სიახლეები

ექიმი თოჯინა

ექიმი თოჯინა

პატარას რაღაცის ეშინია! როგორ მოვიქცეთ, რის დახმარებით დავძლიოთ შიში? რა თქმა უნდა, თოჯინა დაგვეხმარება!

სამწუხაროდ, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა 4-5 წლის ბავშვი ეჭვის თვალით უყურებს საკვებს და მაქსიმალურად ცდილობს, როგორმე არ ჩაყლაპოს ხახვი, მწვანილი... წვნიანის დანახვისას თვალები ცრემლით ევსება, ხოლო ჭამა საათნახევარი გრძელდება... რა არის ასეთი შიშის მიზეზი და როგორ შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ? რა თქმა უნდა, მსგავსი შიშის ფორმირება მიუთითებს, რომ პატარა ძალიან მგრძნობიარეა, შესაძლოა, ეჭვიანიც. სპეციალისტების აზრით, ასეთი შიში ჩვენი უმთავრესი შიშის - სიკვდილის შიშის შედეგია.

სიკვდილის შიშის ფორმირება

სწორედ 5 წლის ასაკისთვის ხდება. სწორედ ამ ასაკში უჩნდებათ პატარებს სიკვდილისადმი ინტერესი. რატომ კვდება ადამიანი, როდის, როგორ, რანაირად ავიცილოთ თავიდან საკუთარი და ახლობელი ადამიანის სიკვდილი? ზემოთ აღწერილი და მისი მსგავსი ნევროზული რეაქციების საფუძველი სწორედ სიკვდილის შიშია. კონკრეტულად რომელ შიშში იჩენს თავს სიკვდილის შიში, ბავშვის ცხოვრებისეულ
გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ პატარა მოისმენს ისტორიას, რომ ვიღაც კინაღამ დაიხრჩო ან თავად მას გაეჩხირება ყელში საკვების ნაწილაკი და ჩნდება მწვანილისა თუ ხახვის შიში... არის შემთხვევები, როცა პატარები ოჯახის  წევრისა თუ ახლობლის სიკვდილზე ასეთი შიშით რეაგირებენ.

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი?
ჯობს, ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ახირებას. დედა არ უნდა ბრაზობდეს შვილის ჭირვეულობის გამო და უნდა ცდილობდეს, ნელ-ნელა `მიაჩვიოს~ ის ჩვეულებრივად ჭამას. დამაჯერებლად უნდა აუხსნას, რომ ხახვი და მწვანილი სასარგებლოა, ადამიანისთვის აუცილებელია და თუ უცებ არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, არაფერია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შიშს მხოლოდ მაშინ დავძლევთ, თუ იმას გავაკეთებთ, რისიც გვეშინია. საუკეთესო `ექიმი~ კი ასეთ სიტუაციაში თოჯინაა. ითამაშეთ `სადილობანა~. ჯერ თოჯინას აჭამეთ, მერე როლები გაინაწილეთ და ბავშვი თოჯინის ნაცვლად ალაპარაკეთ. ჯერ შვილს მოაყოლეთ, რატომ არ სურს თოჯინას ჭამა, შემდეგ თავად აღწერეთ საკუთარი ემოციები, თქვით, რომ დედა ძალიან ბედნიერი და ამაყია, რადგანაც `შვილი~ (ამ შემთხვევაში - თოჯინა) კარგად ჭამს. ასე ითამაშეთ ყოველდღე. თუ რამდენიმე კვირაში შიშს ვერ სძლიეთ, ფსიქოლოგს მიმართეთ.