News
ამერიკელმა მეცნიერებმა ქალებისთვის გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელი ახალი და საკმაოდ ზუსტი ფორმულა გამოიყვანეს.
გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირე (გშმს) პულსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომლის მიღწევაც კი შესაძლებელია დატვირთვის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად. მას გამოთვლიან ფიზიკური ვარჯიშის დროს ოპტიმალური დატვირთვის შესარჩევად, ასევე - გულის დაავადებათა დიაგნოსტირებისას ფიზიკურ დატვირთვაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის შესაფასებლად. აქამდე ქალებში გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელად მამაკაცებისთვის გამოყვანილ ფორმულას იყენებდნენ.
ამ ფორმულის მიხედვით, გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირე ამგვარად გამოითვლება: 220 მინუს ასაკი (წლებში). ილინოისის ევანსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 35 წელს გადაცილებული 5437 ჯანმრთელი ქალის დატვირთვის ტესტების შედეგები გააანალიზეს და ქალებისთვის გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის გამოსათვლელი უფრო ზუსტი ფორმულა გამოიყვანეს. ამ ფორმულის მიხედვით, გშმს უდრის 206-ს მინუს ასაკის 88%. მკვლევართა მიერ მიღებული ფორმულით უფრო ზუსტად მოხერხდება სპორტული დატვირთვის გამოთვლა და ავადმყოფობის დროს გულის ფუნქციების დარღვევის შეფასება.
ვარჯიშის დროს დატვირთვის ოპტიმალური მოცულობა გულის შეკუმშვათა მაქსიმალური სიხშირის 60-85%-ის ფარგლებში მერყეობს.
ამერიკელმა მეცნიერებმა კეროვან ალოპეციასთან დაკავშირებული რვა გენი აღმოაჩინეს
კოლუმბიის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა გამოკვლევა ჩაატარა კეროვანი ალოპეციის მიზეზების გამოსავლენად. გამოიკვლიეს ბუდობრივი ალოპეციის მქონე 1054 პაციენტი და შეისწავლეს თმის ცვენის პრობლემის მქონე 3278 პირის გენომი. შედეგად გამოავლინეს რვა გენი, რომელთა ფუნქციაც გამელოტებას უკავშირდება. სახელდობრ, მეცნიერებმა გამელოტების პრობლემის მქონეთა თმის ფოლიკულებში აღმოაჩინეს ULBP3 ცილის მაკოდირებელი გენომი, რომელიც, წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო. მკვლევართა თქმით, ამ ცილით "მონიშნულ" უჯრედებს იმუნური სისტემა ანადგურებს, რაც იწვევს კიდეც თმის ცვენას.
დაავადების განვითარების ალბათობას დაუკავშირეს ასევე თმის ფოლიკულებში ორი სხვა გენის - PRDX5 და STX17 - არსებობა. დაბოლოს, გამოავლინეს ხუთი გენი, რომლებიც იმუნურ სისტემას ზემოხსენებული პროცესებისკენ მიმართავდა. ამ გენების ფუნქციას აქამდეც უკავშირებდნენ აუტოიმუნური დაავადებების - რევმატოიდული ართრიტის, ცელიაკიის - და I ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
ამერიკის კეროვანი ალოპეციის ნაციონალური ფონდის მონაცემების თანახმად, ამ დაავადებას მოსახლეობის 2% უჩივის, თანაც ერთნაირი სიხშირით არის გავრცელებული ქალებსა და მამაკაცებში. აშშ-ში ბუდობრივი ალოპეციით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა გენეტიკურ დონეზე ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად და გამოთქვეს იმედი, რომ გამოკვლევა მედიცინის სამყაროს კეროვანი ალოპეციის სამკურნალო ეფექტური საშუალების შექმნაში დაეხმარება. სხვათა შორის, ამავე მეცნიერებმა მცირე ხნით ადრე გამელოტების მემკვიდრეობითი ფორმის განვითარების გენეტიკური მექანიზმი აღმოაჩინეს. კერძოდ, გაარკვიეს, რომ APCDD1 გენი ბლოკავს იმ ცილის სინთეზს, რომელიც ორგანოებისა და ქსოვილების ფორმირებისა და განვითარების, მათ შორის - თმის ზრდისა და ცვენის, პროცესებს არეგულირებს.
D ვიტამინი გრიპის განვითარების რისკს ამცირებს
გაირკვა, რომ სულ უბრალო რამ - D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება და მზის აბაზანები - ხელს უშლის გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციური დაავადებების განვითარებას, ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ასეთი დასკვნა გამოიტანა იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და კონეკტიკუტის გრინვიჩის საავადმყოფოს მეცნიერთა ჯგუფმა.
იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორის, დოქტორ ჯეიმს საბეტას თქმით, სამხრეთისა და დასავლეთის მკვიდრნი უფრო მეტ მზის სხივს იღებენ, ვიდრე ჩრდილოელები, რაც ძალიან კარგია, რადგან დ ვიტამინი მზეზე წარმოიქმნება.
2009-2010 წლების შემოდგომაზე და ზამთარში მეცნიერები 198 ჯანმრთელ ადამიანს აკვირდებოდნენ, რათა გაერკვიათ, იყო თუ არა ამ პერიოდში დ ვიტამინის ნაკლებობა რესპირატორული ვირუსული დაავადებების გახშირების მიზეზი. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომელთაც სისხლში დ ვიტამინი მილილიტრზე 38 ნანოგრამი და მეტი ჰქონდათ, გრიპით უფრო იშვიათად ავადდებოდნენ. ასეთი მაჩვენებელი აღმოაჩნდა 18 ადამიანს. მათგან კვლევის პერიოდში ვირუსული ინფექცია მხოლოდ 3-ს შეხვდა, ისიც - მსუბუქი ფორმა, და სამივე მალე გამოჯანმრთელდა, დანარჩენი 180 მონაწილიდან კი 81 (45%) დაავადდა.
მზის აბაზანებსა და D ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად სპეციალისტები D ვიტამინის მედიკამენტური ფორმით მიღებასაც გვირჩევენ, მეტადრე - თუ დღის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობაში ვატარებთ. მათი თქმით, ეს წაადგება ჩვენს ჯანმრთელობას და შეამცირებს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით ავადობის რისკს.
ინდური ბიჟუტერია ტყვიით მოწამვლას იწვევს
საიუველირო სამკაულების იმიტაცია ბევრს იზიდავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა საფრთხეს უქადის იგი ჯანმრთელობას. ბიჟუტერია შეიცავს ტყვიას, რომელიც ორგანიზმს წამლავს. ასეთი დასკვნა გამოიტანა NGO თოხიც Link-მა ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე. როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა, ტყვიას უმთავრესად ის საღებავები და პიგმენტები შეიცავს, რომლებითაც ბიჟუტერიას ღებავენ. სპეციალისტებმა დელის მაღაზიებში რანდომული პრინციპით შერჩეული 54 სახეობის ბიჟუტერია გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მათში ტყვია დადგენილ ნორმასთან შედარებით საგრძნობლად მეტი იყო. მკვლევართა ჯგუფს განზრახული აქვს, ეს მონაცემები ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნოს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ბავშვებში შიზოფრენიისადმი წინასწარი განწყობა გამოავლინეს
კოლუმბიისა და წმინდა კაროლინის უნივერსიტეტების თანამშრომელთა აზრით, შიზოფრენიასთან დაკავშირებული ტვინის დაზიანება დაბადებიდან სულ რამდენიმე კვირაში ვლინდება. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეასე ადამიანი შიზოფრენიით არის შეპყრობილი. ამ დაავადების ამოცნობა უმეტესად შეუძლებელია, ვიდრე ადამიანს მოზარდ ან ზრდასრულ ასაკში არ გამოაჩნდება სპეციფიკური სიმპტომატიკა - ბოდვა, ჰალუცინაცია, მაგრამ ამ დროისთვის დაავადება უკვე შორს არის წასული და ძნელი სამკურნალოა.
ამერიკელ მეცნიერთა აღმოჩენა ბავშვებში შიზოფრენიისადმი განწყობის დადგენის საშუალებას იძლევა. ულტრამაღალი ბგერებისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომორაფიის საშუალებით მკვლევრებმა გამოიკვლიეს 26 ისეთი ბავშვის ტვინი, რომელთა მშობლებსაც შიზოფრენია სჭირდათ (შეგახსენებთ, რომ ბავშვებში, რომელთა უახლოესი ნათესავი შიზოფრენიით არის დაავადებული, ამ დარღვევის განვითარების ალბათობა 10-დან ერთია).
მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ შიზოფრენიისადმი გენეტიკურად განწყობილ ბიჭებს ტვინი ჯანმრთელი მშობლების შვილებზე დიდი ჰქონდათ, გოგონებში კი ეს განსხვავება არ გამოვლენილა. ალბათ იმიტომ, რომ შიზოფრენია უფრო ხშირად და რთულად მამაკაცებში ვლინდება. მეცნიერებს განზრახული აქვთ, დააკვირდნენ ბავშვებში მეხსიერების, მეტყველებისა და მოძრაობის დარღვევათა განვითარებას. ეს მათ დაეხმარება, ზუსტად დაადგინონ, როდის იწყება ტვინის პათოლოგია.
ახალგაზრდა ქალს პნევმონიით გარდაცვლილის ფილტვები გადაუნერგეს
28 წლის ბრიტანელ ქალს 30-წლიანი სტაჟის მქონე მწეველის ფილტვები გადაუნერგეს. ფილტვების ფიბროზით დაავადებულ ლინდსი სკოტს შარშან, თებერვალში, ფილტვის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისთვის არ უთქვამთ, რომ ფილტვების დონორი იყო ქალბატონი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ეწეოდა და რომელიც პნევმონიით გარდაიცვალა. ეს რომ შეიტყო, პაციენტმა დიდი ბრიტანეთის ტრანსპლანტაციის სამსახურებს უჩივლა. პასუხად კრის რაჯმა, ქვეყნის მთავარმა ტრანსპლანტოლოგმა, განაცხადა: პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ "ახალთახალ" ორგანოებს არ უნერგავენ, მწეველის ფილტვებს კი შესწევს უნარი, სავსებით ნორმალურად იმუშაოსო.