რა უნდა იცოდეს დიაბეტის მქონე პაციენტმა სისხლში დაბალი შაქრის ანუ ჰიპოგლიკემიის შესახებ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეს დიაბეტის მქონე პაციენტმა სისხლში დაბალი შაქრის ანუ ჰიპოგლიკემიის შესახებ?

დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დაქვეითებას განაპირობებს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები. სისხლში შაქრის ვარდნამ შესაძლოა, გამოიწვიოს სახიფათო, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ამ სტატიაში მოკლედ შევაჯამებთ იმ საკითხებს, რაც უნდა იცოდეს დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა ჰიპოგლიკემიის შესახებ.

1. რატომ არის სისხლში შაქრის ვარდნა ანუ ჰიპოგლიკემია საშიში?

შაქარი წარმოადგენს ენერგიის უნივერსალურ წყაროს ყველა უჯრედისთვის, შედარებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც საწვავი ავტომობილისთვის, ასეთივე საწვავია შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის. როდესაც შაქრის დონე სისხლში ქვეითდება (<70 მგ/დლ), ეს ნიშნავს რომ საწვავის გარეშე რჩება ორგანიზმი და ამას ყველაზე მეტად თავის ტვინი და ნერვული უჯრედები განიცდის. ეს არის გადაუდებელი და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა ვუმკურნალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გონების კარგვა და ჰიპოგლიკემიური კომა. ზოგჯერ, ჰიპოგლიკემიამ შეიძლება ინსულტის ან ინფარქტის პროვოცირებაც მოახდინოს.

2. რა იწვევს ჰიპოგლიკემიას?

დიაბეტის მქონე პაციენტებთან ჰიპოგლიკემიას ყველაზე ხშირად იწვევს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული პრეპარატები. დიაბეტის სამკურნალო წამლებიდან შაქრის ვარდნას ყველაზე ხშირად იწვევს ინსულინი, სულფონილშარდოვანას ჯგუფის მედიკამენტები (გლიბენკლამიდი, გლიმეპირიდი, გლიკლაზიდი, გლიპიზიდი) და გლინიდები (რეპაგლინიდი და ნატეგლინიდი). როდესაც პაციენტები ამ ჯგუფის მედიკამენტებს მოიხმარენ, აუცილებელია კვების რეჟიმი ზედმიწევნით იყოს დაცული, პაციენტმა კვება არ გამოტოვოს და ხშირად გაიზომოს სისხლში შაქარის დონე. უფრო იშვიათად, ჰიპოგლიკემია შესაძლოა გამოიწვიოს სხვა წამლებმაც, ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, კრიტიკულმა დაავადებამ, ჰორმონების დეფიციტმა და ა.შ.

3. როგორ უნდა ამოვიცნოთ სისხლში შაქრის ვარდნა ანუ ჰიპოგლიკემია?

მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა დროულად ამოიცნოს ჰიპოგლიკემია და დაუყოვნებლივ უმკურნალოს, რათა არ განვითარდეს საშიში გართულებები. საწყისი და მსუბუქი სიმპტომები მოიცავს: გულის აჩქარებას, გაბრუებას, ჭარბ ოფლიანობას, გაღიზიანებადობას, კანკალის შეგრძნებას ან კანკალს. მძიმე შემთხვევაში ამას ემატება მხედველობის დაბინდვა, კოორდინაციის დარღვევა, დაბუჟება, ცნობიერების დარღვევა, გონების კარგვა და კრუნჩხვა.

4. დიაბეტით დაავადებულ რომელ პაციენტებს აქვთ ჰიპოგლიემიის განვითარების მაღალი რისკი?

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომლებიც დიაბეტის სამკურნალოდ იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლია გვერდითი ეფექტის სახით გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება: ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, გლინიდები. ასეთ პაციენტებს შაქრის ვარდნის რისკი აქვთ თუკი მოიხმარენ დიდი ოდენობით ალკოჰოლს, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანდაზმული პაციენტები. გარდა ამისა, დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც არ იცავენ კვების რეჟიმს და ხშირად ტოვებენ/აგვიანებენ კვებას, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფიზიკური აქტივობა საკმარისი კვების გარეშე და პაციენტები, რომლებიც დიდი დოზებით იყენებენ ინსულინს.

5. როგორ მოვახდნით ჰიპოგლიკემიის მკურნალობა და პრევენცია?

სისხლში დაბალი შაქარი არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში. მსუბუქი სიმპტომების დროს რეკომენდებულია მივყვეთ ე.წ. „15-ის წესს“. მივიღოთ 15 გრამი ნახშირწყალი ან მარტივი შაქარი, მაგ., 15 გრამი ნახშირწყალი არის 1 სუფრის კოვზი შაქარი გახსნილი წყალში ან 1 სუფრის კოვზი თაფლი ან 150 მლ ტკბილი წვენი, 15 წუთში გავიზომოთ შაქარი სისხლში და თუ არ არის გაუმჯობესებულია, ისევ მივირთვათ 15 გრამი ნახშირწყალი და 15 წთ-ში ისევ გავიზომოთ და ასე გავაგრძელოთ მანამ, სანამ შაქარი სამიზნე ფარგლებს არ მიაღწევს. იმისათვის, რომ არ გამეორდეს შაქრის ვარდნა, აუცილებელია შაქრის ნორმალიზების შემდეგ მიირთვათ ნახშირწყლების შემცველი საკვები (მაგ., რუხი პური, წიწიბურა, შვრია და სხვ.) მძიმე შემთხვევებში კი, როცა პაციენტს არ შეუძლია პირით მიიღოს საკვები ჰიპოგლიკემიის მკურნალობა ხდება გლუკოზის ინტრავენური გადასხმით ან სპეციალური ჰორმონის გლუკაგონის ინექციით.

ჰიპოგლიკემიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა გლუკომეტრით სისხლში შაქრის ხშირი განსაზღვრა და კარგი თვითკონტროლი. გარდა ამისა, კვების რეჟიმის დაცვა და ფიზიკური აქტივობისა და კვების რუტინის დაგეგმვა მკურნალ ენდოკრინოლოგთან ერთად.

სტატიის ავტორი: საქართველო-ისრაელის სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორის“ ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ექიმი ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

R