სვიის ნაერთი შეიძლება სიმსუქნის წინააღმდეგ გამოიყენონ
ჟურნალ „Microbiome“-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ეს ნივთიერება ხელს უწყობს ნაწლავებში საშიში ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას.
ახალ კვლევაში ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ქსანტჰუმოლის (XN) გავლენაზე ჯანმრთელობაზე. ეს ნივთიერება და მისი წარმოებულები, მათ შორის ტეტრაჰიდროქსანთოჰუმოლი (TXN), გვხვდება სხვადასხვა ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ქერქში, ფესვებში, ღეროებში, ჩაისა და ღვინოში. ქსანთოჰუმოლი არის ფლავონოიდი, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია სვია. ექსპერტებმა გამოიყენეს ახალი გამოთვლითი მეთოდი, რამაც შესაძლებელი გახადა მეტაბოლურ სინდრომზე TXN-ის ზემოქმედების მექანიზმის იდენტიფიცირება. ანალიზმა აჩვენა, თუ რომელი ტიპის ბაქტერიები აკონტროლებენ დაავადებასთან დაკავშირებული გენების ექსპრესიას. გამოდის, რომ TXN ძირითადად მუშაობს ნაწლავის მიკრობების შემცირების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმოვანი ქსოვილის მაკროფაგების უჯრედებში ანთებას, ასევე აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს.
ამრიგად, ცხიმოვანი საკვების მიღებისას, მეტაბოლური სინდრომისათვის დამახასიათებელი Oscillibacter ბაქტერია ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის ანთებას, რაც იწვევს დაავადებას. თავის მხრივ, TXN ხელს უწყობს Oscillibacter-ის სახეობების რაოდენობის შეზღუდვას.
მეტაბოლური სინდრომი დიაგნოსტირდება სულ მცირე ორი სიმპტომის დროს: აბდომინალური სიმსუქნე, ჰიპერტენზია, სისხლში შაქრის მაღალი დონე, „კარგი“ ქოლესტერინის დაბალი და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე. შემდგომში, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დისფუნქცია და დემენცია. მეტაბოლურ სინდრომს შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პროვოცირებაც.