კატარაქტისგან სრულად განკურნება ქირურგიული ჩარევით - ინტერვიუ ოფთალმოქირურგ მარიამ გოლოვაჩოვასთან
კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
როგორ ჩნდება კატარაქტა, შესაძლოა თუ არა მისი პრევენცია და რამდენად ეფექტური მკურნალობის მეთოდები არსებობს, ამის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა საუბრობს:
- რა არის კატარაქტა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას? საინტერესოა, ძირითადად, რა ასაკში ვლინდება და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?
კატარაქტა არის თვალის გამჭვირვალე ნაწილის, ბროლის, ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა, რის გამოც ხდება თვალში შემავალი სინათლის სხივების შეღწევის შეფერხება და ისინი ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე, შედეგად ვითარდება მხედველობის დაქვეითება.
კატარაქტა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, თუმცა ძირითადად თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებად იყოფა.
შეძენილი კატარაქტა შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვადასხვა ზოგად დაავადებასთან, მათ შორის ოფთალმოლოგიურ დაავადებებთან და ოპერაციებთან, ხშირია მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული (დიაბეტური კატარაქტა), დასხივებით გამოწვეული (ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება), ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, ტრავმული, ასაკობრივი ანუ ხანდაზმულთა კატარაქტა. ხანდაზმულთა კატარაქტა ძირითადად ვლინდება 60 წლის ზემოთ, თუმცა ბოლო პერიოდში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება.
ასაკობრივი კატარაქტის პრევენცია სამწუხაროდ არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება.
- რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას? რა არის მისი ადრეული ნიშნები, რითაც შეიძლება დროულად ამოვიცნოთ?
დეტალურად რომ განვმარტოთ, კატარაქტა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:
- მხედველობის დაბინდვა შორ და ახლო მანძილზე;
- ღამით მხედველობის გაუარესება;
- მგრძნობელობის მომატება შუქზე;
- განათების მომატების საჭიროება კითხვისას, თითქოს არ ყოფნის განათება;
- ჰალოები სინათლის წყაროს გარშემო;
- სათვალის ან ლინზის ხშირი შეცვლის საჭიროება;
- ფერების სიმკვეთრის შეცვლა, მოყვითალო ფერში აღქმა;
- მხედველობის გაორება;
- ცენტრალური კატარაქტის დროს მზეში მხედველობის დაქვეითება, საღამოს საათებში გაუმჯობესება;
- საკითხავი სათვალის გარეშე კითხვა 55 წლის ზემოთ, შორს მხედველობის გაუარესება.
პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
- რა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება კატარაქტის დიაგნოსტირება და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“?
კატარაქტის გამოსავლენად მნიშვნელოვანია სკრინინგი, აღარ ველოდებით კატარაქტის ე.წ. „მომწიფებას“, რადგან დროულად ჩატარებული ქირურგიული ჩარევა უფრო მარტივად იძლევა შედეგს როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის. კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციისთვის საჭიროა ნაკლები ულტრაბგერის გამოყენება, რაც ზოგავს დროს და შესაბამისად, ქსოვილებზე ზემოქმედებას და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია უფრო ხანმოკლეა.
კატარაქტის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია ნაპრალოვანი სანათით პაციენტის გამოკვლევა. თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა, რითაც აღჭურვილია „ნიუ ჰოსპიტალსი“, მნიშვნელოვანია კატარაქტის წინასაოპერაციო კვლევებისთვის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს უმაღლესი სიზუსტით გამოვთვალოთ ხელოვნური ბროლის დიოპტრიული მაჩვენებელი და შედეგად მივიღოთ იდეალური მხედველობა.
- საინტერესოა, როგორ ხდება პაციენტისთვის ბროლის შერჩევა?
„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თითოეული პაციენტისთვის ხდება ბროლის ინდივიდუალური შერჩევა, პაციენტის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით. პრემიუმ ხარისხის ბროლების საშუალებით შესაძლებელია მხედველობის ფოკუსირება სხვადასხვა მანძილზე. მათი მეშვეობით პაციენტს არ ესაჭიროება სათვალე არცერთ მანძილზე: კითხვისთვის, კომპიუტერისთვის და შორს ხედვისთვის. პრემიუმ ხარისხის ბროლებით ასევე შესაძლებელია არსებული თანდაყოლილი ასტიგმატიზმის კორექცია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ კატარაქტამდე არსებულზე უკეთესი მხედველობა. რა თქმა უნდა, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება სხვა თანმხლები ოკულარული პათოლოგიები.
კატარაქტის ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, არის უმტკივნეულო, გრძელდება 10-15 წუთი. პროცედურა - ფაკოემულსიფიკაცია სრულდება თანამედროვე ულტრაბგერითი მოწყობილობის საშუალებით, რქოვანაზე კეთდება 2 მმ-მდე ზომის განაკვეთი, რაც არ საჭიროებს ნაკერების დადებას.
- რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას პაციენტმა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ?
კატარაქტის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარტივია. პროცედურიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტმა აქტიური დატვირთვისა და მტვრიან გარემოში მოხვედრისგან თავი უნდა შეიკავოს. ფაქტობრივად, მეორე დღესვე ადამიანი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- შესაძლებელია თუ არა კატარაქტისგან სრული განკურნება?
კატარაქტის მკურნალობა არის მხოლოდ ქირურგიული, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აღენიშნება სხვა ოკულარული პათოლოგია, შედეგი - მხედველობის გაუმჯობესება თითქმის 97%-ია და ხდება დაავადებისგან სრული განკურნება. ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება არსებული კაფსულარული გამჭვირვალე ჩანთის შემღვრევა, მეორადი კატარაქტის განვითარება. მისი მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულად ლაზერული ქირურგიით, რომელიც არის ხანმოკლე, მარტივი და უმტკივნეულო პროცედურა.
R