„სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი“ - ფარმაცევტული კომპანიები ონკოპრეპარატებზე ფასებს 3-4-ჯერ ზრდიდნენ და, ფაქტობრივად, ონკოპაციენტებს წამლის გარეშე ტოვებდნენ
“ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.
„სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით. „ავერსის“ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას ("ჯი პი სი", "ფარმადეპო") შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და “მერმისის” შემთხვევაში 29 ფაქტს.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: “ავერსი”: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; “მერმისი”: 951 301 ლარი“,- ნათქვამია განცხადებაში.
"დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
"ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ".