევენ ხოლმე, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოს და გარისკვად ნამდვილად არ ღირს“, - გვიამბო წყარომ.
ინტერნეტში მოძიების შედეგად Mkurnali.ge-ს რედაქციამ მართლაც მარტივად აღმოაჩინა გარკვეული მეთოდები, რითაც ქალები ორსულობის თვითნებურად შეწყვეტას ცდილობენ.
კითხვები ერთ-ერთი ფორუმიდან:
უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წლებია ხვდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში. სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო ქალები ფაქტობრივად, იძულებულები ხდებიან, სიცოცხლისთვის საშიშ პროცედურებს მიმართონ:
„აბორტის ღირებულება ქალს რიგ შემთხვევებში უბიძგებს მიმართოს ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას, მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ორსულობის შეწყვეტისთვის მედიკამენტების მიღებას, რაც ხშირად იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას, ასევე სხვა სახიფათო ხერხებს, მაგალითად, დაცემას და სხეულის დაზიანებას ორსულობის შეწყვეტის მიზნით. ხშირად ქალები თავიანთი ძალებით ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას და სამედიცინო დაწესებულებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ეს დამოუკიდებლად არ გამოსდით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიკოსებიც.
2023 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის განხორციელების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, მათ ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილითაც მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს როგორც არსებულ ვითარებასთან, ისე ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით, კიდევ უფრო აუარესებს ქალების მდგომარეობას.
2024 წლის იანვრიდან ცვლილებების თანახმად, სავალდებულო გახდა კონსულტაცია სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი; ასევე, ქალებს დაეკისრათ მეორე ულტრაბგერითი კვლევის გაკეთების ვალდებულება პირველის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ და 10 კვირამდე ვადაზე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონართან არ არის დაკავშირებული - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო ასოციაციების მიერ მომზადებულ ღია წერილში ნათქვამი იყო, რომ კანონში არსებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ შემუშავებულ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გაიდლაინს, სერვისზე წვდომის კუთხით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და არღვევს ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლებას.
ექსპერტები განმარტავდნენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო შეიზღუდებოდა წვდომა უსაფრთხო აბორტზე, რადგან ქალებს დამატებითი პროცედურების გავლა მოუწევდათ, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის საჭირო პროცედურები არ იფარება არც საჯარო/საყოველთაო და არც რომელიმე კერძო დაზღვევით.
„ახალი რეგულაცია გაზრდის თვითნებური და არალეგალური აბორტების რიცხვს, რაც საფრთხის შემცველია და შესაძლოა ლეტალური გამოსავლით დასრულდეს, გამოიწვიოს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა“, - წერდნენ სპეციალისტები გავრცელებულ წერილში.
მიუხედავად ამისა, ცვლილებები უკვე თითქმის 1 წელია მოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განმარტავს, რომ უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდება, პირიქით, ახალი კანონმდებლობა ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს.