100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკითაა დაავადებული - გაიგეთ, ორსულობის რა ვადაზე ვითარდება პათოლოგია და რა იწვევს მას
გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ბავშვების 25%-ს კარდიოქირურგიული ჩარევა ან პროცედურა სჭირდება ცხოვრების პირველი წელიწადის განმავლობაში. გულის თანდაყოლილი მანკის მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორის გამოყოფენ მარტივ და რთულ, კომბინირებულ ვარიანტებს. მარტივ შემთხვევებში ზოგჯერ პაციენტს ჩარევა არ სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რთული მანკების დროს რამდენიმე რთული კარდიოქირურგიული ჩარევის ჩატარება არის საჭირო და ზოგჯერ გულის ტრანსპლანტაციისაც.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი ეკატერინე კაპანაძე განმარტავს, რომ გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი 6 კვირის განმავლობაში ხდება. გულის მანკთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალურად თავად ეკატერინე კაპანაძე გვესაუბრება.
გულის თანდაყოლილი რომელი პათოლოგიები გვხვდება ყველაზე ხშირად?
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირი გულის თანდაყოლილი მანკი გახლავთ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. მოგეხსენებათ, ადამიანს 4-კამერიანი გული აქვს, რომელიც ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისაგან შედგება. პარკუჭების შორის არის ე. წ. პარკუჭთაშუა ძგიდე. მის მთლიანობაში თანდაყოლილი დარღვევის არსებობის დროს დაავადებას ეწოდება პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. მისი მრავალი სახეობა არსებობს. შეიძლება იყოს მცირე, ძგიდის კუნთოვან ნაწილში არსებული დეფექტები, რომელმაც პაციენტს ცხოვრების მანძილზე არანაირი პრობლემა არ შეუქმნას და თავისითაც შეხორცდეს. მეორე მხრივ, თუ დეფექტი დიდი ზომის არის, შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის ნიშნებით და დროული კარდიოქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რათა მეორადად ფილტვების დაზიანება ავირიდოთ თავიდან. დეფექტის მნიშვნელობა აუცილებლად კარდიოლოგმა უნდა შეაფასოს. ამ დროს დეფექტის ზომის გარდა სხვა მეორად ნიშნებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი გულის თანდაყოლილი მანკის კიდევ ერთი ხშირი სახეობაა. ის წარმოადგენს ხვრელს გულის ზედა კამერებს, ანუ წინაგულებს შორის. ამ შემთხვევაშიც ხვრელი შეიძლება იყოს უმნიშვნელო და ჩარევა არ სჭირდებოდეს. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ის დიდი ზომის იყოს და სჭირდებოდეს ე.წ. ენდოვასკულური (ანუ სისხლძარღვიდან მიდგომით, ოპერაციის გარეშე) მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა.
აორტის ორკარედა სარქველი - ამ სახელით არის ცნობილი გულის თანდაყოლილი მანკის კიდევ ერთი ტიპი. აორტა გახლავთ ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი სისხლძარღვი, რომელიც მარცხენა პარკუჭიდან გამოდის. გამოსვლის ადგილას აქვს ე. წ. აორტის სარქველი, რომლის ფუნქციაც გახლავთ მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს გაიხსნას, გაატაროს სისხლი აორტაში, შემდგომ დაიხუროს და ხელი შეუშალოს სისხლის უკან დაბრუნებას. აორტის სარქველი ნორმაში შედგება სამი კარედისგან. თუმცა არსებობს თანდაყოლილი ანომალია, როდესაც ის ორი კარედით არის წარმოდგენილი და მისი ფუნქცია დარღვეულია. აღსანიშნავია, რომ აორტის ორკარედა სარქვლის პირველადი დიაგნოსტიკა ხშირად მოზრდილთა ასაკში ხდება, როდესაც სარქვლის ფუნქციები ირღვევა
რა იწვევს გულის თანდაყოლილ მანკს?
გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი 6 კვირის განმავლობაში ხდება. გამომწვევ მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირად, აღნიშნავენ ინფექციური დაავადების ან --- მედიკამენტის ზემოქმედებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, ინფექციური დაავადება (წითურა, წითელა) ან გრიპის ვირუსი, რომელიც დედამ ორსულობის დასაწყისში გადაიტანა. ასევე კონკრეტული მედიკამენტების, მათ შორის, იბუპროფენის ან აკნეს მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტების ზემოქმედება. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მავნე ჩვევებიც, როგორიცაა: ნარკოტიკი, თამბაქო, აკრძალული ნივთიერებები. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად გულის თანდაყოლილი მანკის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელიც არის.
როგორ ხდება გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტიკა?
პირველადი დიაგნოსტირება, როგორც წესი, მარტივი კვლევებით ხდება. ესენია: გულის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია. თუმცა რიგ შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარებაც, როგორიცაა: დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ა.შ.
გულის ულტრასონოგრაფიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს როგორც დიაგნოზის დასმაში ასევე, შემდგომი კვლევების და მკურნალობის დაგეგმვაში გულის თანდაყოლილი მანკის დროს. თუმცა ასევე საჭიროა, რომ კვლევა სათანადო აღჭურვილობით გულის თანდაყოლილი მანკის სპეციალისტის მიერ შესრულდეს.
შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს გულის თანდაყოლილი მანკის გამოვლენა?
გარკვეული ტიპის გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება შესაძლებელია მუცლად ყოფნის პერიოდიდან, კერძოდ, 16-18 კვირიდან. მუცლად ყოფნის დროს ჩატარებული ექოკარდიოსკოპია ძალიან გვეხმარება ისეთი კრიტიკული გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენაში, რომლებსაც დაბადებისთანავე სჭირდება ჩარევა. უკვე დიაგნოსტირებული მანკის შემთხვევაში მედ. პერსონალი და პაციენტის მშობლები ბავშვის დაბადებას შესაბამისად მომზადებული ხვდებიან, თუმცა გარკვეული სახეობის მანკების დიაგნოსტირება მუცლად ყოფნის დროს არ არის შესაძლებელი.
ორსულობის დროს შეიძლება დაფიქსირდეს გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ნაყოფისთვის დასაშვებია, თუმცა დაბადების შემდეგ უნდა მოგვარდეს. ამ დროს ბავშვის დაბადების შემდეგ საჭიროა გეგმური კვლევები, რათა ყველა სახეობის გულის თანდაყოლილი მანკის გამოირიცხოს.
როგორია დაავადების სიმპტომები?
დაავადების სიმპტომები დამოკიდებული პაციენტის ასაკზე და რა თქმა უნდა, გულის თანდაყოლილი მანკის სახეობაზე. სიმპტომები განსხვავებული და მრავალრიცხოვანია.
ჩვილობის ასაკში ეს შეიძლება იყოს: გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კვნესა კვების დროს, კვების დროის გახანგრძლივება, აჭრელებული კანი, კიდურების შეშუპება, სილურჯე, ხმაურიანი სუნთქვა, ხშირი ავადობა რესპირატორულ ვირუსული ინფექციებით.
სკოლამდელი, სკოლის და მოზარდობის ასაკში შემდეგი სიმპტომები გვხვდება: ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის ან გულმკერდის არეში, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, გონების კარგვის ეპიზოდები, გულის ფრიალის შეგრძნება, შეშუპება, სილურჯე, ზოგჯერ ყლაპვის გაძნელებაც კი.
აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკი ხანდაზმულ ასაკშიც კი შეიძლება გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, უკვე გართულებებით ვლინდება. ეს გართულებებია: სხვადასხვა სახეობის არითმია ან გულის უკმარისობა.
როგორ ხდება გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა? როდის არის რეკომენდებული ოპერაციის ჩატარება?
მკურნალობის სახეობა და დროულობა დამოკიდებული მანკის სახეობასა და პაციენტის ასაკზე. ეს საკითხი წყდება ინდივიდუალურად და კონკრეტული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ქირურგიული ჩარევაა საჭირო და მათგან პირველი სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ტარდება. სხვა შემთხვევაში პრობლემის მოგვარება ქირურგიული ჩარევის გარეშე, ენდოვასკულური მანიპულაციით ხდება. ამ შემთხვევაში პაციენტი მეორე დღეს კლინიკიდან ეწერება ბინაზე და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, 2 თვეში კი უკვე შეუძლია სპორტსაც დაუბრუნდეს.
შესაძლებელია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის პრევენცია?
გულის თანდაყოლილი მანკის პრევენცია ყველა შემთხვევაში შესაძლებელი არ არის, ვინაიდან გამომწვევი ფაქტორი ყოველთვის ცნობილი არაა. ორსულობის დაგეგმვისა და მიმდინარეობისას აუცილებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ორსულობაში უნდა მოერიდოთ გარკვეული ნივთიერებების და წამლების მიღებას, დაიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან.
ზოგადად, საჭიროა თუ არა ბავშვის კარდიოლოგიური კონტროლი თუ მას ჩივილები არ აქვს?
გეგმური კარდიოლოგიური კონტროლი კონკრეტულ შემთხვევებშია საჭირო. მაგალითად, თუ პირველი რიგის ნათესავებს დადგენილი აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი, აუცილებელია პაციენტი პროფილაქტიკურად გაისინჯოს. ასევე თუ ბავშვის ნათესავებში ადგილი ჰქონდა უეცარი სიკვდილის განვითარებას 50 წლამდე ასაკში.
ასევე მიმაჩნია, რომ სასურველია კვლევა ჩატარდეს მანამ, სანამ ბავშვი ჩაერთვება სპორტულ აქტივობაში, რათა გამოვრიცხოთ ისეთი მანკები, რომლის დროსაც პირველი გამოვლენა შეიძლება დაფიქსირდეს სპორტული დატვირთვის დროს და სავალალო შედეგი დადგეს.
R