გარდაიცვალა ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი დავით თელია
ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გარდაიცვალა მამა - დავით თელია.
პანაშვიდი - კვირა, ორშაბათი...
გასვენება - სამშაბათი...
მისამართი: ა. ანტონოვსკაიას N9ბ"- წერს ზაზა თელია.
ექიმი დავით თელია 1954 წლის 30 ივნისს, თბილისში დაიბადა.
დავით თელია კლინიკურ (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწეოდა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. იყო კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობდა მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.
დავით თელია, გამორჩეულ პროფესიონალიზმთან ერთად, იყო გამორჩეულად გულისხმიერი, ყურადღებიანი ექიმი, ნებისმიერ დროს მზად იყო პაციენტთა დასახმარებლად.
დავით თელიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული მედიცინისთვის.
"მკურნალის" რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს, პაციენტებს.