News
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს დიალიზის აპარატი ("ხელოვნური თირკმელი"), რომელიც შესაძლებელია პაციენტის ორგანიზმში ჩაინერგოს. ახალი მოწყობილობა შეიქმნა, რათა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები სტაციონარის პირობებში ჰემოდიალიზის მუდმივი სეანსების აუცილებლობისგან გათავისუფლდნენ. რა სამწუხაროც უნდა იყოს, ფაქტია, რომ უამრავი ასეთი ავადმყოფი იღუპება ტრანსპლანტაციის მოლოდინში, რადგან დიალიზის თანამედროვე აპარატებს თირკმლის ფუნქციის მხოლოდ 13%-ის შესრულება ძალუძთ, დონორული ორგანოები კი მუდამ საჭიროზე ნაკლებია.
"ხელოვნური თირკმელი", რომელიც სან-ფრანცისკოში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს, ყავის ფინჯნის ოდენაა. მისი მუშაობის პრინციპი ჩვეულებრივი დიალიზის აპარატებისგან განსხვავდება - სისხლის ტოქსინებისგან გამწმენდ ტრადიციულ მიკროფილტრებთან ერთად მას აქვს ბიორეაქტორი თირკმლის მილაკების უჯრედებით, რომელიც თირკმლის მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს. ამასთანავე, მოწყობილობა არ საჭიროებს დამატებით კვებას - მასში ფილტრაცია სისხლის მიმოქცევის ხარჯზე ხორციელდება.
აპარატის ავტორთა გუნდის ხელმძღვანელს შუვო როის მიაჩნია, რომ საიმპლანტაციო "ხელოვნური თირკმლის" კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა გაზრდის თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფების ცხოვრების ხანგრძლივობასა და ხარისხს და ამასთანავე საგრძნობლად შეამცირებს ასეთი ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს.
მინა მზის სხივების მავნე ზემოქმედებას ვერ ასუსტებს
ცნობილია, რომ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ნაოჭებს აჩენს, ახლახან კი გაირკვა, რომ კანის ნაადრევი დაბერებისგან არც ის არის დაზღვეული, ვისაც მზის სხივები ავტომობილის მართვისას ან ფანჯარასთან ჯდომისას ეცემა. მინის გავლით კანზე მოხვედრილი ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანება შესაძლოა იმდენად სერიოზული იყოს, რომ სახის ის მხარე, რომელსაც გამუდმებით ეცემა სხივები, დროთა განმავლობაში ჩრდილის მხარეს მიქცეულთან შედარებით 7 წლით უფროსს დაემსგავსოს. კანისათვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ზაფხულობით ავტომობილის საჭესთან სულ რამდენიმე საათი ჯდომაც.
შემოდგომის მზის სხივების დამაბერებელი ეფექტიც გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ეს აღმოჩენა საფრანგეთში, ბეზანსონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაკეთდა. მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივი მინა B სპექტრის ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავდა, მაგრამ ატარებდა ულტრაიისფერი გამოსხივების A სპექტრს. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს კანის დამწვრობას და დაბერებას.
კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დაბერების პროცესი 2-ჯერ ჩქარდება - კანზე ჩნდება ნაოჭები, განსაკუთრებით შესამჩნევი და ღრმა - თვალების ირგვლივ, ცხვირსა და პირთან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტთან არსებული ჯანდაცვისა და სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ A სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივების მცირე დოზა, რომელიც ერთი ბრიტანელის მიერ შემოდგომის ჩვეულებრივ დღეს მიღებული დასხივების ეკვივალენტურია, 50-ჯერ ზრდის ფოტოდაბერებაში (კანის ნაადრევი დაბერება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მონაწილე გენების ექსპრესიას. ფოტოდაბერების ნიშნებია მუქი ლაქები, ნაოჭები, უხეში და მოშვებული კანი, სისხლძარღვების დასკდომა.
აღმოჩენილია ახლომხედველობის გენი
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ახლომხედველობასთან დაკავშირებული გენი, რაც ამ დაავადების გენური თერაპიის შექმნას შეუწყობს ხელს. დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა) თაოსნობით ჩატარებულ გამოკვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (მათ შორის - დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ავსტრალიის) 13 414 თეთრკანიან მოხალისეს ჩაუტარდა გენომის ანალიზი.
გაირკვა, რომ ახლომხედველობის განვითარება მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული დნმ-ის იმ უბანთან, რომელიც RASGRF1 გენის მუშაობაზე მოქმედებს. ეს გენი ნეირონებსა და თვალის ბადურაში ფუნქციობს, პასუხისმგებელია მხედველობითი მეხსიერების აღქმასა და ფორმირებაზე. მიღებული მონაცემების დასადასტურებლად მკვლევრებმა გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს RASGRF1 გენს მოკლებული თაგვები და მათ თვალის ბროლში გადახრები აღმოაჩინეს.
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აზიელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს კიდევ ერთი გენი - CTNDD2, რომელიც იაპონელებსა და ჩინელებში ახლომხედველობის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ ორი გამოკვლევის ხელმძღვანელის ტერი იანგის თქმით, რომელიმე დაავადების გენეტიკური საფუძვლების აღმოჩენიდან ამ დარღვევების კორექციის მეთოდების შემუშავებამდე, ჩვეულებრივ, არც ისე მცირე ხანი გადის. მაგრამ ვინაიდან თვალი მცირე ზომისაა და მაღალი ანატომიური თავისებურებებით გამოირჩევა, ამიტომ მასში შეყვანილი გენური პრეპარატის მნიშვნელოვანი კონცენტრაციის შენარჩუნება დიდი ხნით ხერხდება, ვინაიდან ის არ ხვდება სხვა ქსოვილებში. ამრიგად, ახლომხედველობის გენური თერაპია შესაძლოა საკმაოდ მალე შემუშავდეს.
სანკტ-პეტერბურგში შიდსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა გამოიცდება
რუსეთში შესაძლოა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო წამალი შეიმუშაონ. სანკტ-პეტერბურგში დასასრულს მიუახლოვდა აივ-ინფექციის კანდიდატური ვაქცინის ნიმუშის შექმნის პროცესი. რუსმა მეცნიერებმა უკვე მიიღეს რისკის ჯგუფში მყოფ მოხალისეებზე ახალი ვაქცინის გამოცდის ნებართვა.
სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ახლო მომავალში მეცნიერები შეძლებენ აივ-ინფექციის დამამარცხებელი პრეპარატის შექნას. დღესდღეობით ექიმებს მხოლოდ დაავადების განვითარების შეჩერება შეუძლიათ, მაგრამ აივ-ინფექცია საბოლოო განკურნებას ჯერჯერობით არ ექვემდებარება. დღეს მსოფლიოში აივ-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 მლნ-ს აღწევს, ხოლო შიდსით დაღუპულთა რიცხვი 25 მლნ-ს სჭარბობს. ვირუსოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ რაც უფრო მეტ მუტაციას განიცდის ვირუსი, მით უფრო იზრდება თერაპიისადმი მისი გამძლეობა.
B ვიტამინი ტვინის ატროფიას ანელებს
ვარაუდობენ, რომ B ვიტამინის დიდ დოზებს შეუძლია შეანელოს იმ ხანდაზმულთა ტვინის ატროფიის პროცესი, რომელთაც ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომები აქვთ. ტვინის მასის შემცირება ზომიერი კოგნიტური დარღვევის ანუ შემეცნებითი ფუნქციის შესუსტების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ვარაუდი სამეცნიერო დასაბუთებას საჭიროებს, მაგრამ თუ დადასტურდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი ალცჰაიმერის დაავადების შეფერხების საქმეში.
გამოკვლევა, რომლის შესახებ პუბლიკაცია ჟურნალ Public Library of Science One-ში დაიბეჭდა, ოქსფორდელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა მიიღო 168 ხანდაზმულმა ადამიანმა, რომელთაც ზომიერი კოგნიტური დარღვევები ჰქონდათ. მოხალისეთა ნახევარი ყოველდღე იღებდა B (B6 და B12) ვიტამინის რეკომენდებულზე 300-ჯერ მეტი დოზის შემცველ ტაბლეტებს, ნახევარს კი პლაცებო ეძლეოდა. ორი წლის შემდეგ მეცნიერებმა გამოკვლევის მონაწილეთა ტვინის მასის შემცირების სისწრაფე განსაზღვრეს. 60 წლიდან ტვინის მასა წელიწადში საშუალოდ 0,5%-ით მცირდება. ზომიერი კოგნიტური დარღვევების შემთხვევაში სიჩქარე 2-ჯერ მეტია, ხოლო ალცჰაიმერის დაავადების დროს - წელიწადში 2,5%.
ოქსფორდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ვიტამინებს იღებდა, ტვინის მასის შემცირების სიჩქარე საშუალოდ 30%-ით შეუმცირდა, ზოგიერთს გაუნახევრდა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინის ატროფია კოგნიტური დარღვევების არმქონე ამავე ასაკის ადამიანების მსგავსად უვითარდებოდათ. B ჯგუფის ვიტამინები (ფოლიუმის მჟავა, B6 და B12) აკონტროლებენ ჰომოცისტეინების დონეს. სისხლში ამ ნივთიერებების მდიდარი შემცველობა ტვინის ატროფიის პროცესს აჩქარებს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
გამოკვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ექსპერიმენტის დროს ტვინის მასის დაქვეითება B ჰომოცისტეინის დონეზე ვიტამინის ზემოქმედებამ შეანელა. ერთ-ერთი ოქსფორდელი მეცნიერის, პროფესორ სმიტის თქმით, მათი სამუშაოს შედეგი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ვიტამინები მოქმედებენ ტვინის სტრუქტურაზე, იცავენ მას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ალცჰაიმერის დაავადების შესაჩერებლად. ახლა საჭიროა გამოკვლევების ჩატარება, რათა გაირკვეს, მართლა შეუძლია თუ არა B ვიტამინის დიდ დოზებს ალცჰაიმერის დაავადების შეჩერება ზომიერი კოგნიტური დარღვევების მქონე ადამიანებში.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ: B ვიტამინის დიდი დოზებით მიღება არ ღირს. ბრიტანეთის სამედიცინო კვლევათა საბჭოს წარმომადგენლის კრის კენედის განმარტებით, B ვიტამინის მეტისმეტად დიდი დოზით მიღება საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ალცჰაიმერის დაავადება) პროფილაქტიკის მიზნით ასეთი ბიოდანამატების გამოყენებამდე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.