"მკურნალის" განცხადება კახეთის გზატკეცილზე ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ მოზარდთან დაკავშირებით
მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან, ძაღლმა გაკაწრა, მშობლებმა მაშინვე აცრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს.
"მაღალი საზოგადო ინტერესის გამო შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.
ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს "კოსმონავტის" მენეჯერად, ასეთ ინფორმაციას ფლობს:
"გალფის" მიმდებარედ, დაახლოებით 200-300 მეტრში, არის ხილ-ბოსტნის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.
დაახლოებით 14-16 დღის წინ ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. როგორც ხილ-ბოსტნის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტნის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ ძაღლი ხილ-ბოსტნის მეპატრონემ იპოვა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით, ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე ხილ-ბოსტნის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.
სულ ეს არის ჯერ, რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით, რასაც გავიგებთ.
ყველა ძალას ვხმარობთ, დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ, "გალფის" კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილისგან, რომ ჩვენი კამერები ვერ წვდება ხილ-ბოსტნის მიმდებარე ტერიტორიას" - წერს ნინო ჯიბლაძე.
ყურადღება!!!
"მკურნალი" საჭიროდ თვლის, განგიმარტოთ, რომ რადგან ცოფის დიაგნოზი დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ცოფის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის გაკეთება. თუ ბავშვს ჩაუტარდა მხოლოდ ნაწილობრივი ვაქცინაცია - 2 ან 3 ინექცია, ეს არ არის საკმარისი და მას აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ყველა რევაქცინაცია. ეს უნდა იცოდნენ ბავშვის მშობლებმა. ზოგჯერ ხდება, რომ როდესაც დაკბენიდან მეორე-მესამე დღეს მშობლები შეიტყობენ, რომ ძაღლი ცოცხალია და კარგად არის, წყვეტენ ვაქცინაციის კურსს. ამ შემთხვევაში კი ძაღლის ცოფის დიაგნოზი მოგვიანებით გახდა ცნობილი.
ზოგადად, ცოფით დაავადებული ძაღლი 7-10 დღის განმავლობაში კვდება, ამიტომ როცა დაკბენილი ადამიანი იწყებს ვაქცინაციას, ამ პერიოდამდე მაინც უნდა მიადევნოს თვალი ცხოველს, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.
ვაქცინაცია აუცილებელი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცოფის მქონე ძაღლთან იყო კონტაქტში, მათ შორის მიმკედლებელი, რომელიც უვლიდა.