გულის კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“
იგივე გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. მისი საშუალებით, არაერთი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა ხდება. აღსანიშნავია, რომ გულის მრტ წარმოადგენს ე.წ. მაღალი დონის კვლევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ არის მარტივად ხელმისაწვდომი.
კვლევა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა, უკვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“. კლინიკაში კვლევა ტარდება Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით. აპარატისა და მისი შესაძლებლობების შესახებ დეტალურად ინტერვენციული კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტი ლიკა კაპანაძე გვესაუბრება.
რა სახის რადიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა?
გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გახლავთ მაღალი დონისა და განვითარების სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება. აპარატი ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას.
აღსანიშნავია, რომ გულის MRI გახლავთ არაინვაზიური კვლევა და რაც მთავარია, მაიონიზირებელი დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ მაღალი დონის გამოსახულებას.
ძალიან ხშირად, როდესაც კვლევის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა “ტომოგრაფია”, პაციენტს ჰგონია, რომ კვლევა ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გამოყენებით. თუმცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ გულისხმობს მაიონიზირებელი დასხივების გამოყენებას.
გულის მრტ კვლევა შეიძლება ჩატარდეს როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მისი გამოყენების გარეშე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლინიკური კითხვით არის გამოგზავნილი პაციენტი კვლევის ჩასატარებლად. სულ უფრო და უფრო მატულობს დაავადებების ჩამონათვალი რომლის დიაგნოსტიკისათვის ან შემდგომი მართვის პროცესში ხდება მრტ კვლევა მოწოდებული ამერიკისა და ევროპის გულის ასოციაციების მიერ.
რომელი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის უნდა მივმართოთ გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?
ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაფასებთ როგორც გულის ანატომიას, ფუნქციას, ისე სისხლის ნაკადს და ვახდენთ გულის ქსოვილის დახასიათებას.
და რაც უმთავრესია, გულის მრტ კვლევით არის შესაძლებელი გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერც ერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება. სწორედ ამიტომ ამ კვლევას დიდი როლი აქვს იმ დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვაში, რომლებიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით. ასეთია მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კვლევის ჩატარება დაავადების მწვავე ფაზაში, პირველი 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დავადგენთ, გვაქვს თუ არა საქმე გულის კუნთის ანთებასთან. შემდგომ პერიოდში პერიოდული მრტ მეთვალყურეობით შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ალაგდა ანთებითი პროცესი, ხომ არ მოხდა ნაწიბურის ჩამოყალიბება.
გულის მრტ კვლევა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირების დროს: გულის სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადება, როგორიცაა: ჰიპერტროფული კარდიომიოპათია, არითმოგენული კარდიომიოპათია; გულის კუნთის დაავადებები, მათ შორისაა კარდიომიოპათიები.
ამ კვლევით ვადგენთ, რა ქსოვილით არის ჩანაცვლებული გულის კუნთი, ნაწიბურია ის თუ ცხიმოვანი ქსოვილი. აღნიშნულის დადგენა სხვა არც ერთი არაინვაზიური კვლევის საშუალებით არ არის შესაძლებელი.
გულის მრტ კვლევა გამოიყენება გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით კომპლექსური თანდაყოლილი მანკების დროს. ასეთ პაციენტებში აღნიშნულმა კვლევამ ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), რომელიც ერთი მხრივ ინვაზიური კვლევაა, მეორე რიგში კი, მაიონიზირებელი დასხივების მქონე კვლევა.
გულის მრტ ასევე არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებისთვის, რომელთაც გულის სიმსივნური წარმონაქმნები/თრომბები აქვთ.
უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასა და სხვა რადიოლოგიურ კვლევებს შორის?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ კვლევა მაიონიზირებელი დასხივების გარეშე ტარდება.
კომპიუტერულ ტომოგრაფიისგან განსხვავებით, ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს და მის ფუნქციას. როდესაც საჭირო არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანების, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასება და ზუსტად ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის დათვლა, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა.
ექოკარდიოსკოპიისგან განსხვავებით, გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ნაწიბუროვანი ქსოვილით ან თუ რაიმე ნივთიერებებია დაგროვებული, ამის შეფასების საშუალებას მხოლოდ გულის MRI გვაძლევს. ამასთან ერთად გამოსახულების მიღება არ არის გაძნელებული ჭარბ წონის მქონე პაციენტებში, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს. ასევე ექოკარდიოსკოპიით შეზღუდულია გამოსახულების მიღება პაციენტებში ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ.
გულის მრტ ასევე იძლევა კარგ ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გვეხმარება პაციენტის მედიკამენტოზური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში.
როგორია გულის MRI კვლევის პროცედურა? რამდენ ხანს გრძელდება ის და სჭირდება თუ არა პაციენტს წინასწარი მომზადება?
მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40-60 წთ. რადგან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისათვის, აუცილებელია სუნთქვის შეკავება. ტარდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. უბრალოდ ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ ადეკვატური სუნთქვის შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.
გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.
დაბოლოს, ვიტყვი, რომ გულის მრტ კვლევის ჩატარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა, არამედ აუცილებელია სპეციალური პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა, გვაქვს სპეციალური პროგრამები, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. გარდა ამისა, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც თანაბრად არის პროფესიონალი როგორც რადიოლოგიაში, ასევე კარდიოლოგიაში.
R