12 მაისი ექთნების დღეა - რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ატარებს
ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს,მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. სწორედ ფლორენსის წყალობით დაფასდა ექთნის პროფესია. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალს სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.
საქართველოში ექთნის საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად 2024 წლის თებერვალში იქნა აღიარებული საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სერტიფიცირებას ექვემდებარება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობას.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთია საქართველოში იმ კლინიკებს შორის, სადაც საექთნო სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულადაა გამოყოფილი. კლინიკაში ამჟამად 425პროფესიონალი ექთანია დასაქმებული, 169 ახალგაზრდა კი ექთნის თანაშემწის(რეინჯერის) პოზიციაზე ეუფლება პროფესიონალის უნარ-ჩვევებს. „ნიუ ჰოსპიტალსის “საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბურდული აღნიშნავს, რომ თანამედროვე მედიცინაში ექთნების როლი და მნიშვნელობა პაციენტისათვის მაღალი ხარისხის,უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესში დიდია. ექთნის საქმიანობაზე დეტალურად მარიამ ბურდული გვესაუბრება.
რა არის ექთნის საქმიანობის მთავარი მიზანი?
ექთნის საქმიანობის მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობაზე უსაფრთხო და ეფექტური ზრუნვაა. ჩვენი მოვალეობა გამოჯანმრთელების პროცესის მართვაა.ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ვეხმარებით.
მეორე მხრივ, საექთნო სამსახური, სამედიცინო დაწესებულებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენს წარმოადგენს. პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ექთანი ატარებს. შესაბამისად, მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების ხარისხს და გამოჯანმრთელებული პაციენტის კმაყოფილებას.
კონკრეტულად რა ფუნქციები აკისრია ექთანს?
ექთნობა მრავალმხრივი პროფესიაა. ექთნის მიერ შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები პაციენტის მკურნალობის ქვაკუთხედია. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა სისრულეში ჩვენ მოგვყავს. ვზრუნავთ პაციენტის ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, ვცდილობთ დაავადების, მისი მკურნალობის შესახებ პაციენტის ცნობიერება ავამაღლოთ. ვასწავლით, სახლში გაწერის შემდეგ როგორ უნდა მოიქცეს.
რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ექთნის პროფესიონალიზმს?
ექთნის პროფესიონალიზმი განისაზღვრება როგორც მისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ისე ეფექტური კომუნიკაციის უნარით, საექთნო საქმიანობის ხარისხის მუდმივად განვითარებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაციენტთან ყველაზე მეტ დროს ექთანი ატარებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისი სამედიცინო პროფესიონალიზმი, ისე ადამიანური თვისებები. კვალიფიკაციის პარალელურად, აუცილებელია ექთანმა სწორი კომუნიკაცია დაამყაროს პაციენტსა და მის ახლობლებთან.
რა თვისებების ქონაა ექთნისთვის აუცილებელი?
მნიშვნელოვანია, რომ ექთანი იყოს გულისხმიერი და ემპათიური. მან აუცილებლად უნდა დაიცვას ეთიკისა და პროფესიის ნორმები. პაციენტის მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოს. ხშირად პაციენტის ემოციური მდგომარეობა სტაბილური არაა და ამ დროს ექთანმა კომუნიკაციის სწორი ფორმა უნდა შეარჩიოს. განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებაა საჭირო არასრულწლოვან პაციენტებთანაც.
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საექთნო პროფესიას?
საექთნო პროფესია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშეა. მცირეა საკადრო რესურსი. საჭიროა ამ პროფესიის მეტი პოპულარიზება, პროფესიონალების ქვეყნიდან გადინების შემცირება, მათი საქმიანობის მეტად დაფასება ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ექთნების სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საექთნო პროფესიის განვითარებას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას.
რას ეტყოდით ექთნებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით?
მინდა, საექთნო საქმის ყველა წარმომადგენელს მივულოცო პროფესიული დღესასწაული. ვუსურვო წარმატება და წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში. გახსოვდეთ, ჩვენი როლი სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დიდია. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ თითოეულ პაციენტს.
R