მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

24 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია-სემინარი სახელწოდებით "ტუბერკულოზთან ბრძოლა გრძელდება". სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, სტუდენტური თვითმმართველობა, ევროპის სტუდენტ-მედიკოსთა ასოციაცია, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია.

ღონისძიება გაიმართა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის (MSCI) მხარდაჭერით, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის პროგრამას ახორციელებს.

სემინარს ესწრებოდა საპატიო სტუმარი, როლინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ჰენრი ბლუმბერგი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტუბერკულოზის პრობლემა პენიტენციარულ სისტემაში, სადაც დღესდღეობით მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა, და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში მკურნალობა, დიაგნოსტიკა და საჭირო - პირველი თუ მეორე რიგის - მედიკამენტები უფასოა. თითოეული ადამიანის ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, ცოდნა, გულისხმიერება და ხელგაშლილობა დაამარცხებს ტუბერკულოზს ჩვენს ქვეყანაში!

სარძევე ჯირკვლის კიბო შვილის გაჩენას ხელს არ უშლის

ბრიუსელის ბორდეს სახელობის ინსტიტუტის ონკოლოგიური განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქალებს, რომლებმაც სარძევე ჯირკვლის კიბო გადაიტანეს, შეუძლიათ ბავშვების გაჩენა - ორსულობა მათ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.

სარძევე ჯირკვლის კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებშია გავრცელებული. ბუნებრივია, რომ პაციენტებს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის დასრულების შემდეგ შვილის გაჩენის სურვილი უჩნდებათ. მაგრამ მეცნიერებმა არ იცოდნენ, რამდენად უსაფრთხო იყო ასეთი ქალებისთვის ორსულობა და მშობიარობა - ეჭვობდნენ, რომ ორსულობასთან დაკავშირებულ ჰორმონულ ცვლილებებს შეეძლო, კიბოს რეციდივი, თანაც უფრო აგრესიული ფორმისა, გამოეწვია.

ეჭვის გასაფანტავად ონკოლოგებმა 1970-2009 წლებში ჩატარებული 14 გამოკვლევის შედეგები გააანალიზეს, რომლებიც 1417 კიბოგადატანილი ორსულისა და 18059 კიბოგადატანილი არაორსულის შესახებ შეიცავდა ინომაციას. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებს შორის, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის შემდეგ დაორსულდნენ, სიკვდილიანობა 42%-ით ნაკლები იყო, ვიდრე იმ ქალებს შორის, რომლებიც ავადმყოფობის შემდეგ აღარ დაორსულებულან. სპეციალისტებმა დაასკვნეს: კიბოგადატანილ ქალს ბავშვის გაჩენა არავითარ საფრთხეს არ უქადის.

ვაშლი კოლორექტალური კიბოს რისკს ამცირებს

პოლონეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კვების რაციონში ვაშლის შეტანა კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს კოლორექტალური კიბოს მქონე 592 პაციენტისა და იმავე საავადმყოფოში მწოლი, მაგრამ არა ონკოლოგიური პროფილის 765 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაირკვა, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტები - კვირაში 9,5 ულუფა ვაშლს ჭამდნენ, კიბოს არმქონე პაციენტები კი 11 ულუფას. კიბოს განვითარების ნაკლები ალბათობა აღმოაჩნდათ იმ პაციენტებს, რომლებიც დღეში ერთ ვაშლს მაინც მიირთმევდნენ, თანაც რისკი ვაშლის ოდენობის უკუპროპორციული იყო. საინტერესოა, რომ სხვა ხილსა და ბოსტნეულს ასეთი ეფექტი არ მოუხდენია.

მკვლევართა აზრით, ვაშლის ამგვარ ზემოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ფლავონოიდები, რომლებიც ანტიოქსიდანტების როლში გამოდის. ამ ნივთიერებებს ყველაზე უხვად ვაშლის კანი შეიცავს, ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, ვაშლი გაუთლელად ვჭამოთ. ფლავონოიდები თავისუფალ რადიკალებს არ აძლევს ქსოვილების დაზიანების საშუალებას, რითაც ხელს უშლის კიბოს განვითარებასა და უჯრედების პროლიფერაციას.


D ვიტამინი გულის დაავადებათა პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი საშუალებაა

Intermountain Medical Center Heart Institute-ის (აშშ) კარდიოლოგების აზრით, D ვიტამინით მდიდარი კვების რაციონი შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა აღმოჩნდეს.

ექიმებმა D ვიტამინის დეფიციტსა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს შორის კავშირი აღმოაჩინეს და ამის საფუძველზე ივარაუდეს, რომ ამ ვიტამინით მდიდარი კვებითი დანამატების გამოყენებამ შესაძლოა ადამიანი გულის დაავადებებით გამოწვეული პრობლემებისგან დაიცვას.

D ვიტამინის ზემოქმედება 9 ათასზე მეტ პაციენტზე შეისწავლეს. გამოკვლევის შედეგების თანახმად, D ვიტამინის უხვი მიღების ფონზე გამოკვლევის მონაწილეთა 47%-ს შეუმცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა. მეორე გამოკვლევამ, რომელშიც 31 ათასი კაცი მონაწილეობდა, ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვიტამინოვან დანამატებს იღებდნენ, დაბალი ჰქონდათ არა მარტო გულის დისფუნქციის, არამედ დიაბეტის, გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დეპრესიისა და თირკმლის დაავადებების განვითარების რისკი.

კლინიცისტების თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა D ვიტამინის მეშვეობით ადვილი დასაწყებია: საკმარისია სისხლის ანალიზის ჩაბარება, რათა ორგანიზმში ამ ნივთიერების კონცენტრაცია განისაზღვროს; მისი ნაკლებობის შემთხვევაში კი შეიძლება დაწყებულ იქნეს ვიტამინოვანი დანამატების ან მზის აბაზანების მიღება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის კვალობაზე, D ვიტამინის დღიური ოდენობა შესაძლოა 1 000-დან 5 000-მდე საერთაშორისო ერთეულის (სე) ფარგლებში მერყეობდეს. ვიტამინოვანი დანამატების უმრავლესობა 400 სე D ვიტამინს შეიცავს. სინათლის სხივების 20-30-წუთიანი ზემოქმედება კანს D ვიტამინის 10 ათასი სე-ით უზრუნველყოფს, თუმცა ექიმები შეგვახსენებენ, რომ საჭიროა, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი და ზაფხულში მზის გულზე ყოფნას თავი ვარიდოთ.

მოწევა ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის

ანევრიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილებისას მოწევა ზრდის თავის ტვინში ანევრიზმის განვითარების რისკს. ცინცინატის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმით დაავადებულმა და ანევრიზმის ოჯახური ანამნეზის მქონე 406-მა პაციენტმა და 392-მა საკონტროლო პირმა. გაირკვა, რომ მოწევა ანევრიზმის განვითარების რისკს 5-ჯერ ზრდის.

სელენი მამაკაცებს დიაბეტისგან იცავს

სადავო რჩება სელენის როლი დიაბეტის განვითარებაში: რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, ეს ნივთიერება დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი საპირისპირო აზრისაა და ამტკიცებს, რომ სელენს, პირიქით, შესწევს უნარი, ადამიანი ამ დაავადებისგან დაიცვას. გამოკვლევამ, რომელიც მონპელიეს უნივერსიტეტში ჩატარდა, ცხადყო, რომ მამაკაცებს, რომელთაც სისხლის პლაზმაში სელენის მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებათ, დისგლიკემიისადმი (სისხლში შაქრის შემცველობის პათოლოგიური ცვლა) მიდრეკილება სხვებზე ნაკლებად აქვთ გამოხატული.

ფრანგი მეცნიერები 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1 163 ჯანმრთელ მამაკაცსა და ქალს და ერთმანეთს ადარებდნენ მათ ორგანიზმში სელენისა და შაქრის შემცველობას. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შუახნისა და ასაკოვან მამაკაცებს, რომელთაც სისხლში სელენის მაღალი (1,19-1,97 მკმოლ/ლ) კონცენტრაცია ჰქონდათ, დიაბეტისადმი მიდრეკილებაც კი არ აღენიშნებოდათ. ცხრაწლიანი კვლევის განმავლობაში დისგლიკემიის 127 ახალი შემთხვევა (70 მამაკაცი და 57 ქალი) აღირიცხა.

საინტერესოა, რომ სელენის დამცავი ზემოქმედება მხოლოდ მამაკაცებში იქნა შემჩნეული. როგორ გავლენას ახდენს სელენი ქალის ორგანიზმზე, უცნობია.

ოპტიმიზმი იმუნიტეტს ასტიმულირებს

თურმე ოპტიმიზმი მარტო ფსიქოლოგიურ კი არა, ფიზიკურ სიჯანსაღესაც განაპირობებს. ლუისვილის (აშშ) უნივერსიტეტის კლინიცისტებმა შეამჩნიეს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები მართლაც უკეთ გრძნობენ თავს. მაგალითად, ის, ვისაც გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ სწრაფი გამოჯანმრთელებისა სჯერა, სხვებთან შედარებით მართლაც მალე გამოკეთდება ხოლმე. მაგრამ უცნობია ჯანმრთელობაზე ოპტიმიზმის დადებითი და პესიმიზმის უარყოფითი გავლენის მექანიზმი. მეცნიერებმა 124 სტუდენტი გამოიკვლიეს - ჯერ მათი ბუნების დასადგენად გამოკითხვა მოუწყვეს, მერე კი ყველას გაუკეთეს ინექცია, რომელსაც იმუნური პასუხი უნდა გამოეწვია. ორი დღის შემდეგ მედიკოსებმა სტუდენტები ისევ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ოპტიმისტურად განწყობილ სტუდენტებს ინექციაზე იმუნური პასუხი გაცილებით ძლიერი ჰქონდათ, პესიმისტებს კი სუსტი. შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ოპტიმიზმს ზოგიერთი ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტის ამაღლება შეუძლია.