მსოფლიო ლიტერატურის 15 მარგალიტი თქვენი სახლის კოლექციისთვის
საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვას ატარებს. მასში მონაწილეობა უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გარკვეული შედეგებიც გამოიკვეთა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც ახალ 15-ტომეულში შევა.
„ქალი ხავერდის ყელსაბამით“, ალექსანდრე დიუმა
ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს. ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.
„არასოდეს გამიშვა“, კაზუო იშიგურო
ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.
„მძიმე დროები“, ჩარლზ დიკენსი
„მძიმე დროები“ ჩარლზ დიკენსის რიგით მეათე რომანია, რომელიც პირველად 1854 წელს გამოიცა. რომანი გამორჩეულია რამდენიმე თვალსაზრისით. დიკენსის რომანებიდან ის ყველაზე მოკლეა. სხვა რომანებთან შედარებით თითქმის ¼-ია. „მძიმე დროები“ მისი ერთადერთი რომანია, რომელშიც მოქმედება ლონდონში არ ვითარდება. სიუჟეტი ვითარდება ფიქტიურ ვიქტორიანულ ინდუსტრიულ ქალაქში, რომელიც გარკვეულწილად მანჩესტერს წააგავს.
რომანი თავდაპირველად ყოველკვირეულ ჟურნალში იბეჭდებოდა. ფიქრობდნენ, რომ რომანი მისი გაყიდვების გაზრდას შეძლებდა და რეალურად ასეც მოხდა. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნების დღიდან მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსებისგან. რომანი გამოვიდა 20-ნაწილად, 1854 წლის 1 აპრილიდან 12 აგვისტომდე. აგვისტოში კი სრულად გამოიცა.
პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გახლავთ ლიტერატურული პროექტი, რომელმაც წიგნის პოპულარობა საქართველოში ახალ დონეზე აიყვანა, წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეავსო. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა, როდის გამოიცემოდა სერიის ახალი წიგნი და როდის წაიკითხავდა მას. სულ მალე კი მკითხველს კიდევ 15 წიგნის შეძენა შეეძლება.
გამოკითხვა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. მონაწილეობაში მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
R