საზარდულის თიაქარი და მისი მკურნალობა
მკითხველს უპასუხებს თსსუ-ის პედიატრიული კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა ქირურგი პოლიკარპე დოლიძე:
- თვითგანკურნება გამორიცხულია. თიაქარი თავისით არ იკურნება, მით უმეტეს - 10 წლის ასაკში. აქ აუცილებლად ოპერაციული ჩარევა უნდა მოხდეს.
- საზოგადოდ, როდის უნდა დიაწყოს საზარდულის თიაქრის მკურნალობა და რა მეთოდით?
- მიღებულია, რომ როდესაც დაისმება თიაქრის დიაგნოზი, მკურნალობაც მალევე დაიწყოს. თიაქრის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები არ არსებობს, აუცილებლად ოპერაცია უნდა გაკეთდეს.
- ჩვილ ასაკშიც?
- ჩვილ ასაკში - მით უმეტეს. უნდა გაკეთდეს სასწრაფო გეგმური ოპერაცია, რომ თიაქარი არ ჩაიჭედოს.
- მკითხველის შეკითხვას დავუბრუნდები: საინტერესოა, თიაქარი აქამდე ფარული იყო თუ ათი წლის ასაკში განვითარდა?
- გამორიცხულია, ბავშვს თიაქარი ათი წლის ასაკში შეეძინა. ეს თანდაყოლილი დაავადებაა.
- დაგვიანებული ხომ არ არის ოპერაცია?
- როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაცია მაშინვე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა არც ახლაა გვიანი.
- შეიძლება თუ არა თიაქრის სამკურნალოდ ბანდაჟის გამოყენება?
- არ შეიძლება. ეს დადებით შედეგს არ გამოიღებს, მხოლოდ შეხორცებებს გამოიწვევს. პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ბანდაჟის ტარების შემდეგ ოპერაციული ჩარევა გაცილებით ძნელია. ოპერაცია რაც უფრო ადრე გაკეთდება, მით უფრო ეფექტიანი იქნება, რადგან ბავშვს რეგენერაციის ძლიერი უნარი აქვს და მუცლის წინა კედელი უფრო ადვილად უხორცდება.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თიაქრის ოპერაციას?
- უწინარესად - რეციდივი. შესაძლოა, თიაქრის პარკი კარგად არ გამოიყოს, არ გადაიკვანძოს, გაიხსნას ყელთან დადებული ნაკერი და ეს იყოს რეციდივის მიზეზი. შესაძლოა, ჭრილობა დაჩირქდეს, თუმცა ეს თიაქრის ოპერაციის სპეციფიკური გართულება არ არის - ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ამბობენ, ბავშვს ოპერაცია მარჯვნივ გაუკეთეს, თიაქარი კი მარცხენა მხარეს ჩამოუვიდაო. ასეთ დროს სავარაუდოა, რომ ბავშვს ორმხრივი თიაქარი ჰქონდა, მაგრამ მეორე მხარე ექიმს შეუმჩნეველი დარჩა; ცალი მხარე რომ დაიხურა, მუცლის ღრუში წნევამ მოიმატა და თიაქარი მეორე მხარეს ჩამოვიდა.
- ემართებათ თუ არა საზარდულის თიაქარი გოგონებს?
- ემარტებათ. გოგონებში საზარდულის თიაქარი იმით არის საინტერესო, რომ შემთხვევათა 2/3-ში მისი შიგთავსი საკვერცხეა. საკვერცხე შესაძლოა სრულიად უმტკივნეულოდ ჩამოვიდეს და ჩაიჭედოს, რაც მომავალში მის დანეკროზებას გამოიწვევს. ამიტომ ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, დიაგნოზის დასმის შემდეგ ოპერაცია რაც შეიძლება მალე გაკეთდეს.
- რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?
- ახალშობილისა და ჩვილის ტირილის, ჭინთვის დროს შებერილი უბნის წარმოქმნამ მშობლების ყურადღება უნდა მიიპყროს. წარმონაქმნი ზეწოლისას ადვილად ბრუნდება მუცლის ღრუში და გამოსცემს დამახასიათებელ ყურყურს. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ საქმე გვაქვს თიაქართან. ბიჭებში ეს წარმონაქმნი შეიძლება იყოს ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, რომელიც თიაქართან შედარებით მოძრავია, უმტკივნეულო და ზეწოლისას ყურყურს არ გამოსცემს.
- სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობის შემთხვევაში, გარდა თქვენ მიერ აღწერილი ნიშნებისა, რას შეიძლება მიექცეს ყურადღება?
- იმ მხარეს, საითაც სათესლე ჯირკვალი არ არის ჩამოსული, სათესლე პარკი ცარიელია, განუვითარებელია. დედას, რომელიც ყურადღებიანია და ბავშვს ყოველდღე ბანს, ეს არ გამოეპარება. იშვიათია, რომ ორივე სათესლე პარკი იყოს განუვითარებელი. დაავადება უმეტესად ცალმხრივია. უფრო ხშირია მარჯვენა სათესლე პარკის განუვითარებლობა.
- სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობის შემთხვევაში, თუ ბავშვს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაეწია, რა შეიძლება მოხდეს?
- პირველ რიგში - სათესლე ჯირკვლის ატროფია. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მუცელში ან საზარდულის არხში დატოვებული სათესლე ჯირკვალი სიმსივნურ გადაგვარებას განიცდის. სათესლე ჯირკვალი მამაკაცის ყველაზე სათუთი ორგანოა. ის ვერ იტანს სითბოს, ზეწოლას. მუცლის ღრუში არსებული 37-38 გრადუსი ტემპერატურა სპერმატოგენეზისთვის დამღუპველია, ამიტომ უშვილობის პრობლემამაც შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ჩამოუსვლელი ჯირკვლის ფუნქცია მეორემ აიღოს საკუთარ თავზე. სათესლე ჯირკვალზე თბილი საფენის დადება არ შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ცივ საფენებს ვურჩევთ.
- შესაძლებელია თუ არა საზარდულის არხის დახურვა? თუ შესაძლებელია, რა ასაკში?
- ბავშვთა ქირურგიაში საზარდულის არხის რამდენიმე სახის პლასტიკაა მოწოდებული, მაგრამ თუ ოპერაციული ჩარევა ადრეულ ასაკში მოხდა, სერიოზული პლასტიკა საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ სათესლე პარკის გამოყოფა და მისი კარგად დამუშავება. დროულად გაკეთებული ოპერაცია სრული გამოჯანმრთელების საწინდარია.