ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. რას წარმოადგენს ეს დაავადება?
მარბურგის ვირუსზე წინასწარი ტესტები დადებითი იყო. ასევე დაფიქსირდა მინიმუმ 16 შემთხვევა მსგავსი სიმპტომებით: ცხელება, სისხლიანი ღებინება, ძლიერი სისუსტე.
მარბურგის ვირუსი აღმოაჩინეს 1967 წელს. ევროპელმა მეცნიერებმა უგანდადან გამოიყვანეს მაიმუნების ჯგუფი კვლევისთვის, რის შემდეგაც დაავადების ორი აფეთქება დაფიქსირდა - გერმანიაში, მარბურგსა და ფრანკფურტში და სერბეთში, ბელგრადში.
მარბურგის ვირუსის მტარებლებად ღამურები ითვლება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ინფექცია შეიძლება მოხდეს გამოქვაბულებში ხანგრძლივი ყოფნით, სადაც ეს ცხოველები ცხოვრობენ, ასევე ინფიცირებული ხილის ჭამით ან ინფიცირებული ადამიანების სხეულის სითხეებთან კონტაქტით.
მარბურგის ვირუსის სიმპტომები
მარბურგის ვირუსით გამოწვეული ჰემორაგიული ცხელება ადამიანებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ასეთი შემთხვევების ლეტალობა 40%-დან 90%-მდე მერყეობს. სიმპტომებია შინაგანი და კანის სისხლდენა, თავის და კუნთების ძლიერი ტკივილი, ცხელება, წყლიანი დიარეა, გულისრევა და ღებინება.
ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შვიდ დღეს გრძელდება, რის შემდეგაც ტემპერატურა მკვეთრად მატულობს 40-41 გრადუსამდე, მძიმე ფებრილური მდგომარეობა გრძელდება დაახლოებით ხუთიდან შვიდ დღემდე, შემდეგ უმეტეს შემთხვევაში დგება ლეტალური გამოსავალი.
ადამიანიდან ადამიანზე მარბურგის ვირუსი ძირითადად სისხლით და სხვა სითხეებით გადადის.
ვირუსი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამავდროულად, მარბურგი ძალიან აქტიურად იქნა გამოკვლეული, როგორც ბიოლოგიური იარაღი.
მარბურგის ვირუსის მკურნალობა
მარბურგის ვირუსით გამოწვეული ჰემორაგიული ცხელების სპეციფიური მკურნალობა დღემდე არ არსებობს. ავადმყოფობის შემთხვევაში პაციენტებს უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა,
ასევე არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინები მარბურგის წინააღმდეგ,
გავრცელების რისკები
ვირუსოლოგების თქმით, მარბურგის ვირუსს არ აქვს სერიოზული ეპიდემიის პოტენციალი. მთავარ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ დაავადება გაცილებით უფრო ნელა ვრცელდება, ვიდრე, მაგალითად, კორონავირუსი.
რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით იმავე რაიონებში, მძიმე აფეთქებები გამოიწვია მარბურგის ვირუსის მსგავსმა ებოლამ.