ქეთი ნემსაძე გარდაიცვალა
,,ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრის და ყველა ექიმისთვის, უამრავი პაციენტის და მათი მშობლებისთვის. გარდაიცვალა საქართველოს პედიატრთა აკადემიის დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალმედის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი პედიატრი ქეთი ნემსაძე.
უდიდესია ქ-ნ ქეთის წვლილი ქართული პედიატრიის განვითარებაში. ის არის ავტორი საქართველოს კანონის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამები ბავშვთა ასაკის დიარეული და რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ, „ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა“ (IMCI), რამაც უდიდესი როლი ითამაშა ქვეყანაში მწვავე დიარეული და რესპირაციული დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის შემცირებაში.
მისი ინიციატივით დაიგეგმა ქვეყანაში „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ შერჩევის პრაქტიკა; მას ეკუთვნის „ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შეფასების და ხელშეწყობის“ პროგრამის დანერგვა და ბავშვთა უფლებების საკითხის განხილვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე (ISPCAN-ის მანდატით), ქვეყანაში ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის განხორციელება (AIHA-ს მანდატით). ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა UNICEF-ის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს ცენტრალური ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებში (Regional Network for Children NGO/UNICEF of CEE/CIS and Baltic States), მისი ინიცირებულია კამპანია „ნუ დატოვებ ბავშვს მარტო (Leave No Child Out) ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ის აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის [ABM] და ძუძუთი კვების საერთაშორისო ქსელის (IBFAN) საქმიანობაში.
გარდა ამისა, ქეთი იყოს უბადლო ექიმი, სანიმუშო ხელმძღვანელი, საიმედო მეგობარი და კოლეგა, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე, დედა და ბებია.
დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – წერს ივანე ჩხაიძე.