News
ბრაზილიურ ოქროსფერ რეტრივერ რინგოს აქვს განსაკუთრებული გენეტიკური მუტაცია, რომელიც კუნთოვან დისტროფიას იწვევს, მაგრამ რაღაც უცნობი მექანიზმის წყალობით ძაღლი ამ დაავადებას არ ეპუება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მისი დახმარებით ამ სენის საწინააღმდეგო წამალს შექმნიან. ყველა მაჩვენებლის მიხედვით, ძაღლს უნდა დაეკარგა გადაადგილების უნარი, მაგრამ იგი ასაკის მიუხედავად (7 წლისაა) მშვენივრად დარბის და ხტუნავს. სპეციალისტები ირწმუნებიან, ძაღლი რომ მართლა ავად იყოს, ამ ასაკამდე ვერ მიაღწევდაო. გენეტიკური დარღვევების მიუხედავად, ცხოველის სიჯანსაღე ლაბორატორიულმა ტესტებმაც დაადასტურა.
სანპაულუელ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ საიდუმლოს ფარდას ახდიან. ამჟამად მკვლევართა ჯგუფი ძაღლის დნმ-ს სწავლობს, რათა დაავადებასთან ბრძოლის მექანიზმს მიაგნოს.
ადამიანებში კუნთოვანი დისტროფიის რამდენიმე ფორმა გვხვდება. ეს დაავადება უმეტესად ვაჟებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ. მათი კუნთოვანი კარკასი თანდათანობით დეგრადირდება, ვითარდება პროგრესირებადი დამბლა და პაციენტი კვდება. ცნობილია, რომ კუნთოვან დისტროფიას იწვევს კუნთოვანი ბოჭკოების სიმკვრივის შემანარჩუნებელი ცილის დისტროფინის ნაკლებობა. როგორც ადამიანებში, ისე ოქროსფერ რეტრივერებში დარღვევას განაპირობებს X ქრომოსომის გენეტიკური დეფექტები. მეცნიერთა თქმით, რინგო პირველი ძაღლია, რომელსაც დისტროფინი საერთოდ არ გააჩნია.
ნუში დიაბეტის წინააღმდეგ
ახლახან ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საკვები რაციონის ნუშით გამდიდრება დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას შეუშლის ხელს. ნუში დიაბეტის განვითარების ზღვარზე მყოფ ადამიანებში ინსულინისადმი მგრძნობელობას აუმჯობესებს, ქოლესტერინის დონეს კი ამცირებს. ამ მტკიცების შესამოწმებლად ნიუ-ჯერსის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 65 ადამიანი - 48 ქალი და 17 მამაკაცი მონაწილეობდა. მათ დიაბეტი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრულად მანიფესტირებული, თუმცა სპეციალისტებს არსებული მაჩვენებლები უკვე აღელვებდა.
გამოკვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი 55 წელი იყო. მოხალისეები ჯგუფებად დაყვეს. ერთ ჯგუფს მეცნიერები ნუშს აძლევდნენ. სწორედ ამ ჯგუფში გამოვლინდა სულ მალე თვითშეგრძნების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. პოზიტიური შედეგის მიზეზი ნუშის შემადგენლობაა: ცნობილია, რომ მასში არ არის ქოლესტერინი; ამასთანავე, თხილისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებისგან უჯრედისის, მაგნიუმის, ცილების, კალიუმის, სპილენძისა და E ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებს ექიმები ვეგეტარიანულად კვებას ურჩევენ
ამერიკელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ თირკმლის დაავადების დროს ბოსტნეულით მდიდარი მენიუ ორგანიზმში მინერალური ფოსფორის ტოქსიკურ დონემდე დაგროვებას უშლის ხელს. თირკმლისმიერი დარღვევების დროს ორგანიზმი ბოლომდე ვერ თავისუფლდება საკვები ცილის შემადგენლობაში შემავალი ფოსფორისგან. თირკმლის დაავადების დროს ფოსფორის მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რადგან ამ ელემენტის მაღალმა დონემ შესაძლოა გულის დაავადება და სიკვდილი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ფოსფორის დაბალი კონცენტრაციით მიღება, მისი შემცველობა არ არის მითითებული საკვების ეტიკეტზე.
ინდიანის უნივერსიტეტისა და Roudebush Veterans' Affairs Medical Center-ის ნეფროლოგებმა ფოსფორის დონეზე შეისწავლეს ვეგეტარიანული და ხორცის კერძების გავლენა თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების ორგანიზმზე. გამოკვლევის თითოეულ მონაწილეს ყოველი კვირის ბოლოს უკეთებდნენ ანალიზებს. მიუხედავად იმისა, რომ პროტეინისა და ფოსფორის რაოდენობა ორივე დიეტის შემთხვევაში ეკვივალენტური იყო, ვეგეტარიანელ პაციენტებს სისხლში ფოსფორის გაცილებით დაბალი დონე აღმოაჩნდათ, შარდით ფოსფორის გამოყოფაც შემცირებული იყო. ექიმებმა დაასკვნეს, რომ თირკმლისმიერი დაავადებების მქონე პაციენტთა ორგანიზმში ფოსფორის დონე ცილების წყაროზეა დამოკიდებული.
მენთოლიანი სიგარეტი თამბაქოს ყველაზე საშიში პროდუქტია
პენსილვანიელ მეცნიერთა აზრით, ყველაზე სახიფათოა მენთოლიანი სიგარეტები, რადგან ახალგაზრდები მოწევას სწორედ მათ გამო ვერ ანებებენ თავს. მენთოლი ნაერთია, რომელსაც შეიცავს პიტნა ან იწარმოება სინთეტიკურად. ცნობილია, რომ მას შესწევს უნარი, გაააქტიუროს სიცივის შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ნეირონები, ამიტომ სიგარეტის მოწევის პროცესში ადამიანი თამბაქოს მთელ სიმძიმეს ვერ გრძნობს, რაც, ცხადია, სულაც არ ამცირებს ორგანიზმზე მის მავნე ზემოქმედებას. მენთოლიან სიგარეტებს თამბაქოს მთელი ბაზრის 25% უკავია. მათ უმთავრესად მოზარდები (მწეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 50%) ეტანებიან.
ტესტებმა აჩვენა, რომ მენთოლიან სიგარეტებში ჩვეულებრივზე მაღალია ნახშირბადის ჟანგის, ნიკოტინის და კოტინინის შემცველობა. სიგრილე ხელს უწყობს მეტი ნიკოტინის მოხმარებას, რაც თამბაქოზე უფრო ძლიერ დამოკიდებულებას აპროვოცირებს.
საყვარელი მუსიკა და კომპიუტერული თამაში საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია
ნაოპერაციები ბავშვისთვის რეკომენდებულია კომპიუტერული თამაშებითა და საყვარელი მუსიკით გართობა, თუნდაც უფროსებისთვის ეს მიუღებელი იყოს, - ასე განაცხადა შვედეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ექსპერტმა სტეფან ნილსონმა. მან თავის დისერტაციაში დაამტკიცა, რომ ამ მცირე ცხოვრებისეულ სიამოვნებას პოსტოპერაციულ პერიოდში ანესთეზიის შეცვლა ძალუძს. ეს განცხადება დაადასტურა განსხვავებული სიმძიმის დაავადებების მქონე 200 სხვადასხვა ასაკის ბავშვის გამოკითხვამ. აღმოჩნდა, რომ თუ ნაოპერაციები ბავშვის ნარკოზიდან გამოსვლის პერიოდი საყვარელი მუსიკის ფონზე მიმდინარეობს, პატარები გაუტკივარებას ისე აღარ ითხოვენ. მეცნიერები ამ კანონზომიერებას იმით ხსნიან, რომ ნაოპერაციებ ბავშვს ყურადღება გადააქვს არა ტკივილზე, არამედ საყვარელ მუსიკაზე, რაც განცდების სიმძაფრეს ხსნის. მეორე მხრივ, ბავშვს ყოველთვის სიამოვნებს ნაცნობი მუსიკის მოსმენა და საყვარელი თამაშით გართობა, რაც განწყობის ამაღლებას და რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს. მეცნიერის აზრით, ეს დასკვნები ბავშვთა საავადმყოფოებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ევროკავშირი ფიტოპრეპარატების ასაკრძალავად ემზადება
მალე ბრიტანეთი ასეულობით მცენარეულ წამალს აკრძალავს. ფიტოპრეპარატების მწარმოებლებმა უკვე დაგმეს ეს ინიციატივა და მას დისკრიმინაცია უწოდეს. მიუხედავად ამისა, ეს აკრძალვა რამდენიმე თვეში შევა ძალაში. 2011 წლის 1 მაისიდან ყველა მცენარეული პრეპარატი და სამკურნალო მცენარე უნდა იყოს ლიცენზირებული ან გამოიწეროს რეგისტრირებული ფიტოთერაპევტის მიერ 2004 წელს ევროკავშირში მიღებული დირექტივის თანახმად.
სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პრეპარატების რეგულაციის ბრიტანულმა სააგენტომ (MHRA) ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა ბალახეული წამლების მავნებლობის შესახებ. კერძოდ, ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია არისტოლოჰიამ - ეს შხამიანი მცენარეა, რომელმაც ორ ქალბატონს თირკმელები განუკურნებლად დაუზიანა. თავის მხრივ, ფიტოთერაპევტები აცხადებენ, რომ ლიცენზირებისთვის საჭირო უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მოთხოვნას მცენარეული პრეპარატების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს, რადგან ფიტოპრეპარატები არ ჰგავს ჩვეულებრივ წამლებს.
ექსპერტები შიშობენ, რომ ეს აკრძალვა მდგომარეობას გააუარესებს - პაციენტები, როდესაც აფთიაქში ფიტოსაშუალებას ვერ შეიძენენ, მიმართავენ ინტერნეტმაღაზიებს, რაც გაცილებით საშიშია, რადგან ინტერნეტით გაყიდულ პროდუქტზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.
წელის არეში ჭარბი ცხიმის დაგროვება კიბოს აპროვოცირებს
წელის არეში ჭარბი ცხიმის მქონე ქალების ნახევარზე მეტს კიბოს განვითარებისადმი მიდრეკილება აღენიშნება. იზრდება ამ დაავადების ყველა ტიპის განვითარების ალბათობა, მაგრამ ყველაზე მეტად მოსალოდნელია მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს კიბო. ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ სიმსუქნე მამაკაცებში უფრო ხშირია, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეს პრობლემა ნაკლებად ემუქრებათ (32% 44%-ის წინააღმდეგ). ექსპერტების აზრით, ქალის წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 80 სმ-ს, ხოლო მამაკაცისა - 94-ს, თუმცა აზიელი მამაკაცებისთვის ნებადართულია 90 სმ.