ყველაფერი ტესტოსტერონის შესახებ
მათ ზოგჯერ სტეროიდებსან ანაბოლურ სტეროიდებს უწოდებენ. მამაკაცთა ტესტოსტერონი სათესლეებში იწარმოება, ამ პროცესს კი აკონტროლებს ჰიპოთალამუსი ან ჰიპოფიზი. ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზს აძლევს „მითითებას“, რამდენი ტესტოსტერონია აუცილებელი, ჰიპოფიზი კი ამ შეტყობინებას სათესლეებს გადასცემს.
ტესტოსტერონის ძირითადი როლი ისაა, რომ ის მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ორგანოების განვითარებაში დაბადებამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში - მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებისას (ხმის ცვლილება, პენისის ზომის გაზრდა, სხეულსა და სახეზე თმის ზრდა).
მეიოს კლინიკის მონაცემებით, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონი სქესობრივ აქტივობაში, სპერმის წარმოებაში, ორგანიზმში ცხიმის განაწილებაში, ერითროციტების წარმოებასა და კუნთური ძალისა და მასის შენარჩუნებაში. ტესტოსტერონს უკავშირებენ მამაკაცთა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკასაც. ქალებთან ტესტოსტერონს გამოიმუშავებს საკვერცხეები და თირკმელზედა ჯირკვალი, თუმცა, ჰორმონის საერთო დონე ქალის ორგანიზმში 10-20-ჯერ ნაკლებია მამაკაცისაზე.
ტესტოსტერონის მაღალი და დაბალი მაჩვენებელი
ტესტოსტერონის დონე ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად მცირდება, მაგრამ მისი დაბალი მაჩვენებელი ჯერჯერობით საკამათოა. თუმცა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევით, ტესტოსტერონის დონე შეიძლება შეიცვალოს დღე-ღამის განმავლობაში - დილით მომატებულია, საღამოს კი ქვეითდება.
რითია საშიში დაბალი ტესტოსტერონი? ამან შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცთა სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, სპერმადოზოიდების რაოდენობის შემცირება, კუნთური მასის დაკარგვა, ძვლების სიმკვრივის დაქვეითება, გაღიზიანება და დეპრესია, ერექციული დისფუნქცია და იმპოტენციაც კი.
ყველა ეს სიმპტომი ტესტოსტერონის კრიტიკულად დაბალ დონეს უკავშირდება. ტესტოსტერონის მაღალი დონე შედარებით უსაფრთხოა მამაკაცთათვის, ქალებს კი შესაძლოა პრობლემები შეუქმნას.
ჰორმონის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ქალის სხეულზე თმის ზრდა, აკნე, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. ქალებს, რომელთაც საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი აქვთ, აღენიშნებათ მამაკაცის ჰორმონების, მათ შორის, ტესტოსტერონის მაღალი დონე, რაც შეიძლება უნაყოფობის მიზეზიც იყოს.
ტესტოსტერონის თერაპია - ტესტოსტერონის ძალიან დაბალი დონის დროს გამოიყენება სპეციალური ტესტოსტერონის თერაპია (გელები, ინექციები). ექსპერტების თქმით, მსგავსი მკურნალობა ხანდაზმულ მამაკაცთა ტესტოსტერონის უკმარისობისას ზრდის სქესობრივ ძალასა და ლტოლვას. თუმცა, ხშირად ერექციული დისფუნქციის სიმპტომები განპირობებულია სხვა მდგომარეობით, მათ შორის - დიაბეტით, დეპრესიით. ამ შემთხვევაში, ჰორმონულმა მკურნალობამ შესაძლოა ავნოს კიდეც ორგანიზმს.
სადავო საკითხია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ტესტოსტერონით თერაპია შეიძლება სასარგებლო იყოს არა მარტო სექსუალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, არამედ სერიოზული დაავადებების სამკურნალოდაც. მაგალითად, ადრე ფიქრობდნენ, რომ ტესტოსტერონის ინექციები მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითებისას ეხმარება, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ ამგვარი მკურნალობა მეხსიერების გასაუმჯობესებლად უსარგებლოა.
არსებობს ვერსიაც, რომ ტესტოსტერონი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ანემიისა და ძვლის ქსოვილის სიმკვრივის სამკურნალოდ, თუმცა, ამ მეთოდის ეფექტიანობაც საეჭვოა.