"მკურნალის" მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი, მკითხველს მიმართავს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
შემთხვევათა 99,5%-ში მიდის, როგორც ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ძალიან გტკივათ ყელი, ზოგჯერ - სახსრებიც, ცხვირიდან სუნთქვა გიჭირთ, ეს თქვენს სიცოცხლეს არავითარ საშიშროებას არ უქმნის და ძალიან მალე ყველაფერი გაგივლით.
ახლა ძალიან ჭირს ექიმთან დაკავშირება, ამიტომ ნუ ჩავარდებით პანიკაში ელემენტარული პრობლემების გამო, ვიმოქმედოთ გამოვლენილი სიმპტომების შესაბამისად: თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (იბუპროფენი, პარაცეტამოლი). გაითვალისწინეთ, რომ იბუპროფენი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და არ შეიძლება მისი მიღება უზმოზე - აუცილებლად ჭამის მერე უნდა დალიოთ.
თუ ტემპერატურა არ გემორჩილებათ, დამწევი პრეპარატის განმეორებით მიღება შეგიძლიათ 2 საათში, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. მიიღეთ ცხელი სასმელები - უებარია სიცხის დროს ჟოლოიანი ჩაი, ასევე მოცხარის, ცაცხვის ჩაი.
თუ ყელის გაუსაძლისი ტკივილი გაქვთ, ესეც ნუ შეგაშფოთებთ, მაქსიმუმ 2 დღეში გაგივლით, ამ ორი დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სავლები საშუალებები (მარილიანი, სოდიანი თბილი ხსნარები, სალბის სავლები, ევკალიპტის ნაყენი). ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ ყოველ 1 საათში ერთხელ მაინც ჩაის კოვზის წვერით აღებულ თაფლს ჩაწუწნით, თუ უფრო ხშირადაც გააკეთებთ ამას, უკეთესი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თაფლზე ალერგია არ უნდა გქონდეთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელის საწუწნი აბები, რომელთა არჩევანი საკამოდ დიდია აფთიაქში. ძლიერი ტკივილისას მიაშველეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც.
ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება ვირუსული ინფექციის დროს არ შეიძლება. ის ინიშნება მხოლოდ გართულების რისკის დროს. თუ ხართ ქრონიკული პათოლოგიების მქონე, თუ ომიკრონის სიმპტომები ძალიან გაგიგრძელდათ, თუ მაღალი ტემპერატურა (38.5-ზე მეტი) გრძელდება 3 დღის განმავლობაში და არ ემორჩილება დამწევებს, შესაძლოა სწორედ მეორეული გართულების (ბაქტერიული ანთების) საშიშროება იდგეს და ასეთ დროს საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნა. სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი ექიმის ჩარევა და დარეკეთ სასწრაფოში ან ოჯახის ექიმს დაუკავშირდით.
თუ ხველა გაწუხებთ, აუცილებლად მიაშველეთ ამოსახველებელი საშუალებები. სხვათა შორის, ამ დროსაც ძალიან კარგია მცენარეული ნაყენები: ვირისტერფას ან ქონდრის ჩაი.
თუ ცხვირით სუნთქვა გაქვთ გაძნელებული, ყველაზე უკეთესი საშუალება ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებაა, უკიდურეს შემთხვევაში კი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ე.წ. ცხვირის წვეთებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეფექტურია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებაც.
დაანებეთ თავი სატურატორების წამდაუწუმ გამოყენებას! ომიკრონის დროს ფილტვები არ ზიანდება!
ბევრი პაციენტი, რომელიც ემოციურ ფონზე ვერ იზომავს სწორად სატურაციას და დაბალ ციფრებს ნახულობს, ამის გამო ისეთ პანიკაში ვარდება, რომ ვეღარანაირი დამამშვიდებელი ვერ შველის. სატურაცია დაბალ ციფრს გაჩვენებთ, თუკი ცივ თითზე გაიზომავთ, თუკი გაზომვისას ძალიან ნერვიულობთ და ძლიერი სპაზმი გაქვთ, თუკი არასწორად მოათავსებთ თითს სატურატორში. რეალურად დაბალი სატურაციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ჰაერის უკმარისობა, უჭირდეს სუნთქვა, იღლებოდეს საუბრის დროს, ქოშინებდეს. ცრუ დაბალი მაჩვენებელი რომ არ მიიღოთ, გაითბეთ თითი კარგად, დამშვიდდით, წამოწექით, რამდენჯერმე გაიზომეთ, დაელოდეთ და ყველაზე მაღალი ციფრი რაც დაიწერება, ის იქნება თქვენი სატურაცია, რადგან ცრუ მაღალ ციფრს ვერ დაწერს სატურატორი, ცრუ დაბალი კი საკმაოდ ხშირია არასწორი გაზომვისას.
კიდევ ერთი აუცილებელი საკითხი: როგორც გითხარით, ომიკრონი, დელტასგან განსხვავებით, ფილტვებს არ აზიანებს, ამიტომ, შესაბამისად, აღარ გჭირდებათ ფილტვების კატე-კვლევა და თუ არ გაქვთ არავითარი სიმპტომი, რომელიც ფილტვის დაზიანებაზე მიუთითებს, ნუ მოითხოვთ ექიმისგან ამ კვლევის ჩატარებას.
ერთადერთი გაფრთხილება, რომელსაც გვაძლევენ ინფექციონისტები, ეხება დ -დიმერის მაჩვენებელს, რომელიც ომიკრონის გადატანის შემდგომ პერიოდში მატულობს ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა საბოლოო კვლევა ამის შესახებ არ გვავქს. ყოველი შემთხვევისთვის, კარგი იქნება, თუ ამ მაჩვენებელს გავაკონტროლებთ.
მეგობრებო, ეპიდემიოლოგთა მოსაზრებები ამ ეტაპზე განსხვავებულია, მაგრამ ყველანაირი ლოგიკით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ომიკრონის გავრცელება და ასეთი სიმძიმე შეინარჩუნა ინფექციამ, ძალიან მალე პანდემია დასრულდება. ასეთია ზოგადად პანდემიების ლოგიკური დასასრული.
თუ კონკრეტულად რამე კითხვა გაქვთ და ექიმს ვერ უკავშირდებით, დაწერეთ სტატიის კომენტარებში და შევეცდებით დაგეხმაროთ.
რაც ყველაზე მთვარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე!
ჯანმრთელობას გისურვებთ!