პერუში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გინესის წიგნში შესატანად წარადგინეს - ის 124 წლისაა
მას შემდეგ, რაც ბრიტანელი პენსიონერი, ჯონ ტინისვუდი, 111 წლის ასაკში ოფიციალურ რეკორდსმენად გამოცხადდა, პოტენციური ახალი რეკორდსმენი დაასახელა Pensión 65-მა, პერუს განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის სამინისტროს ეროვნულმა საპენსიო სისტემამ (Midis).
ხელისუფლების ცნობით, ადგილობრივი ფერმერი დაიბადა 1900 წელს. მისი სახელია მარსელინო აბად ტოლენტინო, ის ჰუანუკოს ცენტრალური რეგიონიდანაა, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ოფიციალური დოკუმენტების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული სახელმწიფო სისტემაში, სანამ სოციალურმა მუშაკებმა ის 2019 წელს იპოვეს. ამის შემდეგ მამაკაცს პირადობის მოწმობა და პენსია გადაეცა. სოციალურმა მუშაკებმა მოხსენებაც კი გააკეთეს, აღნიშნეს, რომ 119 წლის მოხუცი იპოვეს ქვეყნის შორეულ მხარეში.
ამის შემდეგ მოხუცს პირველად ჰქონდა წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.
მრავალი წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა განმარტოებით. ახლა კი ის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მარსელინომ აღიარა, რომ მისი ხანგრძლივობის ერთ-ერთი საიდუმლო არის კარგი ჯანმრთელობა, ბუნებრივ პირობებში ცხოვრება და ბუნებრივი პროდუქტები.
უყვარს ცხვრის ხორცი და ლაიმი. 7 წლის ასაკში დაობლდა. მშობლები ნავით მდინარის გადაკვეთისას გარდაეცვალნენ. ბიჭი ადგილობრივი მამულის მფლობელებმა წაიყვანეს.
ბავშვობიდან ზრუნავდა ცხოველებზე, უყურებდა სხვა ბავშვების სკოლაში წასვლას, მაგრამ მას ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. როდესაც ის უკვე სრულწლოვანი იყო, ფერმის მეპატრონეებმა მიატოვეს ქონება და მამაკაცი დარჩა აქ მარტო საცხოვრებლად, ოჯახის და მეგობრების გარეშე. ხანდახან დადიოდა სოფლის დღესასწაულებზე, ყიდდა ლოკროს (ადგილობრივი კერძი), რომელსაც თავად ამზადებდა, მუშაობდა ფერმებში და ცვლიდა ხილ-ბოსტნეულს მისთვის საჭირო ნივთებში. ასე გაგრძელდა „მაჩიკოს“ ცხოვრება მანამ, სანამ ის 2019 წლის 7 თებერვალს Pensión 65-ის სოციალურმა მუშაკმა არ იპოვა. იმავე წლის აპრილში იგი Midis-ის სოციალურ პროგრამაში დაემატა.
2024 წლის 5 აპრილს მან აღნიშნა თავისი 124 წლის იუბილე და ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორ უმასპინძლდებოდნენ დაბადების დღის უზარმაზარი ტორტით Casa Hogar Mis Abuelitos მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ის ახლა ცხოვრობს.
ქვეყანამ უკვე მიმართა ორგანიზაციას თავისი ქვეყნის მაცხოვრებლის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის თაობაზე.
ეს სტატუსი მამაკაცებს შორის ახლა ენიჭება 111 წლის ჯონ ტინისვუდს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც აღიარებულ იქნა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად, მას შემდეგ, რაც ვენესუელის მოქალაქე, ხუან ვისენტე პერეს მორა, გასულ კვირას 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ორგანიზაცია ამჟამად განიხილავს განაცხადს, მაგრამ სპიკერმა თქვა, რომ "გინესის მსოფლიო რეკორდების ჩანაწერი იღებს ბევრ განცხადებას მათგან, ვინც აცხადებენ, რომ არიან ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანები". განხილვა მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტების და სხვა მტკიცებულებების შესწავლას ექსპერტთა ჯგუფის მიერ. დადასტურების შემთხვევაში, ტოლენტინო დასახელდება ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად მსოფლიოში.
ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ქალი ესპანელი მარია ბრანას მორეა, ის 117 წლისაა.