ვინ და როგორ ისარგებლებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტებით
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტრის მოადგილე ეკა შარაძე:
ქალბატონო ეკა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ ბენეფიციარები უფასოდ?
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის მონაცემების შესწავლისა და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებების ანალიზის შედეგად, შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლიც უკვე დაინერგა და მას, ვისაც სახელწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, საგრძნობლად შეეხიდება.
უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ გატარებული ცვლილებებით, ქრონიკულ მედიკამენტებზე ლიმიტი მოიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარები უფასოდ მიიღებენ იმდენ წამალს, რამდენიც სჭირდებათ.
ამასთან, არსებულ პრეპარატებს დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების ნუსხა, რასაც ბევრი ჩვენი მოქალაქე ელოდა. ეს წამლები საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ სახელმწიფომ დაფინანსების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. შედეგად, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტი ტიპი 2-ის, პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.
ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით?
პროგრამით ისარგებლებენ:
- სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს)
- პენსიონერები
- ვეტერანები
- შშმ პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები)
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
როგორ უნდა ისარგებლოს ბენეფიციარმა ამ პროგრამით?
ბუნებრივია, ყველაფერი იწყება ოჯახის/ სოფლის ექიმთან ვიზიტით. პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.
ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ისარგებლებს თუ არ ამ პროგრამით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პენსიონერი ან შშმ პირი და ამ შემთხვევაში რამდენადაა შესაძლებელი დაზღვევის ოჯახის ექიმმა გამოწეროს უფასო მედიკამენტები?
რა თქმა უნდა, სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, მათ შორის კერძო დაზღვევაში ჩართულ პირებს. სქემა ასეთია - კერძო დაზღვევის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ზემოაღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს უფლება აქვთ, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით შეთავაზებული შესაძლებლობით და საჭირო ქრონიკული მედიკამენტები უფასოდ მიიღონ.
დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ქსელის აფთიაქებია წარმოდგენილი. კონკრეტულად სად შეძლებენ ბენეფიციარები უფასო მედიკამენტების მიღებას?
ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: „პსპ“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „ავერსი“ და „იმპექს ფარმი“
ერთ ჯერზე რა რაოდენობის წამლების მიღება იქნება შესაძლებელი?
ერთ ჯერზე, შესაძლებელია 3 თვის სამყოფი სამკურნალო პრეპარატების გამოწერა.
რეცეპტში მითითებული იქნება მედიკამენტის მოქმედი ნივთიერება თუ სავაჭრო დასახელება?
რეცეპტში აღინუსხება მედიკამენტის გენერიკული დასახელება. პროგრამის ფარგლებში, ასეთი 40 პრეპარატია განსაზღვრული, რომელთა შესაბამისი სავაჭრო დასახელებების სია საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანია.